- სპექტაკლში, რომელსაც მოსკოვში ვდგამ, სამი მსახიობი მონაწილეობს. მთავარ როლს ალექსანდრე კალიაგინი ასრულებს. მას, სამწუხაროდ, გული აწუხებს, რის გამოც ხშირად უწევს გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა. ბატონი კალიაგინი ამჟამადაც გერმანიაში გაემგზავრა და ვინაიდან პიესაში სულ სამი პერსონაჟია, რეპეტიციებს ვეღარ ვატარებდი. ამიტომაც ჩამოვედი საქართველოში. 15 ივნისს ვბრუნდები მოსკოვში და იქ 15 ივლისამდე ვიქნები. პრემიერა კი 25 სექტემბერს არის დანიშნული.
- რა ჰქვია თქვენს ახალ სპექტაკლს?
- ამ პიესის სახელწოდება ქართულად ცოტა ძნელი სათარგმნია - "რა უცნაური ადგილი აგირჩევიათ ძაღლების გამოსაკვებად".
- ვიცი, რომ საქართველოშიც მუშაობთ ახალ სპექტაკლზე...
- ამ სპექტაკლზეც შევაჩერე მუშაობა. ერთ-ერთ როლს თამაშობს მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე, რომელიც ამჟამად კენჭს იყრის როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მთხოვა, ცოტა ხანს მადროვეო. მეც დავთანხმდი, ბოლოს და ბოლოს, მას ხმა უნდა მივცეთ, პარლამენტში რომ მოხვდეს.
- რომელ თეატრში გაიმართება ამ სპექტაკლის პრემიერა?
- ჩემთვის მთავარია, იყოს სივრცე, თუნდაც დანგრეული ქარხანა - სპექტაკლს ყველგან დავდგამ. ასე რომ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, სად გაიმართება პრემიერა.
- სპექტაკლზე ვისაუბროთ...
- სპექტაკლს "მასტერკლასი" ჰქვია და გენიალურ მომღერალ მარია კალასზე მოგვითხრობს. ნაჩვენებია, როგორ დადის ამერიკულ ჯულიარტის კონსერვატორიაში და როგორ უტარებს მასტერკლასს იქაურ სტუდენტებს, პარალელურად კი თავისი განვლილი ცხოვრების დეტალებს უყვება. მოკლედ, ტრაგიკომედიაა და კარგად ჩანს პერსონაჟის ხასიათი, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მარია კალასი არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო. მთავარ როლს მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი ასრულებს.
- ბატონო რობერტ, დაახლოებით ერთი თვის წინ მსახიობმა ბესო ზანგურმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრი დატოვა მას შემდეგ, რაც რობერტ სტურუა წავიდა, ამ თეატრში მხოლოდ არაკაცები დარჩნენ და მათთან მუშაობას არ ვაპირებო... რა ვითარებაა დღეს რუსთაველის თეატრში?
- არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე. ცოლს რომ გაშორდები კაცი და მისი ასავალ-დასავალი აღარ გაინტერესებს, სწორედ ასე ვარ რუსთაველის თეატრის მიმართ. რაც შეეხება ბესო ზანგურის თეატრიდან წამოსვლას, მას განცხადება დაუწერია, მივდივარო, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ ვიცი... რაც უნდა იყოს, არ არის საჭირო, თეატრი მსახიობებმაც დატოვონ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს დათო საყვარელიძეს ჩააბარებენ...
- აკი გითხარით, არ მაინტერესებს, ვის ან რას ჩააბარებენ ჩემს ყოფილ ცოლს (იცინის).
- საზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებს, რომ აკადემიური თეატრის სცენიდან ხსნიან თქვენს სპექტაკლებს, სამაგიეროდ, მართავენ შოუკონცერტებსა და მიუზიკლებს... მალე მიუზიკლ "ოლივერ ტვისტის" პრემიერა გაიმართება... ნუთუ არ გწყდებათ გული თქვენს თუნდაც "ყოფილ ცოლზე"?
- (იცინის) და საერთო შვილებზე, ხომ? ხუმრობა იქით იყოს და, რომ წარმოვიდგინე, რუსთაველის თეატრში "ოლივერი" უნდა დაიდგას, ცოტა არ იყოს, გავოცდი. გამორიცხულია, ეს მიუზიკლი რუსთაველის თეატრში ნორმალური გამოვიდეს. "ოლივერი" ტიპური კომერციული, თუმცა კი ძალიან კარგი მიუზიკლია, რომელიც 40 წლის წინ დაიდგა ლონდონში და შემდეგ მთელი მსოფლიო მოიარა. ინგლისსა და ამერიკაში არსებობს სპეციალური დარბაზები, სადაც ეს მიუზიკლი იდგმება; რუსთაველის თეატრში ამის გაკეთებას როგორ აპირებენ, საინტერესოა. ეს მიუზიკლი სამარცხვინო იქნება და ამიტომაც მაწუხებს ეს ამბავი.
- ბატონო რობერტ, სახელოვნებო სფეროს ბევრი წარმომადგენელი გაპოლიტიკოსდა. თქვენც ხომ არ გიხილავთ პოლიტიკაში?
- არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, დავბერდი და მსურს, მშვიდად და დასვენებული შევხვდე ჩემს აღსასრულს.
- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას როგორ შეაფასებთ? თბილისსა და ქუთაისში გამართულმა აქციებმა დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" უამრავი მხარდამჭერი ჰყავს.
- 27 მაისის შემდეგ ბევრი დარწმუნდა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას უამრავი ქართველი არ უჭერს მხარს. წესით და რიგით, ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში, იმ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს, ვინც საღად აზროვნებს და თავისი ქვეყანა სტკივა და უყვარს, თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხალხი არ ადარდებს, მხოლოდ საკუთარ ტყავზე ზრუნავს. ამას კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ამიტომაც შეხვდა ასეთი აღტაცებით.
- ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ათეული მილიონით დააჯარიმეს... ბევრი შიშობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
- ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამ ხელისუფლებას ისეთი რაღაცის ჩადენა შეუძლია, ჩვენ გონებაშიც კი ვერ გავივლებთ.
რაც შეეხება დაჯარიმებას, ასეთი რამ არც ერთი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. ასეთი რამ არც მსმენია და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ. ამას მხოლოდ მათხოვრული ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი თუ ჩაიდენს, რომელიც სხვის ქონებას ისე ეპოტინება, თითქოს გვარით ან მემკვიდრეობით ერგო. ივანიშვილის დაჯარიმებაც ამ გაუგებარი ფსიქოლოგიის, დაავადებული ხალხის ნამოქმედარი და ნააზრევია.
- დასასრულ, როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ დასრულდება ჩვენს ქვეყანაში დაწყებული პროცესები?
- ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყიდიან სახლებს და ვილებს პარიზში, სეიშელის კუნძულებზე, თუ უკვე ნაყიდი არ აქვთ და კიდევ უფრო გამდიდრდებიან... არსებობს ძალიან კარგი სერიალი - "21-ე საუკუნის დასაწყისი", რომელიც პატარა ფილმებისგან შედგება. იქ ნაჩვენებია, როგორ ჩამოაგდეს სადამ ჰუსეინის ძეგლი. ლენინისა და სტალინის ძეგლები ჩამოყარეს და ამათი ძეგლების ჩამოგდებას რა უნდა?! ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საშინელება ელით. ეს თვითონაც კარგად იციან და ეშინიათ. იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ძალადობის გარდა ვეღარაფერს აკეთებენ. ესენი აუცილებლად უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და სათანადოდ დაისაჯონ!