,,ივანიშვილის ,,კოალიცია'' დიდი ხანია მოკავშირეა... ბურჯანაძესაც შევხვდი''

,,ივანიშვილის ,,კოალიცია'' დიდი ხანია მოკავშირეა... ბურჯანაძესაც შევხვდი''

ბიძინა ივანიშვილის პარალელურად, ,,ქართული დასის'' ლიდერი ახალი პროცესის დაწყებასა და მეორე პოლიტიკური მდინარის აზვირთებას გეგმავს. არის თუ არა მისი ინიციატივა კოალიციის გეგმებთან თანხვედრაში და რა ფორმატით აპირებს ,,ქართულ ოცნებასთან'' პარტნიორობას, რატომ შეხვდა ნინო ბურჯანაძეს და რომელ რეგიონში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად? ,,ვერსიის'' კითხვებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ,,ქართული დასის'' ლიდერი ჯონდი ბაღათურია პასუხობს:  

- საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რასაც თბილისის, ქუთაისისა და გურიის აქციებმაც გაუსვა ხაზი. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ 27 მაისს ,,ქართული ოცნების'' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ,,ქართული დასი'' და სახალხო კრებაც შეუერთდა, რითაც ოპოზიციურმა სპექტრმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადა. ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად მარტოა და მას პოლიტიკურ სპექტრში დასაყრდენი არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით იმ მასხარებს, რომლებიც ,,ნაცმოძრაობის'' სატელიტ პარტიებს წარმოადგენენ. 

- თბილისის შემდეგ, იმერეთსა და გურიაში აქციებზე თქვენი არგამოჩენის მიზეზი ის ხომ არაა, რომ დღემდე უცნობია რამდენად სურს კოალიციას ,,ქართულ დასთან'' თანამშრომლობა? 

- ბუნებრივია, კოალიციის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა ,,ქართულ დასსა'' და ,,ქართულ ოცნებას'' შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ დიდი ხანია მოკავშირეები ვართ. ,,სახალხო კრებასა'' და კოალიციას შორის არასასურველი კამათი იყო, მაგრამ 26 მაისს, ივანიშვილის ვაჟკაცური ნაბიჯის შემდეგ, მე და ნინო ბურჯანაძემ მოვილაპარაკეთ, რომ 27 მაისის აქციაზე ერთად მივსულიყავით. ჯერ კვლავ დიალოგის რეჟიმში ვართ და თანამშრომლობის ზუსტ ფორმატთან დაკავშირებით ვერ ჩამოვყალიბდით, თუმცა ცალსახაა, რომ კორუმპირებული რეჟიმისაგან ქვეყნის გათავისუფლების ბრძოლაში კოალიცია და ,,დასი'' ერთად იქნება. 

- მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმდებით, თუ თქვენთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის ფორმატი განიხილება? ისიც საინტერესოა, რატომ შეათანხმეთ 27 მაისს აქციაზე მისვლა ბურჯანაძესთან? 

- მაჟორიტარების საკითხი ,,ოცნებასთან'' თანამშრომლობის მიმინალური რეჟიმი იქნება.  გაგიმხელთ იმასაც, რომ კოლეგებში ორი აზრი დომინირებს - ჩამოყალიბდეს ერთი დიდი საარჩევნო ბულდოზერი, ანუ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ან პოლიტიკურ ასპარეზზე მეორე საცეცხლე წერტილი გაიხსნას, რომელიც დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან კოორდინაციით ხელისუფლებას შეუტევს. ვფიქრობ, ახალი ფრონტის შექმნა მეტი რისკის შემცველია, რადგან, შესაძლოა, ამომრჩეველი დაიბნეს. შესაბამისად, ,,ქართული დასი'' პირველ ვარიანტს უჭერს მხარს. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს. ,,სახალხო კრების'' ინიციატივითა და ხელშეწყობით შევხვდი მას. შეხვედრა ურთიერთპატივისცემისა და აზრთა თანხვედრის ფონზე წარიმართა. მეტიც, ნინო ბურჯანაძესთან საუბრით აღფრთოვანებულიც კი ვარ. 

