"საქართველოში (აფხაზეთს თუ არ ჩავთვლით) პირველად მომიწია ჩამოსვლამ. მინდოდა, თავად მენახა ყველაფერი, რაც ამ პატარა ქვეყანაში ხდება. საქართველოს შესახებ რუსეთში გავრცელებული ურთიერგამომრიცხავი ინფორმაცია სწორი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა; ჩემი რუსი მეგობრებისა და კოლეგების აზრი ორად იყო გაყოფილი: - ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ბოლო წლებში საქართველო ინფრასტრუქტურით, ცხოვრების დონითა და წესით ევროპას მიუახლოვდა, მეორეს თქმით კი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყველაფერი "ფასადურად" კეთდებოდა. გადავწყვიტე, ქართული რეალობა თავად მენახა", - ამბობს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ოლეგ ალენოვი, რომელმაც საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერილი გაზეთ "კომერსანტისთვის" მოამზადა. მას აქ მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე:
- ემოციის გასამძაფრებლად საქართველოში ჩასვლა აფხაზეთის გავლით გადავწყვიტე. ფსოუს საზღვარზე მტანჯველი ლოდინისა და უფრო მეტად მტანჯველი პროცედურების გავლის შემდეგ, შევაღწიე აფხაზეთში. წლეულს კონფლიქტის ზონაში მეხუთედ ჩავედი. ახალი და საინტერესო არაფერი მინახავს, თუ ერთ-ორ ქუჩაზე დაგებულ ასფალტსა და ასევე ერთ-ორ ახალ სასტუმროსა და რესტორანს არ ჩავთვლით, მაგრამ აფხაზეთის ბუნება წელიწადის არც ერთ სეზონზე არ ტოვებს გულგრილს დამთვალიერებელს. თბილოდა და სულსწრაფი დამსვენებლებიც შევნიშნე, მათ შორის - ნაცნობები და შინ მშვიდობით დაბრუნება ვუსურვე. გალის რაიონში არასდროს ვყოფილვარ; მითხრეს, ფრთხილად იყავი, "საქართველოდან" გამოქცეული კრიმინალების უმეტესობა იქ არის თავმოყრილიო... სოხუმელი ტაქსისტები გალის ხსენებაზე თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. როგორც იქნა, სომეხი ტაქსისტი შემხვდა. გალში ადრეც ყოფილა.ასეთ ადგილებში ყოველთვის ჯობს, ადგილობრივს გაჰყვე: გზაში ბევრ ისეთ რამეს მოგიყვება, არავინ რომ არ გაგიმხელს... არტურმა რომ გაიგო, ზუგდიდში მივდიოდი, "დაიქოქა", - იმდენი რამ ჩვენთან რომ კეთდებოდეს, ტურისტები მოგვაწყდებოდაო... აქაურ ამბებს შურითაც კი ყვებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სოხუმელი კაცი "ინდუსტრიის მშენებელ" ქალაქზე ასეთი ინტერესით ილაპარაკებდა... გალს ომის კვალი შერჩენილი ჰქონდა, მაგრამ მოსახლეობას ცხოვრებისთვის უკვე აეწყო ფეხი, უმეტესობას კარგი სახლი ჰქონდა, - ამათ ფულის მეტი რა აქვთ, თხილისა და ციტრუსის სეზონზე მილიონებს აკეთებენო, - კიდევ ერთხელ შეშურდა არტურას ქართველების... ადმინისტრაციულ საზღვარზე ევროპული მანქანები ტაქსაობდნენ. ზუგდიდიდან გეზი პირდაპირ ანაკლიისკენ ავიღეთ. მის დანახვაზე ჩემი რუსი კოლეგების ნათქვამი გამახსენდა, - სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ იმ ადგილას ერთი პატარა, ჭაობიანი სოფელი და ცარიელი ზღვის სანაპირო იყოო... ერთი წლის წინ ქალაქად წოდებული ანაკლია ჯერ კიდევ შენდებოდა, ბევრი რამ უგემოვნოდ იყო, ბევრიც - გემოვნებით. ქალაქამდე ბევრი აკლდა.
- თქვენი ყურადღება რამ მიიპყრო?
