რუსეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთისადმი არამეგობრულად, მტრულად განწყობილ ქვეყანათა ჩამონათვალში 41 პროცენტით ლიდერობს საქართველო, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ხუთეულში შემავალ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბალტიის ქვეყნებს: ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს. საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევითაც ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი შეშფოთებულია რუსეთიდან მომავალი საფრთხით. რას ფიქრობენ თბილისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ და რა კვებავს ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას?
ცნობილ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას განათლება მოსკოვში, კინოს საკავშირო ინსტიტუტში აქვს მიღებული. ერთი ხანობა „მოსფილმში“ მუშაობდა, მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. ელდარ შენგელაია შეწუხებულია რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, რომელიც, მისი აზრით, არც ერთი მხარისთვის სიკეთის მომტანი არ არის:
„კარგი იქნება, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებმა ეს პრობლემა გადაწყვიტონ და ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს. ჩვენ ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს - იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა სახის და ამის აღდგენა იქნება ძალიან კარგი ორივე მხარისთვის.“
თუმცა სინამდვილე ისეთია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის ნაცვლად ბოლო დროს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა უნდობლობა და მტრობა. სულ ახლახან მოსკოვში დაფუძნებულმა იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა რუსეთის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც საქართველო სათავეში უდგას რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანათა ჩამონათვალს. თანაც, თუ 2005 წელს ასე ფიქრობდა რუსეთის მოსახლეობის 38 პროცენტი, 2012 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 41 პროცენტამდეა გაზრდილი. დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულებაა საქართველოში რუსეთისადმი. 2012 წლის თებერვალში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის შედეგი გააცნო:
„88 პროცენტს არ მოსწონს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. მოსახლეობის ნახევარი, ანუ 49 პროცენტი, აცხადებს, რომ რუსეთი წარმოადგენს საქართველოსათვის რეალურად არსებულ საფრთხეს, ხოლო მესამედი, ანუ 30 პროცენტი, მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია.“
მაინც რა კვებავს ორი ქვეყნის მოქალაქეების ამგვარ განწყობას? რატომ აღიქვამენ რუსეთში საქართველოს მტრად? თბილისელი მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე ამ შეკითხვას ასე უპასუხებს:
„საერთოდ მეტროპოლიას არ უყვარს, როცა მისი კოლონია მისგან მიდის. ვინაიდან საქართველოს არ უნდა რუსეთთან ყოფნა, რუსეთს სწყინს. ასე იყო ყოველთვის - მაშინაც, როცა სპარსეთი გვმტრობდა, რუსეთისკენ რომ ავიღეთ გეზი. ახლა რუსეთს არ უნდა, რომ ვიმეგობროთ ამერიკასთან და ვიყოთ მის გარეშე. ისე, სხვანაირი პოლიტიკოსები რომ ყოფილიყნენ ჩვენი და მათი მხრიდან, შესაძლოა უფრო რბილი სიტუაცია ყოფილიყო, მაგრამ მტრობა მაინც იქნებოდა, თუმცა შესაძლოა არა ისეთი, როგორიც დღეს არის.“
ჯოვანი ვეფხვაძის მსგავსად ფიქრობს თბილისელი მზია ივანიძეც, თუმცა ის იქვე შენიშნავს, რომ საქართველოს არა რუსი ხალხი, არამედ რუსეთის მთავრობა მტრობს.
„თუ რუსეთის მთავრობას გულისხმობთ, უდავოდ ასეა! მარტო ქართველების მასობრივი დეპორტირება რად ღის, ანდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია!“, უთხრა მზია ივანიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს მტერ-მოყვარის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ახალგაზრდებსაც მიმართა.
გოგონა: „არც ერთი ქვეყანა არ არის მტერი საქართველოსი. მტრულად რატომ უნდა იყვნენ განწყობილი დადებითი ერის მიმართ?“
ყმაწვილი: „ერთს გეტყვით, ჩვენი ყველაზე კარგი მეზობელი არის შავი ზღვა. ესე იგი, ყველა დანარჩენი ცუდია.“
გოგონა: „ყველაფერიდან, მათ შორის აგვისტოს ომიდან ჩანს, რომ რუსეთი არამეგობრულად არის განწყობილი ჩვენს მიმართ.“
ის, რომ რუსეთში საქართველოს, ხოლო საქართველოში რუსეთს მტრად აღიქვამენ, არ უკვირს პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს, რომლის თქმითაც, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იომა. მაინც რა საფრთხეს ხედავენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და, პირიქით, საქართველოს მოქალაქეები - რუსეთში? კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსული პროპაგანდა საქართველოს წარმოაჩენს როგორც მათ წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტებისა და სეპარატისტების ხელშემწყობ ძალას. და კიდევ:
„მათ ძალიან ეშინიათ ნატოს გაფართოების და ჩვენ ვართ ერთადერთი ის ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ხელს უშლის იმავე საბჭოთა კავშირის აღდგენას სხვა ფორმით (ევრაზიული კავშირის სახით) და რომელიც ემუქრება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ნატოს გაფართოებით.“
რაც შეეხება საქართველოს შიშს, კახა გოგოლაშვილის თქმით, ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ემატება სუვერენიტეტის შელახვის მოლოდინი.
„ჩვენი დამოუკიდებლობისა და სრული სუვერენიტეტის ძირითადი შემაკავებელი არის ჩვენი დიდი მეზობელი. მაგალითად, გამოცხადებულია მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელიც ასოცირდება აგვისტოს ომის წინ ჩატარებულ წვრთნასთან... ეს ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს საფრთხე იმისა, რომ არა მარტო არ დაგვიბრუნებენ ტერიტორიებს დიდი ხნით, არამედ ის, რომ შეიძლება კიდევ შემოგვიტიონ და რაიმე ისეთის პროვოცირება მოახდინონ, რაც არ იქნება ჩვენთვის სასურველი“, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.