"გურიაში "ქართული ოცნების" აქცია შედგა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ხალხი აქციაზე მივიდა. როგორც ოზურგეთში ამბობენ, თეატრალურ მოედანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის დაწყებამდე მთელი დღის განმავლობაში გურიაში სხვადასხვა საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მაგალითად, საჯარო დაწესებულებები კვირა დღესაც მუშაობდნენ, გურული სამართალდამცავები ძალიან დიდ ინტერესს აფიქსირებდნენ და ისმენდნენ აქციის მსვლელობას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოზურგეთში "ოცნების" აქციას 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო / ივანიშვილი: დეკარტე გურული რომ ყოფილიყო, პირიქით იტყოდა - "ვარსებობ, ესე იგი ვაზროვნებ".
"აქციის დაწყებამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლანჩხუთიდან მომავალი კოლონა სოფელ გურიანთაში იყო გაჩერებული და პოლიცია მათ ოზურგეთში არ უშვებდა. რამდენიმე წუთით - დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი ელოდა, როდის მისცემდნენ პოლიციელები მათ გადადგილები უფლებას... 7 საათისთვის კი ოზურგეთში აქცია დაიწყო - ქეთი დოლიძე, ნათელა თოხაძე (მელექედურის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს), ქეთი დუმბაძე, თემურ ჭკუასელი და სხვა ცნობილი სახეები თავად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა სცენაზე. მანვე გამოაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები გურიაში: ჩოხატაურში - მომღერალი და მწერალი თემურ ჭკუასელი, ოზურგეთში - ყოფილი დიპლომატი ზვიად კვაჭანტირაძე და ლანჩხუთში - ყოფილი ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე", - აღნიშნავს გამოცემა.
"მახსენდება დიდი ფრანგი ფილოსოფოსის სიტყვები: "ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ!". დარწმუნებული ვარ, დეკარტე გურული რომ ყოფილიყო, პირიქით იტყოდა - "ვარსებობ, ესე იგი ვაზროვნებ!" ვერანირი ოქრო-ვერცხლი ვერ შეედრება ამ სიმდიდრეს - აზროვნებას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გურული გლეხი ისე იმსჯელებს მსოფლიო პოლიტიკაზე, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეშურდება. ხოლო იმავე გლეხის და მისი რამდენიმე მეზობლის ნამღერი კრიმანჭული, მრავალხმიანი და იმპროვიზაციული სიმღერა, მსოფლიო პოლიფონიის შედევრად რომ არის წოდებული, ყველაზე მაღალი რანგის აზროვნებას გვასწავლის - არადოგმატურს, შემოქმედებითს და თავისუფალს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, გურულები ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული იუმორითა და კრიტიკული აზროვნებით და რაც ყველაზე მთავარია, კრიტიკას არ აკლებენ არც ერთ ხელისუფლებას... "ასეთებად უნდა დარჩეთ, გურულებო , საქართველოს ასეთები უყვარხართ, ასეთები სჭირდებით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმით, "ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, როცა ხელისუფლების ღირსების საქმე იქნება, როგორ მოექცევა იგი განსხვავებული აზრის ადამიანებს", - დასძენს გამოცემა.
"დღეს გურულებს თხილიღა შემორჩათ ისედაც მწირი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ. ვიცი, როგორ თავდაუზოგავად შრომობთ, მაგრამ ამ შრომის შესატყვისი შემოსავალი არ გაქვთ. არ გაქვთ იმიტომ, რომ დღეს მონოპილიზებულია თხილის ბიზნესი, ჩაბარების ფასები ხელისუფლებისგან ხელდასმული ერთი ჯგუფის ხელშია და ამ ჯგუფის გადასაწყვეტია, რა ფასად ჩააბარებს თხილს და თქვენც იძულებული ხართ, ჩალის ფასად ჩააბაროთ. ეს უნდა დამთავრდეს. ერთი მცირე ჯგუფი ვერასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს. ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობა. მე გპირდებით ამას. მაშინ როცა გურიაში პლანტაციები გავერანებულია, ჩვენი მოქალაქეები თურქეთსა და საბერძნეთში ოჯახის სარჩენად არიან გადახვეწილი, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში მუშაობით წელში არიან გაწყვეტილები. რა გვჭირს ასეთი ქართველებს, რომ ჩვენი ხალხის ადგილი ჩვენსავე სამშობლოში არარ არის, ეს უნდა დასრულდეს", - თქვა გამოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განმარტებით, სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს. ამას იგრძნობენ გურულებიც და ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში", - წერს რეპორტაჟის ავტორი.