- ხალხის დამოკიდებულებამ, ყველას სჯერა, რომ ანაკლია უკვე ქალაქია... ერთ-ერთ სასტუმროში ჩერქეზული კულტურის დღეებს მასპინძლობდნენ. ჩერქეზ სტუმრებს გამოველაპარაკე, ნანახითა და ქართველების სტუმარმასპინძლობით გაოცებული იყვნენ... ერთმა რუსეთის მმართველობაზე ირონიულად იხუმრა, - რასაც პუტინი და მედვედევი ლაპარაკობენ, სააკაშვილი აკეთებსო... ეგზოტიკურია ხიდი, რომელიც განმუხურში ვნახე. ისეთი განწყობით მოვდიოდით, როგორიც ოცი წლის განმავლობაში სამ ომგადატანილ ქვეყანას შეეფერება, მაგრამ შევცდი. ველოსიპედის 6-კილომეტრიან გზას მივუყვებოდი და ცოტა გაოცებული ვიყავი, რა ცოტა დროში რამდენი რამ მოუსწრიათ-მეთქი, - ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ეს გზა ფოთამდე გაგრძელდება, იქამდე 40 კილომეტრია, - მითხრა რუსულად საუბარს მონატრებულმა ექსკავატორის მძღოლმა. - შევარდნაძის დროს, შეიარაღებული აფხაზები ქართველ პარტიზანებთან "ანგარიშის გასასწორებლად" ზუგდიდშიDგადმოდიონენ და სროლა ცენტრალურ ქუჩებში იმართებოდაო... ჩემს პირდაპირ იახტების სადგური შენდებოდა. გოლფის სათამაშო კლუბის გარშემო ათამდე უცხოური მანქანა იდგა... ყველაფერი ძალზე შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებდა, - ამ ქვეყანას უმუშევრობა ყველაზე მეტად აწუხებს და რამდენად გამართლებულია კიდევ ერთი ქალაქის აშენება?
ანაკლიიდან ზუგდიდში, იქიდან კი თბილისში მიკროავტობუსით გავემგზავრე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული ტემპერამენტის დასამორჩილებლად საგზაო მოძრაობის წესები საკმარისი არ არის. მძღოლმა გამიმხილა, წელს ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად თბილისი-ანაკლია, თბილისი-განმუხურის მარშრუტიც იხსნებაო. თბილისში ჩემმა ქართველმა კოლეგებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ანაკლიისა და განმუხურის "საძირკველში" ჩამახედეს, - წელიწად-ნახევრის წინ სააკაშვილმა ინვესტორები ანაკლიაში მიიწვია, სადაც ანაკლიასა და განმუხურში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა დაახვედრა "საჩუქრად", - ბიზნესის დაწყების მსურველებს რამდენიმე წლის განმავლობაში გადასახადებისგან გავათავისუფლებთო. უარის მთქმელმა იცოდა, თუ შეთავაზებაზე უარს იტყოდა, მისი ბიზნესკარიერაც აქ დამთავრდებოდაო. ვკითხე, მის ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით-მეთქი, იქაურ მოსახლეობას შევუქმნიდი პირობებს, რათა ბიზნესი თავად განევითარებინათო.
სააკაშვილმა ნახა, რამდენი კაცი გამოვიდა ივანიშვილის აქციაზე და უფრო შეშინდა. მეტის გაკეთებას შეეცდება, მეტ ბიზნესმენს გაწურავს და გაწირავს, რათა ნაკლები უმუშევარი ჰყავდეს. თუმცა, თუ არჩევნები წააგო, ეს ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შედეგი იქნება და არა რომელიმე მათგანის სწორი პიარკამპანიის. ცხადია, ეს ჩემი აზრია.
მან საქართველო დაანაწევრაო, შემომჩივლა ერთმა ოპოზიციონერმა და არგუმენტად ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა და ქუთაისში ახალი პარლამენტის აშენება მოიყვანა.
- არ მიგაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული-მეთქი, ვკითხე. მან ლაზიკას პროექტი შემახსენა, - რა საჭიროა ახალი ქალაქის აშენება, როცა ძველები მისახედიაო?.. მე კი მგონია, ძველების "მისახედად" აკეთებს ხელისუფლების დეცენტრალიზაციას-მეთქი. ვიკამათეთ. ჩემი აზრით, ოპოზიციასაც არ ესმის კარგად მოსახლეობაში არსებული პრობლემები.
- რუსეთში აფხაზეთით რატომ დაბრუნდით?
- უბრალოდ ისევ იმ გზის გავლა მომინდა, - სოხუმამდე გალელმა ტაქსისტმა წამიყვანა. სოხუმში კიდევ ერთი ტაქსი გავაჩერე, მძღოლი ჩერქეზი აღმოჩნდა. არ მითქვამს, რა პროფესიის ვიყავი. ომის დროს ჩამოსულა და ქართველის სახლში დასახლებულა. მთელი გზა მიმტკიცებდა, ჩერქეზები და აფხაზების ენა საერთო ფესვებიდან მოდის, ამიტომაც გადავწყვიტეთ მათი დახმარებაო. რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში ჩატარებული ჩერქეზული კულტურის დღეები გამახსენდა. ამას წინათ, ქართულმა მხარემ ჩერქეზების გენოციდიც აღიარა... მძღოლი სოჭის ოლიმპიადაზე დიდ იმედს ამყარებდა, - სამუშაო იქნება და იქნება ხალხმაც ამოისუნთქოსო. ლამის აბორიგენად თვლიდა თავს. საოცარი რეგიონია კავკასია.