ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი პარტიას ქმნის?

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი პარტიას ქმნის?

არსებული ინფორმაციით, პატარკაციშვილის ქვრივმა - ინა გუდავაძემ შესაძლოა, მისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, გარკვეული მომხრეთა რაოდენობა წაერთვას და სიმპათიები გაიყოს. მოკლედ, როგორც ამბობენ, შესაძლოა, "ოცნებას" დაუპირისპირდეს "იმედი"... რადგან ქალბატონი ინა საქართველოში არ იმყოფება, "ალიას" კითხვებს ქალბატონი ნათელა პატარკაციშვილი უპასუხებს.

- ჩემი ინფორმაციით, თქვენმა რძალმა შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის პარტია აღადგინოს, სათავეში ჩაუდგეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას?
- ინა 36 წელია ჩემი რძალია, დედა-შვილზე უკეთესი ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ, ჩემი რძლის ამბავი ჩემზე უკეთ არავინ იცის. დიდი მადლობა, რომ დამიკავშირდით და ეს ინფორმაცია ჩემთან გადაამოწმეთ. ჩემს რძალს გულში არასდროს გაუვლია და არც გაივლებს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს, ეს არის მოგონილი ამბავი. სიმართლის მარცვალი არ არის ამ ამბავში, თავს დავდებ, რომ ეს ტყუილია.

- ქალბატონო ნათელა, ინა გუდავაძე პოლიტიკაში არანაირი ფორმით არ ჩაებმება? თუნდაც მაჟორიტარულ არჩევნებში ხომ არ აპირებს მონაწილეობას?
- არა, ინა არ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. რა მოიგო მისმა ქმარმა პოლიტიკაში შემოსვლით და ინამ რა უნდა მოიგოს, შვილო?! ჩემი შვილი არ იყო მზად, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ბადრი ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ ძალიან ალალად მოიქცა. სამწუხაროდ, იმიტომ დაემართა ჩემს შვილს ეს ამბავი. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ოჯახიდან ამის შემდეგ კიდევ რამეს გავბედავთ?!. ბადრის გულწრფელად უნდოდა საქართველოს კეთილდღეობა, მოვა დრო და მას უფრო მეტად დააფასებენ.

- როგორ ფიქრობთ, მისმა მეგობარმა - ბორის ბერეზოვსკიმ შეიყვანა ბადრი პატარკაციშვილი შეცდომაში?
- შვილო, უფალია მოწამე, არაფერი არ ვიცი... შეიძლება გულში ისეთ ვინმეზე გავივლო, რომ ის იყოს ტყუილი. არაფერი არ ვიცი, ჩემს წინ ბნელა. შეიძლება გულმა უმტყუნა, რაღაც ვერ აიტანა, მაგრამ ის, რომ ახლა ვინმეს ხელი დავადო, ამას ვერც გავაკეთებ, არც მითქვამს და არც ვიტყვი, რადგან მე სიმართლე არ ვიცი და ვიმეორებ, - ჩემს წინ ბნელა!.. ორთვენახევარი ვიყავი ბადრისთან ლონდონში, პირველ თებერვალს წამოვედი და ჩემი შვილი დავტოვე, როგორც 16 წლის ბიჭი, კარგ ფორმაში იყო, 12 თებერვალს კი ეს დაემართა. რა გითხრათ, არაფერი არ ვიცი.

- ქალბატონო ნათელა, თქვენს შვილს ბიძინა ივანიშვილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- დეტალების საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ბადრი ყოველთვის კარგად იხსენიებდა ბიძინა ივანიშვილს. უთქვამს კიდეც, რომ ბიძინა კარგი ადამიანია. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მის მიმართ ცუდი განწყობით არ ვარ. ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, ამდენ ხალხს დაეხმარა, კარგია, რომ ასეთი ხალხი არსებობს ამქვეყნად. ჩემს შვილს ისე უნდოდა, ქვეყანას დახმარებოდა, გეფიცებით ჩემი ბადრის სულს, გულწრფელი იყო ამ ბრძოლაში. მითხრა, როცა საქართველოში მოვდიოდი, - დედა, ძალიან მინდა თბილისში ჩამოვიდე და ჩემი საქართველო გალაღებული დავინახო, მინდა ყველა ადამიანს ბედნიერი სახე ჰქონდესო, მაგრამ ვერ მოესწრო, შვილო და ღმერთმა ქნას, ისე იყოს ყველაფერი, როგორც ჩემს შვილს სურდა. მინდა საქართველოში იყოს მშვიდობა და არც ერთ დედას ის არ დაემართოს, რაც მე დამემართა...

"ალია" ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ვალერი გელბახიანსაც დაუკავშირდა.

- ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ინა გუდავაძემ პატარკაციშვილის გზა გააგრძელოს და პარტიას ჩაუდგეს სათავეში, სადაც თქვენც მოიაზრებით. ეს რამდენად რეალურია?
- ერთადერთი ვარიანტი - პოლიტიკაში მიმეღო მონაწილეობა, იყო ის, რომ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ეფიქრა ამაზე...

- ეს უკვე საინტერესო განცხადებაა... იყო თუ არა ამ კუთხით თქვენ შორის საუბარი?
- არ მინდა ამ თემის გაშლა, ბუნებრივია, ჩემგან არ უნდა იყოს დამაინტრიგებელი ნათქვამი. მე ვამბობ, თუ რა იქნებოდა ჩემთვის სასურველი ვარიანტი, კერძოდ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ან მისი ქვრივი, ქალბატონი ინა თუკი მოისურვებდა პოლიტიკაში შემოსვლას, რაც განპირობებული იქნებოდა იმით, რომ დაცული იქნებოდა მისი ოჯახის ღირსება და ბადრი პატარკაციშვილის სახელი არ იქნებოდა მხოლოდ მეხსიერების ნაწილი ქართული პოლიტიკური ისტორიის... მიმაჩნია, რომ ბადრის დაწყებული საქმის გაგრძელება ოჯახის ვალიც იყო, მაგრამ ოჯახი ოჯახია და ვერავის მოახვევ ამ იდეას თავზე. თუკი ქალბატონი ინა წავიდოდა პოლიტიკაში, მექნებოდა მორალური უფლება, შევსულიყავი პოლიტიკურ გაერთიანებაში, სადაც იქნებოდა განმსაზღვრელი ბადრის სახელი და გვარი. აქვე გეტყვით, რომ პირადად ქალბატონ ინასთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი, ეს იყო პირადად ჩემი სურვილი.