სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელი პრეზიდენტის სახელს რომ ყვირის, მთავრდება სახელმწიფო და იწყება კლანი

სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელი პრეზიდენტის სახელს რომ ყვირის, მთავრდება სახელმწიფო და იწყება კლანი".

"პრეზიდენტი ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი დაიღალნენ ჩვენთვის ერთისა და იმავეს გამეორებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩავიხედოთ ჩვენს კონსტიტუციაში და ამოვიკითხავთ, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია. კლინტონი და ბასი კი არა, დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი გეტყვით, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და არჩევნები არ უნდა გააყალბონ, ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ არ უნდა ართმევდნენ მოქალაქეობას, არ უნდა უყადაღებდნენ ბიზნესს და არ უნდა აკისრებდნენ უცნაურ ჯარიმებს. ეს ძალიან მარტივი საკითხია და ბევრი განხილვა არ სჭირდება", - აცხადებს ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით `ხელისუფლებამ დაკარგა იდეოლოგიური ვექტორი" / `ძალიან საშიშია, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანი იზოლაციაში ხვდება~ / `სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელი პრეზიდენტის სახელს რომ ყვირის, მთავრდება სახელმწიფო და იწყება კლანი".

"სააკაშვილის წინ დგას დილემა - ან იყენებს თავის ხელისუფლებას როგორც სადამსჯელო მექანიზმს და მისი მეშვეობით აპირებს საქართველოს დაპყრობას, ან აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობას, გახდეს თანამედროვე ევროპისა და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი - ასეთი ცდუნების წინაშე კაცობრიობა გაჩენის დღიდან დგას და ეს არის პოლიტიკური ლიდერის მდგომარეობა, რომელიც ვერ ეგუება რეალობას. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ეს ყველაფერი გაიარა კაცობრიობამ და ამას ისტორიის ცოდნა არ სჭირდება, ეს ლიტერატურიდანაც იციან ადამიანებმა. ჯონ ბასმა თავის ამასწინანდელ განცხადებაში ოპოზიციაზე კი არა, ქართველ საზოგადოებაზე ილაპარაკა. აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების გადასაწყვეტია ყველაფერი. თუ საზოგადოება აპირებს, თავი ჩაქინდროს და თავში ჩაარტყმევინოს ხელისუფლებას, ის ტირანის ღირსია და სააკაშვილისგან ტირანს შექმნის, მაგრამ თუ იტყვის, არ ვართ მონები და არჩევანის თავისუფლება გვაქვსო, სიტუაცია შეიცვლება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი.

"აქ საქმე მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება, ეს ეხება საზოგადოებას და სააკაშვილის მხარდამჭერებსაც. მათ უნდა უთხრან თავიანთ ლიდერს, - მოგვწონხარ, გვინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მაგრამ მოგვეცი არჩევანის გაკეთების საშუალებაო. არსებული ვითარება ბევრად შეურაცხმყოფელი სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის უნდა იყოს, რადგანაც სააკაშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისი პოლიტიკური რჩეულიც თვითონ არის. განსახილველი არც უნდა იყოს საკითხი, რომ გვქონდეს უფლება, რომელ არხსაც გვინდა, იმას ვუყუროთ და არჩევანიც ისეთი გავაკეთოთ, როგორიც გვინდა. ამ თემებზე დიდი ხნის წინ იკამათა კაცობრიობამ. არ შეიძლება ეს თემები 21-ე საუკუნეში ხელახლა აღმოვაჩინოთ და მასზე ხელახლა ვიკამათოთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გლობალ ტივის~-ის ამერიკელი მეწილის დაკითხვა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ეს არის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი საძაგლობა. ამ ხელისუფლების საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა კი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. სააკაშვილი დიდი ხანია მოსწყდა ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებას და რაც უფრო იკეტება თავის ნაჭუჭში თავისივე დაცვით, აპოლოგეტებით, ტაშის დამკვრელებით, ტელევიზიებით, მით უფრო არაადეკვატური ხდება. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვისაც, სააკაშვილისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. კარგი იქნებოდა, სააკაშვილი უფრო გახსნილი ყოფილიყო გარე ინფორმაციისთვის და რეალურად შეეფასებინა ვითარება, მაგრამ სამწუხაროდ ხდება მისი იზოლაცია. ამაში გარემოცვა კი არა, თვითონაა დამნაშავე, - სადაც ტაშს არ უკრავენ, იქ მისვლა არ სურს. ამიტომაც სულ უფრო გაიზარდა ის ადგილები, სადაც მას ტაშს არ უკრავენ და სამყაროც მის ირგვლივ შევიწროვდა. ძალიან საშიშია, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანი იზოლაციაში ხვდება. ალექსანდრე რონჟესის დაპატიმრებაც ამ კონტექსტშია განსახილველი. ისეთ ძალადობას სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, შენს მოქალაქეებთან გაგსვლია, მძიმე შედეგი ახლო მომავალში მოჰყვება", - განმარტავს გიორგი მარგველაშვილი.