"17 ივნისი, ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორია, თეთრ-ლურჯი, რეგიონისთვის საკმაოდ ხალხმრავალი აქცია, ამავე ფერებში გადაწყვეტილი უზარმაზარი ბანერები. სცენა კენტი ლიდერით, სცენის გარშემო შუშის უზარმაზარი "გადასატანი" გალავანი, რომელსაც პირველად არ ვხედავთ - ეს "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნის დღეა გურიაში. "გურულ ოცნებას" მხარს ოზურგეთელების გარდა, ჩოხატაურიდან ჩამოსულ მხარდამჭერთა კოლონა უმაგრებს, რომელში 100-,დე მსუბუქი მანქანა, 50 მიკროავტორბუსი და ორიც ავტობუსი ჩაუბამთ. პროცესიას კი "ოცნების" ლიდერები - თემურ ჭკუასელი, ბიძინა გუჯაბიძე და გიორგი ცაგარეიშვილი მოაცილებენ. ოზურგეთში სხვა ლიდერებიც იმყოფებიან, მათ შორის დავით ბერძენიშვილი", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნების" მაჟორიტარები ოზურგეთში ზვიად კვაჭანტირაძე, ლანჩხუთში თემურ ჩხაიძე და ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი იქნებიან.
"რამდენიმე წუთის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა მთავარი პოლიტიკური სიტყვა წარმოთქვა - იგივე დაპირებები, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამა, განათლების სისტემის რეფორმა, "თავგასული და ახირებული" ხელისუფლების არჩევნების გზით გაშვება... და ივანიშვილი პირველად შეეხო პრეზიდენტ სააკაშვილის "ქართულ ოცნებას" - ახალ ქალაქ ლაზიკას. "ახირება და აკვიატება, აბა სხვა რა შეიძლება უწოდო ლაზიკას პროექტს. აჩემებული აქვს ახლა ეს ლაზიკა - თუ ქალაქი, თუ ტანკი! ვის ატყუებს, საინტერესოა!" - არადა, პრეზიდენტმა მილირდერს ჯერ შუშის ხიდის დაწუნებაც ვერ აპატია. ივანიშვილი შეეხო უპრეცედენტო ჯარიმების თემასაც და გურულები დარწმუნა, მილიონებს კი მაყრევინებენ, მაგრამ უკან მაინც ვერ დამხევენო - "ეს სააკაშვილის უბადრუკი ოინებია. ვიცი, ხალხი ღელავს ამის გამო, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, მე ამით ვერ შემაჩერებენ, ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ", - განაცხადა ივანიშვილმა და ტრადიციულად საარჩევნო კამპანიის დღე გურიაში მაჟორიტარებს წარდგენით დაასრულა. "ქართული ოცნების" შემდეგი აქცია 1 ივლისს მცხეთა-მთიანეთში გაიმართება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ივანიშვილის სიტყვას აქციაზე მოსული ხალხი, როგორც უნდა, ისე უსმენს. რაც უნდათ გაიგონ და დაიჯერონ, იმას იჯერებენ კიდეც და სხვა გამომსვლელების სიტყვებს უფრო უკირკიტებენ. სრულდება აქცია, ბიძინა ივანივილს ბერა ენაცვლება და გურულები გარეპვას არ აპირებენ - პირველი სიმღერის დასრულებისთანავე იშლებიან, ავტობუსებისკენ მიდიან, ორი გურული მიდგას წინ და გულიანად იცინის. ვინტერესდები და ვუახლოვდები - "შვილო, მანამდე იყო და ცხონებულმა პატარკაციშვილმა "იმედი" მოგვცა", ახლა ეს ბიძინა კიდო, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და "ოცნებას" გვიხდენს, რა დაგვრჩა კიდე? "იმედი" ხო იყო, "ოცნება" ხო არის, მერე, ბიძია, "ფანტაზია" რჩება და ამ პარტიას შევქმნით ჩვენ, ბიძია, გურულები!", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით რა ხდებოდა ოზურგეთში ივანიშვილის აქციაზე?!