ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე და მისი მეუღლე, მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ეგვიპტელ ბიზნესმენებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მარინა სალუქვაძის თქმით, ისინი ეგვიპტელი ბიზნესმენების, ჰაბიბების ოჯახის ბიზნესპარტნიორები იყვნენ, მაგრამ როცა საქმე წინ წავიდა, ეგვიპტელებმა მათი მოშორება გადაწყვიტეს. ჟურნალისტ მარინა სალუქვაძის თქმით, ყველაფერი ასე დაიწყო:
- რესტორანი "ზაზანოვა" აბაშიძის ქუჩის #35-ში მდებარეობს. მანამდე მას "რეგალი" ერქვა და პასიურად მუშაობდა. საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მისმა ეგვიპტელმა პარტნიორებმა ბიზნესის აწყობის ჩვენი ხედვა, ანუ ინტელექტუალური რესურსი გამოიყენეს. მე და ზაზა დიდხანს ვფიქრობით, თუ როგორ უნდა შეგვექმნა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ორიგინალური, კომფორტული და არტისტული გარემო. მის გახსნაზე უამრავი სტუმარი, პრესის მუშაკები და ტელევიზია მოვიდა და თავიდანვე სტარტი კარგად აიღო. მალე შემოქმედებითი საღამოების ციკლი დავიწყეთ. სწორ მენეჯმენტი პლუს პერონალიები - ამან კარგი შედეგი მოგვცა. თბილისელებს ზაზა ძალიან უყვართ, მეც, ასე თუ ისე, მიცნობენ და ამის გამო ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა.
ასე რომ, როგორც კი საქმე წინ წავიდა, ეგვიპტელებს ის პირობები აღარ მოუნდათ, რაზეც შეთანხმებული ვიყავით და ჩვენი მოშორება გადაწყვიტეს. არადა, მას შემდეგ, რაც მე და ზაზა ჩავერთეთ ამ ბიზნესში, რესტორანმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ერთ თვეში ნავაჭრი 45.000 ლარი იყო. ბიზნესის აწყობის შემდეგ ეგვიპტელებმა პარტნიორობაზე უარი განაცხადეს და სამსახურიდან დაგვითხოვეს.
- ვიცი, რომ თქვენი მეუღლე ამერიკიდან მაშინ დაბრუნდა, როცა პრეზიდენტმა ემიგრანტებს მიმართა, დაბრუნდით და თქვენს სამშობლოში იმუშავეთო, არა?
- დიახ, ამ მოწოდების შემდეგ დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე მერიის დახმარებით სრულიად უანგაროდ ერთი კონცერტი გამართა და მას შემდეგ ბიზნესგეგმაზე ვმუშაობდით.
- ეგვიპტელ ბიზნესპარტნიორებთან ხელშეკრულება გქონდათ გაფორმებული?
- როგორც კი კონტრაქტზე დავიწყებდით ლაპარაკს, ამბობდნენ, ქართულ ბიზნესპირობებში ჩახედული არა ვართ, ცოტა ხნით ეგვიპტეში წავალთ და თანამშრომლობის ჩვენს ვერსიას გადმოგიგზავნითო. ხანაც იმას იმიზეზებდნენ, იურისტი არა გვყავსო... სამწუხაროდ, მე და ზაზამ შეცდომა დავუშვით და კონტრაქტის დადებამდე რესტორნის მუშაობა არ შევაჩერეთ. თუმცა კი მუდმივად ვედავებოდით იმაზე, რომ კონტრაქტი არ ჰქონდათ გაფორმებული არც ერთ თანამშრომელთან.
- რამდენი ხანს იმუშავეთ ერთად?
- ოთხი თვე, დანარჩენ თანამშრომლებთან ერთი თვის განმავლობაში... ჩვენ მათ მუდმივად ვახსენებდით, რომ აუცილებელია იურიდიული საკითხების მოგვარება, მაგრამ ამას თავს არიდებდნენ... კვალიფიკაციურ იურისტთან კონსულტაციის შემდეგ გავარკვიე, რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება სხვა ადამიანის მიერ.
- რას აპირებთ?
- ჩვენს ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დაიცავს. მომზადდა სარჩელი, რომელიც პროკურატურაში შევიტანეთ. ჩვენი ადვოკატის განცხადებით, ეგვიპტელი ბიზნესმენების ქმედება თაღლითობაა და პროკურატურაში საჩივარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით უნდა შევიდეს. რა თქმა უნდა, მივესალმები საქართველოში უცხოელი ინვესტორების ჩამოსვლას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ინვესტორებს თაღლითებიც ჩამოჰყვნენ, რომელთაც უცებ გამდიდრება სხვის ხარჯზე მოუნდათ.
- რამდენად არის ეჭვის საფუძველი, რომ ეგვპიტელი ბიზნესმენების უკან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი იდგეს?
- არა, ასეთი ეჭვის საფუძველი ნამდვილად არა მაქვს, რადგან ჰაბიბების ოჯახი თავად მთხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების გაცნობას, რის შემდეგაც მე მათ პრეზიდენტი და რამდენიმე მინისტრიც გავაცანი. ასე რომ, არა მგონია, მათი ნაცნობობა უფრო შორს წასულიყო.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)