ძვიად ძიძიგური: ,,ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაზე საუბარი არასერიოზულია, არც ამის საფუძველი არსებობს!''

ძვიად ძიძიგური: ,,ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაზე საუბარი არასერიოზულია, არც ამის საფუძველი არსებობს!''

კოალიცია ,,ქართული ოცნების'' ერთ-ერთ ლიდერს, ზვიად ძიძიგურს აზერბაიჯანული მოძრაობა ,,გეირიატის'' თავმჯდომარე ზუმრუდ გურბანლი უპირისპირდება და აცხადებს, რომ ქვემო ქართლში კოალიციის კურატორად ძიძიგურის დანიშნვამ, შესაძლოა, ნაციონალისტური დაჯგუფებების გააქტიურება გამოიწვიოს, სეპარატისტული მისწრაფებები გააღვიძოს, შედეგად კი 90-იანი წლების მოვლენები გაგრძელდეს – ბორჩალოს აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან დაცლა. ,,კონსერვატორი'' ზვიად ძიძიგური აღნიშნულ განცხადებას პასუხობს და ,,ვერსიას'' კოალიციის გეგმებსაც უმხელს: 

– როგორც ,,გეირიატის'' თავმჯდომარე აცხადებს, ადამიანებს ვხოცავდი და ნაღმებს ვაფეთქებდი, მაგრამ თუ მისივე ლოგიკით ვიმსჯელებთ, მეც შემიძლია მისი მისამართით ვთქვა, რომ ზუმრუდ გურბანლი ბავშვებს ჭამს, ამიტომ თავი იმართლოს. ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ქვემო ქართლთან შეხება საერთოდ არ მქონია, სამტრედიის რაიონის პრეფექტი და შემდეგ დეპუტატი გახლდით. რაც შეეხება აზერბაიჯანელ ხალხს, ვფიქრობ, საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ქვემო ქართლის მოსახლეობას ხშირად ვხვდები და ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებით ისინიც დაინტერესებულნი არიან. 
– თუ შეხვედრებზე ქვემო ქართლის მოსახლეობა კეთილგანწყობით გხვდებათ, ,,გეირიატის'' თავმჯდომარე ადგილობრივებს რატომღა უმტკიცებს, ,,ნაციონალისტი'' ზვიად ძიძიგურის გამარჯვების შემთხვევაში, ბორჩალო აზერბაიჯანელებისგან დაიცლებაო...
 ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაზე საუბარი არასერიოზულია. გარწმუნებთ, ამის საფუძველიც არ არსებობს. სამწუხაროდ, წლების წინ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მართლაც არსებობდა, თუმცა ეს პერიოდი გადავლახეთ და ახლა სიმშივიდისა და სამართლიანობისკენ ვისწრაფვით. ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან სწორედ იმ მიზნით გამაგზავნა, რომ მათი პრობლემები სრულფასოვნად შევისწავლო, რადგან ,,ქართული ოცნება'' მხოლოდ ეთნიკურად ქართველებისთვის არ არის. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დემაგოგობას თავს დაანებებენ და საქმეს მიხედავენ. სამწუხაროდ, რეგიონში გასვლითი შეხვედრების ჩატარებისას, აღმოვაჩინე სოფლები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ არც კი სმენიათ, თუმცა ქვემო ქართლში კოალიცია გამარჯვებისთვის იბრძვის და არა მეორე ადგილის მოსაპოვებლად. 
– სწორედ თქვენ წინააღმდეგ დაწყებული პროპაგანდისა და სრული ინფორმაციული ვაკუუმის ფონზე, მმართველი გუნდისთვის ხმების წართმევა როგორ წარმოგიდგენიათ? ითვლება, რომ ქვემო ქართლი, სამეგრელოსთან და სამცხე-ჯავახეთთან ერთად, არჩევნებში ხელისუფლების დასაყრდენი რეგიონია. 
– დღევანდელი მონაცემებით, თბილისში, იმერეთსა და გურიაში, ასევე რამდენიმე დანარჩენ რეგიონში, კოალიცია არჩევნებს იგებს, მაგრამ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სწორედ ინფორმაციის სერიოზული ვაკუუმის არსებობის გამო, გამარჯვების მოპოვება, ალბათ, ბევრად რთული პროცესი იქნება, ამიტომაც ვმუშაობთ ინტენსიურად _ კოალიციის დეკლარაცია უკვე გადავთარგმნეთ, იბეჭდება გაზეთ ,,ქართული ოცნების'' აზერბაიჯანული ვარიანტიც. პირადად მე, ვაპირებ აზერბაიჯანულიც შევისწავლო, რათა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მქონდეს. პროცესებში სოზარ სუბარიც აქტიურად მონაწილეობს. 
– სოზარ სუბარი სვანეთში მაჟორიტარ კანდიდატად მოიაზრებოდა, ახლა მიგვანიშნებთ, რომ არჩევნებამდე ქვემო ქართლში დაგეხმარებათ? 
– მაჟორიტარი კანდიდატების საკითხს კოალიციის პოლიტსაბჭო წყვეტს, რომელსაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ახმაურებს. შესაბამისად, იმასაც გავარკვევთ, მე და სოზარ სუბარი საერთოდ ვიყრით თუ არა კენჭს. ქვემო ქართლში აუცილებლად ჩატარდება ისეთი ტიპის შეხვედრა, როგორიც თბილისში, ქუთაისსა და გურიაში ვიხილეთ. ალბათ, ვთანხმდებით, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა საკმაოდ ეფექტურად გამოგვდის. საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, კოალიციის ლიდერს პირადად მოუსმინოს, რაც, ბუნებრივია, საზოგადოებრივ მუხტსაც ზრდის. ბიძინა ივანიშვილი ახმოვანებს ისეთი ტიპის საარჩევნო პროგრამას, როგორიც ქართულ ოპოზიციურ პარტიებს არასოდეს ჰქონიათ. იგივე კონსერვატიულ პარტიას რომ ეთქვა, მოსახლეობაში სერიოზული ეჭვი გაჩნდებოდა. ფაქტია, რომ ამჯერად ნდობა მაღალია. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს და ავტორიტარულ წინააღმდეგობებზე უარი თქვას. აქციების ორგანიზების პარალელურად, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ როგორც საერთაშიროსო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 
–ამ მიმართულებითაც ეფექტურ შედეგს იღებთ, ფაქტია, მმართველი გუნდი ამერიკის ელჩის პირდაპირ მითითებებსაც არ ითვალისწინებს, თანაც არც საარჩევნო კანონმდელობა გაყენებთ ოპოზიციურ ძალებს სახარბიელო მდგომარეობაში.
– კი, ბატონო, ნუ გაითვალისწინებენ და საერთოდ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. ჩვენ გვესმის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას ღია ბრიფინგებს ვერ ჩაუტარებენ, თუმცა გარწმუნებთ, ისინი ,,ნაციონალებს'' ესაუბრებიან იმ ენაზე, რაც დიპლომატიურ ჩარჩოებში ,,მოსულა''. საერთოდ, არჩევნების დაცვის ყველაზე დიდი მექანიზმია, როცა არჩევნებში ორი თანაბარი ძალა მონაწილეობს, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი ადამიანი გვიჭერს ხმას, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას, ამ თვალსაზრისით, ჩვენ შორის უთანაბრობა ნამდვილად არსებობს. მმართველ გუნდს მხოლოდ საპარლამენტო, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ბერკეტი აქვს, თუმცა ეს არჩევნების გაყალბების წინაპირობა ვერ გახდება. მოგეხსენებათ, ,,ქართულ ოცნებას'' ყველა საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება და თუ ადრე ,,ნაციონალები'' ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებდნენ, ამჯერად ჩვენები ამის შესაძლებლობას აღარ მისცემენ. ამასთან, თუ წინამორბედ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ამომრჩევლების სია ჰქონდა და მათ ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფდა, იგივე სახის ორგანიზებას ჩვენც განვახორციელებთ. კოალიციის თითოეულ წევრში ამის მზაობა არსებობს, ჩვენ ვგრძნობთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. 
– მაშინ, იქნებ აგვიხსნათ, რატომ აკეთებს დავით ბერძენიშვილი კოალიციის დანარჩენ ლიდერებთან შეუთანხმებლად საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას და რატომ ტოვებს ,,ჩაბარებულ'' რეგიონს აქციამდე რამდენიმე დღით ადრე?
– ეს მხოლოდ თითიდან გამოწოვილი სკანდალია. მოგეხსენებათ, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა ვმუშაობთ, შესაბამისად, ბუნებრივად მეჩვენება, თითოეულ ლიდერს საკუთარი აზრი ჰქონდეს. მთავარია, საბოლოოდ, კოალიცია ერთ აზრზე ჩამოყალიბებას მარტივად ახერხებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თქვა თუ არ დათო ბერძენიშვილმა იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ამბობდა. ყველა განსხვავებული თვისებებით გამოვირჩევით, თუმცა ჩვენი სიძლიერეც სწორედ ისაა, რომ კოალიცია მრავალფეროვანი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, ერთმანეთის პლუსებით პოლიტიკური გუნდი გავაძლიეროთ, ხოლო ერთმანეთის მინუსები _ გადავფაროთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სიფრთხილესაც ვიჩენთ, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგჯერ რაღაცები გვისხლტება ხოლმე. სხვათა შორის, ცრუ ინფორმაციები კოალიციის ლიდერებთან დაკავშირებით სიახლეს არ წარმოადგენს. ითქვა ისიც, თითქოს კობა დავითაშვილს ბიძინა ივანიშვილმა ხარჯთაღრიცხვა მოსთხოვა იმის დასადგენად, რამდენად მიზნობრივად დახარჯა მან პარტიისთვის გადარიცხული ერთი მილიონი. ეს არის აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია, ჰაერი... მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩარიცხული თეთრი კოალიციამ მიზნობრივად დახარჯა და მგონი, ახლაც ამ თანხით გვიდგას სული. 
– სხვათა შორის, პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის'' მრჩეველი მინდია გულუა საკმაოდ ხშირად უსვამს ხაზს, რომ მისი მეგობარი ხართ. მან ისიც კი აღნიშნა, ზვიად ძიძიგური მალე ნამდვილი პატრიოტების გვერდით დადგებაო... 
–მინდია გულუასთან, მართლაც დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდი, მას ჯერ კიდევ სოხუმიდან ვიცნობ. დღესაც ხშირად მირეკავს და მკითხულობს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გეგმები მასთან ნამდვილად არ შემითანხმებია. არ ვიცი, რას გულისხმობდა თავის განცხადებაში, თუმცა გეტყვით, რომ მის პარტიასთან თანამშრომლობის საკითხი არ განიხილება. დიახ, იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შევხვდი კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ პოლიტიკურ საქმიანობას გადავხედავ. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, მოგეხსენებათ, სახალხო კრებასთან თანამშრომლობის ფორმატი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია. მიმდინარეობს მოლაპარაკება ,,ქართულ დასთანაც'' და საერთოდ, არც ერთი ნამდვილი ოპოზიციური ძალა პროცესში არ დაიკარგება. ბიძინა ივანიშვილსაც რომ სურდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის პროცესიდან გამოთიშვა, თავად პარტიები არ დაიკარგებიან, რადგან ამის საშუალებას საკუთარი ამომრჩევლები არ მისცემენ. დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩევნები ორპოლუსიანი იქნება და ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, რადგან ღმერთს ჩვენი ქვეყანა არ გაუწირავს. საზოგადოებას აღარ სურს ხელისუფლება, რომელმაც ბაგრატის ტაძრის აღდგენის საკითხიც კი პოლიტიკური მასხარაობის თემად გადააქცია. თუ გნებავთ, გეტყვით, ვინ მისცემს ნაციონალურ მოძრაობას ხმას: პოლიციელებისა და სამხედროების, ამასთან, გამგეობებისა და სამინისტროების თანამშრომლების ნაწილი. შესაძლოა, მმართველმა გუნდმა ქვეყნიდან გასული ადამიანების ხმებით სარგებლობაც სცადოს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამომრჩეველთა ეს ნაწილი არჩევნებზე თავად მოვიდეს.