"ეს ხალხი ჩარჩენილია იმ რეალობაში, რომელშიც სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელები (რომლებიც წესრიგს უნდა იცავდნენ) "მიშა! მიშას!" იძახდნენ. ეს პირველად მოხდა პოლიციის შენობასთან მიტინგის დროს - პოლიციელს დააძახებინეს - მიშა! სწორედ მაშინ დამთავრდა ქართული სახელმწიფოებრიობის კონცეფცია - სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელი პრეზიდენტის სახელს რომ ყვირის, მთავრდება სახელმწიფო და იწყება კლანი. ასეთ ვითარებას სახელმწიფოსთან შეხება არ აქვს. ეს არის დაბრუნება ეპოქაში, როცა ადამიანები პირისპირ იდგნენ და ბელადის სახელს იძახდნენ. ამ ადამიანებთან ურთიერთობისკენ გადადგმული ნაბიჯები ივანიშვილის უპირატესობას აჩვენებს", - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

"გვახსოვს, როგორ სპეკულირებდნენ - ივანიშვილი არაკომუნიკაბელურია, არ იცის ურთიერთობა, საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილიო. მითი, რაზეც დამყარებული იყო ხელისუფლების პროპაგანდა, დაინგრა, რადგან ივანიშვილი ძალდაუტანებლად ურთიერთობს ადამიანებთან, გაცილებით იოლად აგვარებს კონფლიქტებს, ვიდრე მისი ოპონენტი სააკაშვილი. ივანიშვილი არ არის იზოლირებული, ვიღაცის ბაროკამერაში გაზრდილი ადამიანი. მან საჩხერიდან დაიწყო, მერე თბილისში მუშაობდა მუშად. ყველა რგოლი რეალურად გაიარა და არაფრით ჰგავს სააკაშვილს, რომელიც ხან ტრაქტორს მოახტება, ხან ფორმულა 1-ს, რეალურად კი არც ერთის მომხმარებელი არ არის. როგორ შეიძლება ივანიშვილის უჭირდეს საუბარი ადამიანებთან, როცა სწორედ კომუნიკაბელურობით მიაღწია წარმატებას. მითი, რომ ივანიშვილი ადამიანებთან ვერ ურთიერთობს, დამთავრდა და ივანიშვილმა კიდევ ერთი პლუსი ჩაიწერა", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

"ხელისუფლებამ დაკარგა იდეოლოგიური ვექტორი. ერთ დროს გვეგონა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხალხის რჩეული ხელისუფლება. ეს იყო ხელისუფლების იდეოლოგიური ფუნდამენტი, მერე ეს ფუნდამენტი მოირყა და იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ გვყავს პროგრესული ხელისუფლება, რომელიც პროდასავლურია, მაგრამ თავისი ბოლო ვიზიტისას ჰილარი კლინტონმა მკაფიოდ განაცხადა, - თქვენი პროდასავლურობა იმაში გამოიხატება, თუ საქართველოში თანამედროვე დემოკრატიას ააშენებთო. ასე რომ, დღის წესრიგიდან მოიხსნა მსჯელობა, რომ ეს ხელისუფლება არის რაღაც დიდი პროდასავლური კონსპირაციული გაერთიანების წევრი. ნათლად გამოჩნდა, რომ არავინაც არ არიან, რომ საქართველოს არავინ სთხოვს რუსეთის პრობლემის გადაწყვეტას. მას მხოლოდ იმას სთხოვენ, რომ იყოს ცივილიზებული", - დასძენს რესპონდენტი.

"ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას დარჩა იდეოლოგიის თვალსაზრისით, არის სააკაშვილის ახირებები, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. ჩვენ ვხედავთ, რა უნდა მიშას და მისი სურვილები არ უკავშირდება არც ქართველ ხალხს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას. ასე გაჩნდა ცალკე ღირებულება - სააკაშვილის სურვილი. ეს, ბუნებრივია, არ ჯდება არც ერთ სისტემაში, გარდა იმისა, რომ არის ტოტალიტარული დიქტატურა. შესაძლოა ამ ეტაპზე არც არის დიქტატურა, რადგან არ გააჩნია ასეთ რეჟიმში ასრულების მექანიზმი, მაგრამ ემოციურად, შინაგანად, იდეოლოგიურად უკვე დიქტატურაა. არ შეიძლება იმ ადამიანის სურვილები ლოგიკურად მიიჩნიო, რომელსაც შინაგანი ვალდებულებები არავისთან აქვს, - საქართველოს ხელისუფლების სათავეში დღეს ვალდებულებების გარეშე დარჩენილი ადამიანია მასზე მიბმულ ჯგუფთან ერთად", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი და შეკითხვას - "თბილისისა და ქუთაისის შემდეგ "ქართული ოცნების" მრავალრიცხოვანი აქცია ოზურგეთში გაიმართა. ეს ვითარება გაძლევთ საშემოდგომო პროგნოზის გაკეთების საშუალებას?", პასუხობს:

"გურია პოლიტიკურად ყოველთვის ზეაქტიური რეგიონი იყო და თავისუფლების სულისკვეთება, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც გაგრძელდა. გურულებმაც დასვეს ნიშანი, რომ გურია თავისუფალია და იქ თავისუფალი აზრი ზეიმობს. ქართველი ხალხი შაჰ-აბასმა და ჯალალედინმა ვერ გატეხეს და ამათ როგორ უნდა გატეხონ. ამ ქვეყანას სააკაშვილზე ბევრად დიდი მჩაგვრელები მოუნელებია. ვხედავ ტენდენციას, რომ ქართველი ხალხი უშიშრად, ღიად გამოხატავს თავის აზრს, მაგრამ შემოდგომამდე დიდი და დრამატული გზაა გასავლელი"