ხელისუფლება ივანიშვილის გვიან შემოდგომაზე დეპორტაციისთვის ემზადება

ხელისუფლება ივანიშვილის გვიან შემოდგომაზე დეპორტაციისთვის ემზადება

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებების სავარაუდო მიზეზებსა და მიზნებზე "ინტერპრესნიუსი" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რაც არჩევნების თემატიკას უკავშირდება, ხელისუფლება ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მრავალათასიანი აქცია გამართა, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. სასამართლომ ივანიშვილს 150 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი თანადამფუძნებელის ალექსანდრე რონჯესის აეროპორტში მოწმის სტატუსით დაკავება-დაკითხვა განხორციელდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ივანიშვილს საკუთარი ვეტმფრენით ვერ ისარგებლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ივანიშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს, თქვენ როგორ შეაფასებდით, ხელისუფლების მიერ "ქართული ოცნების" ლიდერის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანის გააქტიურებას?
- ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების რეპრესიული მანქანა არა მხოლოდ ახლა ამოქმედდა, არამედ დიდი ხანია, ამოქმედებულია და ახლა მხოლოდ ახალი ძალით გააქტიურდა. ახლა უკვე არსებული რესპრესიული მანქანის თავისებურებებზეც შეიძლება საუბარი. ოდითგანვე ცნობილია, რომ სახელმწიფოსა და ხალხის ურთიერთობა ძალის შეგრძნებაზე, შიშსა და ნდობის შენებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლ;ება არა ნდობის, არამედ შიშის ფაქტორს ავითარებს. ვირტუალურ სამყაროში, რომელიც პიარზე, შთაბეჭდილებებზე, ილუზიებზეა გათვლილი, შიშმა ძალიან ადვილად მიიღო მანიპულირაბედობის სახე. ამიტომაც არის, რომ შესაბამისადაა ჩამოყალიბებული რესპესიული მანქანა. რეპრესიული მანქანა არის მრავალმხრივი, მულტიფუნქციური და იმდენი მიმართულებებით ახდენს ეფექტს, რომელიც ერთი შეხევით არ ჩანს, მაგრამ არსებობს. ჩემი აზრით, ეს შემთხვევით არ ხდება, ვინაიდან იგი ორიენტირებულია მრავალმხრივ მოქმედებაზე.

ხელისუფლების მიერ შექმნილ ვირტუალურ სამყაროში კარგად არის გათვლილი, თუ რა შეიძლება იყოს კანონმდებლობაში გამოყენებული ისეთი, რაც ხელისუფლებას სასურველ შედეგს მისცემს და კანონდარღვევა მაქსიმალურად არ გამოჩნდეს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება კანონმდებლობის ფარგლებში დარჩენას ცდილობს, მაგრამ პრაქტიკულად კანონს ბოროტად იყენებს.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, მაგრამ ივანიშვილის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობაზე დღეს ბევრი საუბრობს. თქვენი აზრით, ივანიშვილის ქონებასთან მიმართებაში რა შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული ხელისუფლება?
- საბოლოო მიზანი ივანიშვილისთვის ქონების დაყადაღება არ გახლავთ. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც დაგეგმილია. მიზანი პოლიტიკური მოწინააღმდეგის სრული გაუვნებელყოფაა. ეს თავის თავად მოითხოვს პროცესის იმგვარ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას, რომ შემდეგაც უნდა გაჩნდეს საფუძველი მისი ქონების დაყადაღებისთვის. როდესაც ადამიანს ძალიან საეჭვო ფორმულირებით ფულის გადახდას აკისრებ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მის გადახდაზე უარს იტყვის. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება სხვა კანონს გამოიყენებს. თუ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო საამართლოს გადაწყვეტილება, ეს ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტ საფუძველს მისცემს, რომ შემდეგ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ ივანიშვილის წინააღმდეგ. ანუ, შემდეგ დაუყადაღოს ქონება. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცალმხრივად და მიკერძოებულად გამოყენება.

ხდება პოლიტიკური მოტივაციით მანუპულირება იმ შესაძლებლობებისა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობა. კანონმდებლობა ხელისუფლებას გარკვეულ ფარგლებში აძლევს მოქმედების უფლებას, მაგრამ ეს პოლიტიკურ დევნაში არ უნდა გადაიზარდოს.