- ამჯერად თქვენ აბნევთ საზოგადოებას. ,,ქართულ ოცნებასთან'' დიალოგის  პარალელურად, მოლაპარაკებებს აწარმოებთ ბურჯანაძესთანაც, რომელიც კოალიციისთვის ჯერ კიდევ მიუღებელი პოლიტიკოსია? 

- როცა ქვეყნის გათავისუფლების უმნიშვნელოვანეს პროცესზე ვსაუბრობთ,პირადი შეხედულებებისა და გემოვნების მიხედვით ნამდვილად არ უნდა ვიმსჯელოთ. თანაც, შეფასება, თითქოს ბურჯანაძე ,,ქართული ოცნებისთვის'' მისაღები არ არის, დაძველებულ თემად მიმაჩნია. 

- რატომ, გაქვთ ინფორმაცია, რომ კოალიცია ნინო ბურჯანაძესთანაც ითანამშრომლებს?

- ვერ გეტყვით. ვფიქრობ, სამების ტაძარში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. საერთოდ, დღეს თითოეული ჩვენგანი ხვდება, რომ ერსა და პოლიტიკურ სპექტრს გაერთიანება სჭირდება. საკითხი ასე დგას: ან ყველანი ერთად წართმეულ სამშობლოს ვიბრუნებთ ან არაფერი იცვლება და ქვეყნის მომავალს ვკარგავთ. სწორედ ამიტომ, ჯონდი ბაღათურიას პირადი შეხედულება რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ, პატარავდება. გარწმუნებთ, ჩემზე ბევრად უკეთესი მამულიშვილები არიან ,,კრებაშიც'' და კოალიციაშიც. ქვეყანაში შექმნილი ვითარება კი თითოეულ ჩვენგანს ყურში ჩაგვბღავის, რომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრი არჩევნებზე ერთიანი სიით უნდა გავიდეს. მთავარი პირობა - ერთობაა. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ფაქტი, რომ შეხვედრამ ურთიერთპატივისცემის ფონზე ჩაიარა, ბევრ რამეზე მიუთითებს. საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკური და ადამიანური სიმპათიები ერთმანეთს ემთხვევა. 

- მაინც გაუგებარია, ივანიშვილთან იქნებით თუ ბურჯანაძესთან? ან იქნებ, შუამავლის როლი დაგეკისრათ?

- საქართველოსთან ვიქნებით ჩვენც, ,,ქართული ოცნებაც'' და ,,კრებაც''. ჩვენი ერთიანობა საქართველოს ინტერესებთან ყოფნას ნიშნავს. დღეს იმის არჩევანი არ მაქვს, პოლიტიკური პარტნიორი იმის მიხედვით განვასხვავო, რა შეხედულება აქვს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ან მემარჯვენეა თუ მემარცხენე. ,,დასი'' მართლაც ცდილობს ოპოზიციის გაერთიანებას, მაგრამ ყველაზე მაგარი ტიპი უნდა იყო, რომ შუამავლის პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ეს გაცილებით აპოლიტიკური ადამიანების ტვირთია. სხვათა შორის, ბურჯანაძესთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობა'' სახალხო კრების მედიატორობით, კახა კუკავასთანაც აქტიურ დიალოგს აწარმოებს. ჩემთვის ამ ფაქტის შეტყობინება ავტომატურად ნიშნავდა - რამე ხომ არ მაქვს ,,თავისუფალი საქართველოს'' მიმართ საწინააღმდეგო. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, კუკავას შემართებას პატივს ვცემ. ვიმეორებ, ოპოზიციურ პარტიებს დღეს არ გვაქვს ფუფუნება, განსხვავებული აზრების გამო ვიკამათოთ. ამის დრო მას შემდეგ დადგება, რაც კრიმინალურ რეჟიმს დავამარცხებთ. 

- ,,ქართულ ოცნებას'' ერთი დღით დაასწარით და ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეთ. სახალხო მსვლელობა მოკავშირე ძალასთან შეთანხმებული გქონდათ თუ პარალელურ პროცესს დამოუკიდებლად იწყებთ?

