"შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა, განა სუყველას სმა უნდა. ენაზე მომდგარ სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა!..." - ეს ფრაზა ინტერვიუს მსვლელობისას გაიხსენა ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ჩვეულებისამებრ, ზომიერად, მაგრამ კრიტიკულად შეაფასა საქართველოში შექმნილი ვითარება და ის პროცესები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
- ბატონო ედუარდ, როგორ შეიძლება შეფასდეს მეთოდები, რომლებსაც ხელისუფლება იყენებს თავისი ოპონენტის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? ახლახან მას მილიონობით ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონების დაყადაღებითაც დაემუქრნენ...
- ეს არის უზნეობა და დანაშაული. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავ პოლიტიკოსთან თუ მთავრობასთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ასეთი რამ არც მინახავს და არც მსმენია. ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანი დაგმობდა მსგავს საქციელს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის და ამ ფაქტებს აუცილებლად გამოეხმაურებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაუმსახურებელი დევნა მხოლოდ საქართველოს საქმე არ არის, ეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ყურადღებას მიიქცევს. თავის დროზე, მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, მაგრამ ჩაერივნენ ელჩები, ჩაერია ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება იძულებულებული შეიქნა, შეეტანა ცვლილებები კონსტიტუციაში. მაგრამ ივანიშვილი ამ შემთხვევაშიც ღირსეულად მოიქცა და მასზე მორგებულ კონსტიტუციურ ცვლილებებზე უარი განაცხადა! იმედი მაქვს, რომ მას მომავალშიც დაიცავს საზოგადოების თანადგომა.
- "ქართული ოცნების" აქციებზე თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში უამრავი ხალხი მივიდა. თქვენი აზრით, რისი ნიშანია ეს?
- ერთადერთი რამის - საზოგადოება მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და მან უკვე მოიპოვა ქართველი ხალხის ნდობა და აღიარება. ძალიან მახარებს ის, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში, გურიაში ივანიშვილი ძალიან თბილად მიიღეს. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს კაცი ბევრ სიკეთეს აკეთებდა, თანაც ისე, რომ ვერავინ იგებდა. ადრეც მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ: რომ არა ბიძინა ივანიშვილის მონდომება და მამულიშვილობა, სამების ტაძარი ახლაც არ იქნებოდა აშენებული! არ გაკეთდებოდა უამრავი კეთილი საქმე. რა გასაკვირია, რომ სიკეთემ ნაყოფი გამოიღოს?
- თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს ამჟამინდელი ხელისუფლება უარყოფითად აფასებს, უფრო მეტიც, "სიბნელის ხანას" უწოდებს, რას გვეტყოდით ამის შესახებ?
- რაც უნდა თქვან, ვერ უარყოფენ, რომ ყველანაირად ვცდილობდი, ხელი შემეწყო ჩვენი ხალხისთვის. მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში უმთავრესი ადგილი ეკავა. ბევრი გაჭირვებული ადამიანი იდგა ქუჩაში და ამ გზით ოჯახს არჩენდა, მე ისინი არ ამიყრია, თუმცა მეც არ მომწონდა ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა. არც დევნილები გამომისახლებია დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან - სპეციალური ბრძანება გავეცი, თავი დაენებებინათ ამ ხალხისათვის, რომელსაც ისედაც დიდი გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი. არც ჯარიმები დამიკისრებია საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც გაათმაგებული გადასახადები. დანარჩენი თვითონ ჩვენმა საზოგადოებამ განსაჯოს. როდესაც საკუთარ მოქალაქეს დაუნდობლად ეპყრობი, სულერთია - მდიდარია ის, თუ ღარიბი, ეს არის დანაშაულებრივი მოქმედება და სხვა არაფერი. სხვაგვარად ვერ დაახასიათებ იმას, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება.
- თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ, ივანიშვილმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა დაიცვასო. დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ ამაში?
- საქართველოს უახლოეს ისტორიაში იშვიათი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკური ფიგურები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან. ზურაბ ჟვანია მოკლეს, მოკლეს გურამ შარაძე, ბადრი პატარკაციშვილი... მართალია ამბობენ, რომ ბადრი გულის შეტევით გარდაიცვალა და შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ როდესაც კაცს მიიყვან იმ ზომამდე, რომ გულმა უღალატოს, ეს იგივე მკვლელობაა. მთავარია, რომ ჩემ მიერ ხსენებული არც ერთი მკვლელობა ბოლომდე გამოძიებული არ არის. სწორედ ბოლო წლების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით ვამბობ: ივანიშვილმა უნდა მიხედოს არა მარტო დაცვას, არამედ საკუთარ გარემოცვასაც და ამ საკითხში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
- საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივებს?
- ძალიან მოკლედ და კონკრეტულად: ივანიშვილი ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა, სააკაშვილი კი - წავა და ეს მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით. ასე ამბობს ბატონი ბიძინა და მე მისი მჯერა. თუ ივანიშვილის მიერ გამართულ შეხვედრებს გავითვალისწინებთ, ის ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ხალხის მხარდაჭერითა და ჭკუით აჯობებს ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას. სხვათა შორის, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერს ივანიშვილს, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალები ამის თქმის საფუძველს იძლევა. მართალია ჰილარი კლინტონი მას არ შეხვდა, მაგრამ ეს არც გამკვირვებია, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- დიდი ხმაური მოჰყვა პარლამენტის ქუთაისში გადატანას. როგორ ფიქრობთ, მოჰყვება ამ ცვლილებას რაიმე დადებითი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის, ან ქუთაისისთვის?
- რატომ გააკეთეს ეს, არ მესმის, ამის ახსნა შეუძლებელია. ადრეც მითქვამს - პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის დედაქალაქში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ნაბიჯი, რომლის ახსნაც შეუძლებელია. მე ნახევრად ქუთაისელად მივიჩნევ თავს, კარიერა ამ ქალაქში დავიწყე, შეიძლება ითქვას, რომ როგორც პოლიტიკოსმა იქ ავიდგი ფეხი. ახლაც თვალწინ მიდგას: 1956 წლის 9 მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ მთელ ქვეყანაში იმართებოდა შეკრებები, სადაც დაღუპულებს შოვინისტებს, ნაციონალისტებსა და მოღალატეებს უწოდებდნენ. რა თქმა უნდა, ეს მართალი არ იყო, მაგრამ მაშინ ამას ხმამაღლა ვერავინ იტყოდა. ქუთაისშიც გაიმართა შეკრება, სადაც ეს ამბები შედარებით რბილად შეფასდა. სწორედ იქ გამოვედი გაფართოებული პარტაქტივის სხდომაზე სიტყვით. ეს იყო ჩემი პირველი ასეთი მნიშვნელობის საჯარო გამოსვლა და ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერაც. როგორც გითხარით, ქუთაისისათვის ყველა სიკეთე მემეტება და იქაურობა ხშირად ისევე მენატრება, როგორც ჩემი მშობლიური კუთხე, სადაც უკვე რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ, მაგრამ გაიარეთ ამ ქალაქის ქუჩებში და მის მკვიდრებს ჰკითხეთ - სად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი? უმეტესობა გეტყვით - დედაქალაქშიო.
- ხელისუფლება ცდილობს, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულოს და რაც შეიძლება მეტი კომპრომატი მოუძებნოს...
- როგორც ვიცი, დღეს ივანიშვილს რუსეთთან არანაირი კავშირი არა აქვს, იქ ყველა ბიზნესიც გაყიდა, მაგრამ ვერავინ შემედავება ერთ რამეში: თუ ის შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას და დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ქართველი ხალხი მას გააღმერთებს. ხოლო ის, რომ ივანიშვილი რუსეთიდან იმართება, სრული აბსურდი და სისულელეა. საკვირველია, რატომ ავიწყდებათ, რომ ის თითქმის ყველა გამოსვლაში ხაზს უსვამს, დასავლეთთან, ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე აღარ ვარო?
- დასასრულ, ბატონო ედუარდ, 2003 წელს სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს, დღეს კი, რბილად რომ ვთქვათ, ასე აღარ არის, საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია.
- სააკაშვილში თავის დროზე მეც მოვტყუვდი. ჩვენი ხალხი ბრძენი და დაკვირვებულია და იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებში იმას მისცემს ხმას, ვინც მხარდაჭერას იმსახურებს. სხვა შესაძლებლობას დღესდღეობით მე ვერ ვხედავ.