საქართველოს პროკურატურის 21 ივნისის განცხადების მიხედვით, კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი", კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, განაგრძობდა ამომრჩევლებისთვის სატელევიზიო ანტენების გადაცემას, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით. შესაბამისად, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოეყენებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და სასამართლოს გამოძიების დასრულებამდე დაეყადაღებინა შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის საფუძველზე, კონტროლის პალატამ სასამართლოს შეატყობინა, რომ „გლობალ TV“, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით, კლიენტებისთვის სატელიტურ ანტენებს „უფასოდ“ ამონტაჟებდა. კონტროლის პალატის მტკიცებით, ამგვარი ქმედება ნიშნავდა ამომრჩევლებისთვის 12 622 019 ლარის ღირებულების საჩუქრების დარიგებას. საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი თავდაპირველად თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა, სააპელაციო სასამართლომ ჯარიმა გაანახევრა და, ჯამში, ივანიშვილი 63.1 მილიონი ლარით დაჯარიმდა.
პროკურატურის განცხადების საფუძველზე, დაახლოებით დღის 4 საათზე კომპანია ”ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე სამართალდამცავები შევიდნენ. სამართალდამცავებს ”ელიტა ბურჯის” შენობის მთელი პერიმეტრი ჰქონდათ ბლოკირებული, კომპანიის თანამშრომლებს შენობაში არც შესვლის და არც გამოსვლის საშუალება არ ეძლეოდათ. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენელთა ”ელიტა ბურჯის” შენობაში შესვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ გახდა ცნობილი პროკურატურის სხვა განცხადებიდან, რომ „კომპანია „ელიტა ბურჯის" ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებული იყო „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით", თავად სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რომელსაც არც მოსამართლის ხელმოწერა ერთვოდა და არც სასამართლოს ბეჭედი, „ელიტა ბურჯისა“ და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" წარმომადგენლებს დაყადაღების პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით მიუვიდათ. მერაბ ბარბაქაძემ, „ქართუ ჯგუფისა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტმა, სასამართლოდან მისული ტექსტი „ელიტა ბურჯის“ პოლიციებით გარშემორტყმული შენობის წინ წაიკითხა:
” დავადგინე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ჯაბა გურგენიძის შუამდგომლობა ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდეს - სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყადაღა დაედოს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს, ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს. ”
სასამართლოს მიერ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიმართ ყადაღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება სადავოდ ეჩვენება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს კახა კოჭორიძეს:
” უყადაღებენ ქონებას იმას, ვისაც აქვს რაღაც ვალი და ამ შემთხვევაში ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილს და ქონებას უყადაღებენ იურიდიულ პირს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ იურიდიულ პირში ბიძინა ივანიშვილს არანაირი წილი არ აქვს. შესაბამისად, გაუგებარია, ხელმოწერილიც რომ იყოს ეს ბრძანება, მაინც დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა, ვინაიდან მოვალე არის სხვა და ქონებას უყადაღებენ აბსოლუტურად სხვას. ეს არის გაუგებარი რამ.”
საქალაქო სასამართლომ დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში ახსნა განჩინებაზე ხელმოწერისა და ბეჭდის უქონლობის საკითხი. საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ:
”2011 წლის 5 მაისიდან სისხლის სამართალწარმოება გადასულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე, რაც, ამავე დროს, გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ელექტრონული ფორმით ხელმოწერას, რაც გამორიცხავს ბეჭდის საჭიროებას. შესაბამისი ცვლილება კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილშია შესული."
ამ ცვლილების მიუხედავად, ”ქართული ოცნების“ წევრი, ადვოკატი ეკა ბესელია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასამართლოს განჩინების ასლს მინაწერი მაინც უნდა ჰქონოდა, რომ ის დედანთან სწორია. ეკა ბესელია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესის კომენტირებისას ამბობს, რომ კომპანია ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში არ არის და რომ მისი საქმიანობის შეჩერებით ხელისუფლება ცდილობს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას შეუშალოს ხელი.
წინასაარჩევნო პერიოდში პლურალისტური მედიაგარემოს ხელყოფად აფასებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოშიც“ გლობალის ანტენების დაყადაღების პროცესს. ორგანიზაციის მედიის ანალიტიკოსი ლიკა ბასილია- შავგულიძე ამბობს:
”მთლიანად ეს პროცესი, ჩვენი ორგანიზაციის აზრით, არ წაადგება ჩვენს ქვეყანას წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არის ძალიან სენსიტიური პერიოდი; არ წაადგება ინფორმირებული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და ადამიანებამდე ალტერნატიული აზრის მიტანის შესაძლებლობებს.”
თავად კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 50 ათასი ანტენაა დაყადაღებული. ანტენების დაყადაღების პროცესის გამო მათი მონტაჟის შეჩერებით 500-მდე თანამშრომელი ადგილს დაკარგავს, ანტენების დამონტაჟების პროცესი კი კონტროლის პალატასთან შეთანხმებული სქემის მეშვეობით მიმდინარეობდა და ის კანონდარღვევას არ შეიცავდა. ზურაბ ბაზლიძე დაყადაღების პროცესს მედიაორგანიზაციაზე ზეწოლად აფასებს:
” ეს არის მედიაორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ გვეზღუდება ამით საშუალება გავავრცელოთ ჩვენი ქსელი, ჩვენი მაუწყებლობა, მომხმარებლისთვის კი, რომელიც ამ ანტენებს ელის, ამ პერიოდში ის მიუწვდომელი ხდება.”
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი კახა კოჭორიძე, რომელიც „ელიტა ბურჯის“ სასაწყობე მეურნეობაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ეხება მხოლოდ კომპანია "გლობალ კონსალტინგს" და ამის საფუძველზე "ელიტა ბურჯში" არ უნდა შეფერხებულიყო მუშაობა და თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ხელი არ უნდა შეშლოდათ. მისივე სიტყვებით, დაყადაღების პროცესი შესაძლოა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას კი საიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
"გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესი, თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს.