ივანიშვილის გადაუხდელ ჯარიმებთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით ისევ უცნობია, ხელისუფლებას მისი რა ქონების დაყადაღება მოუწევს. ამის შესახებ არც ხელისუფლების და არც ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან არანაირი განცხადებები არ კეთდება.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით კი მოქალაქე სახელითა და გვარით ბიძინა ივანიშვილი უძრავ ქონებას მხოლოდ ჭორვილაში, წყნეთში, საგურამოში, ბაკურიანსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში უნდა ფლობდეს. აქედან კი დაჯარიმებული მილიარდერის საკუთრება რა არის, ძნელი სათქმელია.
ფაქტია, რომ მის სახელზე არ არის გაფორმებული არც თბილისში არსებული ე.წ. მინის სასახლე და არც სხვა რომელიმე ქონება. თუმცა, თუკი ეს საკუთრება საკმარისი არ იქნება, ხელისუფლება ივანიშვილის სამეწარმეო წილებზე გადავა.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ჯარიმას არ გადაიხდიდა, ცხადი იყო, რომ ხელისუფლება მის ქონებას დააყადაღებდა.
ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა 74,5 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს ნაცვლად 149 მილიონი ლარისა, რა გადაწყვეტილებაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო.
ჯარიმის გადახდის ვადა გუშინწინ ამოიწურა. იმისთვის, რომ სააღსრულებლომ თანხის ამოღების პროცედურა დაიწყოს, მას კონტროლის პალატამ უნდა მიმართოს.
ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
"სააღსრულებო ბიურო ფურცლის მიღებიდან 5 დღეში ვალდებულია, გვაცნობოს, რომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო.
შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კიდევ 7 დღე უნდა მისცეს აღსრულებისთვის. ამის შემდეგ კი აღმასრულებელი გადაწყვეტს, რა იძულების გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
საია-ის იურისტი, ბექა დოჭვირი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას საშუალება აქვს, დააყადაღოს უშუალოდ მის სახელზე არსებული ნებისმიერი ქონება, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული.
"ეს პროცედურა საურავის დაკისრებას არ ითვალისწინებს. შვიდი დღის შემდეგ უკვე მიმართავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 5 დღის ვადაში გაუგზავნის შეტყობინებას და კიდევ 7 დღის ვადას მისცემს, რომ ეს თანხა გადაიხადოს. თუ კიდევ არ გადაიხდის, უკვე შესაძლებელი ხდება, რომ მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქართველოში მის სახელზეა რეგისტრირებული, გაიტანონ აუქციონზე ან მოხდეს უკვე ამ ქონების იძულებითი მართვა სახელმწიფოს მხრიდან," - განმარტავს ბექა დოჭვირი.
ვერც ივანიშვილის ადვოკატები და არც "ქართულ ოცნებაში" ვერავინ საუბრობს იმაზე, თუ ივანიშვილი საქართველოში რა ქონებას ფლობს.
თუმცა, როგორც ბექა დოჭვირი განმარტავს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მის სახელზე არსებული ნებისმიერი ქონება, იქნება ეს პირადად მის სახელზე გაფორმებული თუ არის სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რომელიმე კომპანიაში, ხელისუფლებას ამის დაყადაღება და მართვაში აღებაც შეეძლება.
ამასთან, როგორც ბექა დოჭვირი ამბობს, "თუ ბიძინა ივანიშვილის საქართველოში არსებული ქონება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ამოიღონ ეს თანხა, შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყანაში, სადაც მას ქონება ექნება, მიმართონ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც შეიძლება ცნოს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავის ტერიტორიაზე და უკვე არა საქართველომ აღასრულოს, არამედ იმ ქვეყნის აღმასრულებელმა ან შესაბამისმა ორგანომ აღასრულოს თავის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, კრედიტორს ანუ საქართველოს სახელმწიფოს, გადმოუგზავნოს ეს თანხები."
ივანიშვილის ოჯახის წევრების სახელზე არსებულ ქონებას კი ამ შემთხვევაში ვერ შეეხებიან. ასევე, როგორც ბექა დოჭვირი განმარტავს, უშუალოდ ჯარიმის გადაუხდელობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა პირის დაკავებას ან დეპორტაციას არ ითვალისწინებს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი გუშინ მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვადის ახალი ათვლა დაიწყო.
იმის გამო, რომ ივანიშვილის ქონებაზე მისი ადვოკატები არ საუბრობენ, ეჭვი გაჩნდა, რომ მის სახელზე საქართველოში არანაირი ქონება არ არის გაფორმებული.
თუმცა, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, სადაც ვინმე ივანიშვილებს გააჩნიათ კერძო საკუთრება სოფელ ჭორვილაში, დაბა ბაკურიანში, სოფელ ნატანებში, საგურამოსა და წყნეთში. თუმცა, იმის თქმა, თუ ამ საკუთრებიდან რომელია დაჯარიმებული ივანიშვილის, ძნელია.