"ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნდა, "ქართული ოცნების" ლიდრემა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა - "სახალხო კრების წევრებისადმი მე მაქვს სურვილი და შეთავაზება, რომელსაც თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ახლა საჯაროდ პირველად გავაჟღერებ - ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი თუ მოისურვებენ და რეგონებში ჩვენთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, ჩვენ მოვხსნით ჩვენს კანდიდატებს და სიამოვნებით დავუდგებით მათ გვერდით", - დათანხმდნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ამ შეთავაზებას ზემოთ დასახელებული პირები, ამას მკითხველი ექსკლუზიურად ახლა შეიტყობს", - წერს გაზეთი "ასავალ-დასავალი" სტატიაში სათაურით სოსო ჯაჭვლიანი: მეც და ლუკა კურტანიძეც მზად ვართ მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება მაჟორიტარ კანდიდატობასთან დაკავშირებით!
"სახალხო კრება ერთ-ერთი პირველი მიესალმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ მუდმოვად ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ საჭიროა ერთიანი ფრონტით ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. დიახ, სახალხო კრებას, მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს არასოდეს უთქვამთ, რომ მაინდამაინც "ქართული ოცნების" კოალიციაში უნდა შესულიყვნენ. ჩვენ, უბრალოდ ვსაუბრობდით საერთო კოორდინაციასა და ერთიან ბრძოლაზე. "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩვენს მიმართ გაკეთებული შეთავაზება არის ცალსახა და მკაფიო პასუხი სახალხო კრების სურვილზე, რომ ამ გათახსირებულ ხელისუფლებას ვებრძოლოთ ერთიანი ფრონტით, ერთიანი ძალებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ჯაჭვლიანი.
"ჩვენ მივესალმებით ბატონი ბიძინას მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს და არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, მის შემოთავაზებაზე უარი ვთქვათ. აბა წარმოიდგინეთ, ამდენი ხანია ვიძახით, ერთიანობა, ერთიანობაო, ბიძინა ივანიშვილმა გადმოდგა ნაბიჯი ერთიანობისკენ და ახლა ჩვენ რაღაც უაზრო კაპრიზები და "კლაუზნიკობა" რომ დავიწყოთ. ხალხი რას იტყვის? ხალხი გვეტყვის - წადით თქვენი, "სიაფანდები" ყოფილხართ, არაფერი ერთიანობა თქვენ არ გდომებიათ და ამდენი ხანი რას აფერისტობდითო! ამიტომ ჩვენ, მეც და ლუკა კურტანიძეც მზად ვართ, მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება მაჟორიტარ კანდიდატობასთან დაკავშირებით. მზად ვართ დეტალებზე სასაუბროდ შევხვდეთ ბატონ ბიძინას", - დასძენს სოსო ჯაჭვლიანი და შეკითხვას - "ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის პოზიცია როგორია?" - პასუხობს:
"ქალბატონი ნონა აცხადებს, რომ თავისი ასაკის გამო არ აქვს სურვილი არჩევნებში კენჭი იყაროს, მაგრამ ისიც და მთელი სახალხო კრებაც მზად არის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისთვის!
"მეც ზუსტად იგივე პოზიციაზე ვარ, რაც სოსომ მოგახსენათ. ჩემთვის საამაყოა ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამშობლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა და მზად ვარ ამ ბრძოლას სიცოცხლეც შევწირო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლუკა კურტანიძე.