"მაესტროზე" ეკა ბერიძეს მუსიკოსი, ჯგუფ "ვაკის პარკის" ხელმძღვანელი ზაზა ხუციშვილი ჩაანაცვლებს. დიახ, უცნაურია, მაგრამ "პირდაპირ საუბარს" სწორედ ხუციშვილი წაიყვანს. ამას ჰქვია "საიდან სადაო, წმინდაო საბაო"… "ქრონიკას" ზაზა ხუციშვილი ესაუბრა:
- ზაზა, საკმაოდ სერიოზული განაცხადია თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის და ჩაფლავების არ გეშინიათ? რატომ გადაწყდა ამ პროექტში თქვენი დასაქმება?
- შიშით ნამდვილად არ მეშინია. სამი თვის წინ "მაესტრომ" მიმიწვია ერთი კვირის მანძილზე სტუმრად და სხვათა შორის, მოეწონათ ჩემი მსჯელობა, საუბარი, მერე მამუკა ღლონტმა დამირეკა და შემომთავაზა, რადიოში დამეწყო გადაცემა "პოლიტროკენროლი", სამი თვის განმავლობაში მიმყავდა. ბევრი ხალხი რეკავდა და მოსწონდათ, გარკვეული რეიტინგიც მოვიხვეჭე. ამის შემდეგ უკვე შემომთავაზეს ეს გადაცემა და რა ვიცი. მთავარია, რომ პროდიუსერთა ჯგუფია და ისინი მეხმარებიან ძირითადად… გადაწყვეტილება ჯერ ეკასი იყო, ფაქტობრივად. ჯერ ეკამ გადაწყვიტა წასვლა და მერე დამიძახეს მე. ისე, ჩემთვის გამოწვევაა და ვნახოთ… თუ შევატყვე, რომ არ გამომდის და სხვას უკეთესად შეუძლია, არც ჩემთვის იქნება წამოსვლა პრობლემა და არც პროდიუსერებისთვის ჩემი გამოშვება.
- სინჯები უკვე გქონდათ?
- არა. თავად გადაცემა ხომ პირდაპირი ეთერია და უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეგრევე, პირველივე პირდაპირი ეთერი იქნება ორშაბათს… ისე, ვიცი, რომ რამდენიმე ჟურნალისტთან საუბრები იყო. მაგრამ, ამას გარდა, "მაესტრო" კიდევ აპირებს სხვა გადაცემების გაშვებას… ეკა "მეცხრე არხზე" გადავიდა და არ ვფიქრობ, რომ ცუდია, თუ ბევრი ასეთი გადაცემა იქნება. ყველაფერი საინტერესოა, რადგანაც ვთვლი, რომ არჩევანების წინ მოქალაქე ინფორმირებული უნდა იყოს, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. ისე, შეიძლება, რომ ჟურნალისტი არც დამარქვათ. ჩემთან ერთხელ ია ანთაძე იყო ეთერში და დამარქვა "მოქალაქე ჟურნალისტი" და მეც მიმაჩნია, რომ ეთერს მოქალაქის პოზიციიდან წავიყვან. ვეცდები, რომ ვიყო ნეიტრალური, თუმცა ჩემი სიმპათიები გამაჩნია… კონსტიტუციის დაწერას მე იქ არავინ მთხოვს და საინტერესო კითხვებს დავსვამ და არა მგონია, გამიჭირდეს.
ამის შემდეგ, "მეცხრე არხის" გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს დაუკავშირდი. ის ხომ "მეცხრე არხის" გახსნის შემდეგ ამბობდა, "მაესტრო" ჩემი აწყობილია და ეკა ბერიძეს არ წავართმევო. საინტერესოა, ახლა რას იტყვის?..
კახა ბექაური:
- ეკა ბერიძე თვითონ წყვეტს, რომელ არხზე იყოს. ეს მისი გადაწყვეტილებაა.
- ის მაინც გვითხარით, რა გადაცემას წაიყვანს ივლისიდან?
- ეს იქნება ტოქშოუ, მეტს ვერაფერს გეტყვით.