“ნაციონალური მოძრაობის” პროგრამა

“ნაციონალური მოძრაობის” პროგრამა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ამისათვის ხელისუფლების შეცვლა. ამ მიზნის განსახორციელებლად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს საპარლამენტო და ადგილობრივი საკრებულოების ტრიბუნას, მხარს დაუჭერს ფართო სახალხო მოძრაობას, განახორციელებს კოორდინაციას სხვა პოლიტიკურ ძალებთან, დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაშლის ფართო პოლიტიკურ მუშაობას საზოგადოებაში და იქცევა თითოეული მოქალაქის ინტერესების გამომხატველ მასობრივ დემოკრატიულ ძალად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ფართო საერთაშორისო კავშირების გამოყენებას საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.

პატრიოტული ხელისუფლების მოსვლამდე უახლოესი საპროგრამო მიზნები.

ჩვენი მიზნებია:

1.ავამოქმედოთ თბილისის არჩეული საკრებულო და თბილისელებთან დადებული ხელშეკრულება, რათა ცხოვრებაში გავატაროთ ლოზუნგები - „თბილისი შევარდნაძის გარეშე“, რაც ნიშნავს საქართველოში დღევანდელი პრეზიდენტის ნომენკლატურული სტილისაგან განსხვავებული სტილის მმართველობის დანერგვას. მმართველობის ახალი სტილი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება კლანების დამცველიდან თითოეული მოქალაქის ინტერესების დამცველად გარდაიქმნება.

2.არ დავუშვებთ ხელისუფლების გეგმების შესრულებას სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით. დღეს ასეთი პრივატიზაცია ემსახურება ერთადერთ მიზანს - დღევანდელი კლანების ეკონომიკურ მმართველობასა და ქვეყნის საბოლოო დაკაბალებას.

3.ყველანაირად შევებრძოლოთ ხელისუფლების გეგმებს, შეამციროს პედაგოგი, კულტურისა და მეცნიერების მუშაკი, მეცნიერ თანამშრომელი, ვინაიდან დღეს ასეთი შემცირება ნიშნავს ქვეყნის სამეცნიერო და კულტურული პოტენციალისათვის აუნაზღაურებელი ზარალის მიყენებას.

4.აღვნუსხოთ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების მიერ მითვისებული ქონება, რათა პატრიოტული მთავრობის მოსვლის შემდეგ მოხდეს უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევა და ხალხისთვის დარიგება.

5.ჩვენ ვიბრძოლებთ დემოკრატიული საარჩევნო კანონისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

ძირითადი საპროგრამო მიზნები

პატრიოტული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ:

პატრიოტული ხელისუფლება, ახალი პრეზიდენტი და ახალი პარლამენტი დაიცავენ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის ინტერესს.

1.დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა უკანონოდ მითვისებული ქონება მაღალი რანგის მოხელეებს და პასუხს აგებენ სისხლის სამართლის კოდექსით. იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს.

2.გამოცხადდება საგადასახადო ამნისტია მცირე ბიზნესისათვის, შემოღებული იქნება ახალი სამართლიანი საგადასახადო სისტემა, რადგანაც ამჟამინდელი გადასახადები უსამართლოა და ემსახურება არა სახელმწიფოს, არამედ გამოძალვისა და ოფიციალური რეკეტის წყაროდაა ქცეული.

3.მოხდება ყველა „ადგილობრივი ფეოდალის“ ალაგმვა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

4.დაუყოვნებლივ თავის უფლებებში აღდგება ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. მოხდება მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ჩამორთმეული იმ მიწების, შენობების, მონასტრების დაბრუნება, რომლებიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება.

5.არმიის შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადდება. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მკვეთრად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასი. ქართულ არმიაში სამსახური ღირსების საქმედ იქცევა.

6.განხორციელდება სამართალდამცავი სტრუქტურების ძირეული რეფორმები და მკვეთრად გაიზრდება პირადი შემადგენლობის ხელფასები. რეფორმები უზრუნველყოფს საზოგადოებაში ამ სტრუქტურების ავტორიტეტის ამაღლებას.

7.შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი ქართული კულტურის გადასარჩენად და გასავითარებლად, ამ სფეროს დაფინანსება და ყოველმხრივი ხელშეწყობა იქნება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

8.გამოცხადდება საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის,განათლების სისტემის გადარჩენისა და განვითარების პროგრამა.

9.გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად და საქართველოში სეპარატიზმის კერების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად.

10.დაუყოვნებლივ დაიწყება და თანმიმდევრულად განხორციელდება დაბალი ხელფასების, ყველა სახის დახმარების და პენსიის საარსებო მინიმუმთან გატოლების პროგრამა. საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით.

11.განხორციელდება დამნაშავეებთან უმკაცრესი ბრძოლა და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტიები.

12.შეიქმნება პირობები საქართველოდან წასული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის.