2012 წლის 23 სექტემბერს ბელორუსიაში პარლამენტის არჩევენები გაიმართება - ამის შესახებ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მეხუთე მოწვევის ბელორუსიის ეროვნული კრების (პარლამენტის ქვედა პალატა) არჩევნების მომზადებისა და ჩატარებასთან დაკავშირებულ თათბირზე განაცხადა.
19 ივნისისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაა დანიშნული. მისი დღის წესრიგი არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ღონისძიებებსა და მეთოდიკასთან დაკავშირებული 15 საკითხისაგან შედგება. „ვიტყოდი რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნებისთვის საფუძვლის დამდები სხდომა იქნება“ - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ლიდია ერმოშინამ.
საარჩევნო კამპანიისათვის მზადების საკითხები პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და ქალბატონ ერმოშინას 8 ივნისის შეხვედრაზე იქნა განხილული. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ამ წელს არავისზე არ უნდა „ავეწყოთ“. თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ადრინდელი ჩვენი ამდაგვარი ღონისძიებების გამო მადლობა არ მიგვიღია. და, საერთოდ, არც არავისგან გვჭირდება მადლობა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს კანონმდებლობაზე და კონსტიტუციაზე ორიენტირება. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს, ისევე, როგორც სხვა არჩევნებს, ჩვენთვის ვმართავთ, ჩვენი სახელმწიფოსათვის, და ხალხმა, პატიოსან და კონკურენტულ ბრძოლაში თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმუშავებს ჩვენს პარლამენტში“.
საპასუხოდ, კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საპარლამენტო არჩევნების წინ ცვლილებებს არ დაექვემდებარება. ჯერ ერთი, ეს შეუძლებელია ვადების სიმცირის გამო და მეორეც - ასეთი მიდგომა მთლიანად შეესაბამება ეუთო-ს რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ამ სფეროში რეფორმები საარჩევნო კამპანიამდე ერთი წლის პერიოდში არასასურველია.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა არჩევნების სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო დაფინანსების საკითხიც. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მთლიანად არჩევნებისათვის 93 მილიონი რუბლი იქნება გამოყოფილი, საიდანაც 76 მილიონი პირველ ტურზე დაიხარჯება.
მიმდინარე საარჩევნო კამპანიის სიახლეა ის, რომ კანდიდატებს როგორც ტელე ისე რადიო ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობის უფლება ექნებათ.
წარმომადგენლობითი პალატა - ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრება (Палата Прадстаўнікоў Нацыянальнага сходу Рэспублікі Беларусь) ბელორუსიი პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს, და იგი 1996 წლის საყოველთაო რეფერენდუმის გზით არის შექმნილი.
პალატა 110 დეპუტატისაგან შედგება, რომლებიც საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით აირჩევა.
დეპუტატად არჩევის უფლება აქვს 21 წელს მიღწეულ ბელორუსიის მოქალაქეს. დეპუტატის უფლებამოსილება 4 წლით განისაზღვრება. დეპუტატი შეიძლება ამავდროულად მთავრობის წევრიც იყოს.
ამჟამად ქვედა პალატაში ლუკაშენკოს ბლოკი 102 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ხოლო კომუნისტურ პარტია – 8 დეპუტატით.