- დიახ, ნამდვილად მაქვს სურვილი, პარალელური პროცესი დავიწყო იმ მიზნით, რომ ორივე პოლიტიკურმა მდინარემ მომავალში უკანონობასთან დატაკება ერთ ზვირთად შევძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის, ქუთაისისა და გურიის აქციები მასშტაბური იყო, ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის. ბათუმის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მეორე მდინარის აზვირთების წინაპირობაა, თანაც მსგავსი შეხვედრები ტრადიციულ სახეს მიიღებს. საერთოდ, ბათუმსა და სამეგრელოზე ჩემი განსაკუთრებული ყურადღება განპირობებულია იმით, რომ ბათუმელი მეგრელი ვარ. პარტიის სტრუქტურებიც სრული დატვირთვით სამეგრელოში, აჭარაში, თბილისაა და მცხეთა-მთიანეთში მუშაობს. გული მწყდება, რომ არასაკმარისი რესურსების გამო, დანარჩენ რეგიონებში ვერ ვაქტიურობთ. მიმდინარე პროცესები მაჩვენებს, რომ ,,ქართული დასი'' საარჩევნოდ ალიანსში იქნება. ამ ფორმატში კი, ალბათ, აქცენტს სწორედ აჭარაზე, სამეგრელოსა და თბილისზე გავაკეთებთ. 

- მაჟორიტარ კანდიდატად სამეგრელოში გიხილავთ თუ აჭარაში?

- გიდასტურებთ, მაჟორიტარად კენჭს აუცილებლად ვიყრი, თუმცა კონკრეტულად რომელ რეგიონში, ვერ გეტყვით. საერთოდ, ვფიქრობ, თუ პარტნიორებს განსაკუთრებული არგუმენტი არ ექნებათ, ყველა ლიდერმა მაჟორიტარად უნდა იყაროს კენჭი. თუ ოპოზიციურ ძალებს გვაქვს ამბიცია პარლამენტში უმრავლესობით შევიდეთ, ამას მხოლოდ პროპორციული სიით ვერ მოვახერხებთ. ხელისუფლებას მაჟორიტარების მანდატებიც უნდა წავართვათ.  პირადად ჩემი სურვილია, ,,ქართულ ოცნებასთან'' აქციების გრაფიკიც კი დავამთხვიოთ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მჭიდრო კოორდინაცია არ გვაქვს. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ხელისუფლებას ძალაუფლება დავათმობინოთ და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაც ვაიძულოთ. 

- დათმობაზე საუბრობთ, ხელისუფლება კი ოპოზიციას ანგარიშსაც არ უწევს - ივანიშვილს კოლოსალური ჯარიმის გადახდა დაეკისრა, მისი ამერიკელი პარტნიორის დაკავებასაც არ მოერიდნენ, საქართველოს მასშტაბით ,,გლობალ ტვ''-ის ანტენებს ხსნიან, ირკვევა ისიც, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ოლქებში საერთაშორისო დამკვირებლებსაც არ დაუშვებენ... 

- გარწმუნებთ, თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გაბედავს, მეორე დღესვე ქუჩაში მილიონი ადამიანი გამოვა. შეუძლებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს პროცესი შეაჩეროს, რადგან ის უკვე წარსულია. ისღა დაგვრჩენია ეს ფაქტი ოფიციალურად გავაფორმოთ. იცით, რატომ შეინარჩუნა ,,ნაცმოძრაობამ'' ძალაუფლება რვა წლის განმავლობაში? ოპოზიციას არ ჰქონდა რესურსი, მისთვის რეალური წინააღმდეგობა გაეწია. დღეს შანსი გვაქვს რეჟიმი დავასრულოთ, მაგრამ თუ არ ვივაჟკაცეთ, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას შეექმნება საფრთხე. არჩევნებში მთავარი სიტყვა ხალხს ეკუთვნის და თუ საზოგადოების აქტივობა მაღალი იქნება, გაყალბებულ არჩევნებს დასავლეთიც არ აღიარებს, ამიტომ დღეს კოლექტიური მაცი ხვიტიები უნდა გავხდეთ და რეალურად ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. თუ ამას ვერ შევძლებთ, უახლოეს მომავალში მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე.