ახალი კოდექსი ხმის ორჯერ მიცემის საშუალებას იძლევა

ახალი კოდექსი ხმის ორჯერ მიცემის საშუალებას იძლევა

საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საშუალება ექნება, რომ ორ არჩევნებზე ორ ადგილას მაინც მისცეს ხმა. მათ ამის საშუალებას ახალი "საარჩევნო კოდექსი" აძლევს, რომლის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. "საარჩევნო კოდექსში" რამდენიმე ცვლილება შედის იმ არგუმენტით, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა. თუმცა ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე საკითხს საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევენ.

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები

ამ საკითხებიდან საია ყველაზე სადავოდ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების თემას მიიჩნევს. მეორე მოსმენისთვის მიღებული იქნა ნორმა, რომლის თანახმად, "ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაცია გაუქმებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ".

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან რეგისტრაციიდან მოხსნილები, ანუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

თუმცა, "საარჩევნო კოდექსის" 31-ე მუხლის თანახმად, ამომრჩევლები ერთიან სიაში შეჰყავთ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამასთან, სხვა კანონში წერია, რომ რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მცხოვრებ პირთა კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლების, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების, შეზღუდვის საფუძველი გარდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი პირები საარჩევნო უფლებას ახორციელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააჩნიათ რეგისტრაციის მოწმობა. საია-ის წარმომადგენელი თათული თოდუა კი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ახალი ნორმა იმას ნიშნავს, რომ სიების გადამოწმების კომისია რეგისტრაციის არმქონე პირებს ძველი მისამართის გამოყენებით აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას.

"ვფიქრობთ, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და საეჭვოა, რამდენად კანონის შესაბამისად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ისეთი მიდგომა, რომ მომხდარიყო მათი მაქსიმალური ინფორმირება და წახალისება, რომ გაეკეთებინათ რეგისტრაცია ახალი საცხოვრებლის მიხედვით და ხმა ნამდვილი მონაცემების მიხედვით მიეცათ," - ამბობს თათული თოდუა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი ამბობს, რომ საია-ის ეს შენიშვნა მათთვის მიუღებელია და, შესაბამისად, კანონში ეს ჩანაწერი არ შეიცვლება.

ამის არგუმენტად კუბლაშვილი იმას ასახელებს, რომ "ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება არ უნდა შეიზღუდოს".

საია კი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე საკმარისი დროა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამ ადამიანების ინფორმირება და ახალი რეგისტრაციის გატარება შესაძლებელი იქნება.

სწორედ ამიტომ თათული თოდუა არ გამორიცხავს, რომ:

"ასეთ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციიდან მოხსნილ ადამიანებს ძველი მისამართით აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, არსებობს იმის რისკიც, რომ მათ გააკეთონ ახალი მისამრთით რეგისტრაცია და ამით არსებობს იმის რისკი, რომ მათ ორმაგად მისცენ ხმა," - ამბობს თათული თოდუა.

საერთაშორისო დამკვირვებლები

მეორე სადავო საკითხი კი საერთაშორისო დამკვირვებლების თემას ეხება. მეორე მოსმენით მიღებული კანონით, საერთაშორისო დამკვირვებლები საოლქო უბნებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც იქნებიან.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ არა უმეტეს ორი საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ საარჩევნო უბანზე უნდა ყოფილიყო.

ეს ფაქტი პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა და დაინტერესდა, თუ რა მიზეზით არის განსაზღვრული სადამკვირვებლო არეალად მხოლოდ საარჩევნო უბანი. თუმცა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ლორთქიფანიძეს განუმარტა, რომ ეს დეტალი პროექტში დაზუსტდება და საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება ექნებათ, მისია განახორციელონ როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.

საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით შედის ცვლილება და მითითებულია, რომ მათი საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. აქვე არის მითითებული საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენტიტესა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა, საარჩევნო პროცესის ხელისშეშლისგან თავის შეკავება, პოლიტიკური მიუკერძოებლობა, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა, წინასარჩევნო გამჭვირვალობა.

"რა თქმა უნდა, ეს პრინციპები სრულიად მისაღებია და არ შეიძლება, ამაზე დავა იყოს. მაგრამ, როდესაც კანონში ხდება ასეთი ნორმის შემოღება, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო, რადგან საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას ცესკო ახდენს და იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა არ შეესაბამება კანონმდებლობას, უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. მაგრამ ამ პროექტის მიხედვით გაუგებარია, როგორ მოახდენს ცესკო იმის კვალიფიკაციას, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია პოლიტიკურად მიუკერძოებელი, გააჩნია თუ არა მას ინტერესთა კონფლიქტი ან მისი დაფინანსების წყაროები არის თუ არა გამჭვირვალე," - ამბობს თათული თოდუა.

როგორც ის აღნიშნავს, საია მიიჩნევს, რომ "ეს ნორმა არის ძალიან ბუნდოვანი და ტოვებს კარგ შესაძლობას სუბიექტური გადაწყვეტილების მისაღებად".

თათული თოდუას თქმით, იმისთვის, რომ ეს ნორმები ქმედითი იყოს, უნდა იყოს მოცემული მისი აღსრულების მექანიზმები და გაწერილი იყოს პროცედურები, თუ ცესკო რა კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით მივა კონკრეტულ გადაწყვეტლებამდე და რა კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია.

დამკვირვებლის უფლებები

ასევე პრობლემად რჩება გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების საკითხი. საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიის წარმომადგენელს აქამდე შეეძლო, რომ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის პროცესს დაკვირვებოდა და სურვილის შემთხვევაში პირადად გადაეთვალა როგორც ბათილი, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები.

პროექტის თანახმად კი, ახლა კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს დამკირვებლებიდან ერთ ან ორ ადამიანს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და სურვილის შემთხვევაში უფლება ექნებათ, პირადად ერთხელ გადათვალონ ნამდვილი ან ბათილი ბიულეტენები. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს.

"გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები არსად არ ფიქსირდება და აქამდე მხოლოდ დამკირვებლებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეს ბიულეტენები დაეთვალათ და თავისთვის მაინც ჰქონოდათ ინფორმაცია. დღეს კი ამის საშუალებაც აღარ იქნება," - ამბობს თათული თოდუა.

აღსანიშნავია, რომ კამპანია "ეს შენ გეხებას" მოთხოვნა იყო, რომ გაფუჭებული და გამოუყენებლი ბიულეტენების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ინფორმაცია ამაზეც ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა.

გარდა ამისა, საია ასევე გაურკვევლად მიიჩნევს იმას, თუ რა პროცედურით ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ სად უნდა მისცენ ხმა. ამასთან, არ არის განსაზღვრული, ამ ინფორმაციის მიღებაზე თავად უნდა იზრუნოს თუ ხელისუფლება იქნება ვალდებული, რომ დააფიქსიროს უბანზე ამომრჩევლად.

ამის საპასუხოდ კუბლაშვილი ამბობს, რომ ორივე იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ კანონში არც ერთი მეთოდი არ არის ჩაწერილი.

გარდა ამისა, "საარჩევნო კოდექსის" ახალი პროექტი რამდენიმე ტექნიკური საკითხის დაზუსტებასაც ითვალისწინებს.