- პრესაში უკვე გამოითქვა აზრი, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი შესაძლოა, ივანიშვილის როგორც საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევის დეპორტაცია იყოს. რამდენად საფუძვილიანი შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცება?
- ევროკავშირის მოქალაქეებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლიათ იყვნენ 360 დღის განმავლობაში და შემდეგ დატოვონ ტერიტორია. ივანიშვილის შემთხვევაში, თუ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს, ათვლის წერტილად ჩავთვლით, მაშინ სავარაუდოდ, ვადა გვიან შემოდგომაზე იწურება. ხელისუფლება ამას უახლოეს თვეებში ვერ გამოიყენებს, მაგრამ სხვა კანონებით, დეპორტაცია შეიძლება დაემუქროს უცხოეთის იმ მოქალაქეს, რომელიც დესტრუქციულად იქცევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მან უარი განაცხადა 150 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე. აშკარაა, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ნორმების მიკერძოებულად გამოყენებას აპირებს. მაგრამ ამას ისეთნაირად აკეთებს, რომ ფორმალურად სამართლებრივად თითქოს ვერც შეედავები. ამ საკითხზე კანონმდებლობაში იმაზეც არის საუბარი, რომ არ შეიძლება დეპორტაცია მოხდეს ოჯახის დანგრევის ხარჯზე. თუ ცოლი და შვილები საქართველოს მოქალაქეები არიან, არასაქართველოს მოქალაქის დეპორტაციის განხორციელება დაუშვებელია.

ჩემი აზრით, ხელისუფლება ივანიშვილის ფულით "ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ცდილობს. ხელისუფლების გენიალური ჩანაფიქრის არსი ასეთია - მას უნდა ვანიშვილის არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით განეიტრალება,არამედ მისი ფულით თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. გათვლა მარტივი, მაგრამ გენიალურია, თუ ივანიშვილი ჯარიმას ბიუჯეტში გადაიხდის, მერე ძნელი გასარკვევი იქნება, რაში დახარჯა ხელისუფლებამ მისი ფინანასები.

- ხელისუფლებას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ "გლობალ ტვ"-ს თანადამფუძნებელის, ამერიკელი მოქალაქის ალექსანდრე რონჟესის აეროპორტში დაკავებით, პრაქტიკულად სტრატეგიული მოკავშირის დემონსტრაციულად იგნორირებს. აეროპორტის ინციდენტი უცნაურად გამოიყურება, ვინაიდან რონჟესმა "გლობალ ტვ"-ს პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლება ხელს არ უწყობს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას და ხელს უშლის ამერიკელ კერძო ინვესტორს მედიაში ინტერესის გამოჩენას" . . .
- ვითარებაში, როცა ხელისუფლებას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება, ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ ასე დემონსტრაციულად მოქმედება მართლაც გაუგებარია. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს ხელისუფლების სისტემის ბუნებასა და ხელისუფლების მხრიდან ოთხ გზავნილს. პირველი ეხებათ ინვესტორებს - არ გაბედოთ, არ გამოიჩინოთ ინტერესი ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი მედიისადმი; მეორე გზავნილი ეხება აშშ-ის - თქვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხართ, მაგრამ არის სფეროები, რომელშიც თქვენ არ ჩაგახედებთ და ისე მოვიქცევით, როგორც - თავად ჩავთვლით საჭიროდ. ანუ, ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლაა და თავი დაგვანებეთ; მესამე გზავნილი ეხება მედიას - ყველამ ჩვენი თამაშის წესებით უნდა იმოქმედოს. "გლობალ ტვ" ამის კარგი მაგალითია და ეს გაკვეთილი ყველამ აითვისეთ; მეოთხე გზავნილი განკუთვნილია მოსახლეობისათვის და მისი არსი ასეთია - იცოდეთ, არაფერი არ შეიცვლება. თქვენ რომ გგონიათ, გამოჩნდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელიც პროპორციული და თანაზომადია იმისათვის, რომ ჩვენ რაიმე შეგვიზღუდოს, ეს არ მოხდება.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე ხალხის ქუჩაში გამოყვანას ცდილობს. გასულ კვირას ბევრი განცხადება გაკეთდა ძალადობრივი დაპირისპირების საფრთხეებზე. თქვენც ასე ფიქრობთ? და კიდევ, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ხელისუფლებას ხალხის ქუჩაში გამოყვანა?
- ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ქცევის სტილი ასეთია - შევქმნათ, გავამწვავოთ პრობლემა და შემდეგ იგი გადავწყვიტოთ ძალისმიერი მეთოდებით. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ყველაზე ძლიერები ჩვენ ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვითარების ხელოვნურად შექმნა და შემდგომ მისი უხეში ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ჩვენ ეს მაინც შეგვრჩება, ვინაიან ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს.

პოლიტიკური ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ ხალხი ფაქტორია, ხალხის ქუჩაში გამოყვანა არის ფაქტორი და ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს იმან, ვინც არჩევნების გაყალბებას აპირებს. ამაზე ხელისუფლება პასუხობს - გაიყვანეთ ხალხი ქუჩაში, ჩვენ ამ ხალხს ქუჩაში მოვუვლით; ხალხი ქუჩაში როგორც გავა, ისე დაიფანტება და ამით აბსოლუტურად ვერაფერს მიაღწევთ და აბა, ვნახოთ ეს თქვენი ხალხი რისი გამკეთებელია ქუჩაში.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ძალიანაც ცდილობს ივანიშვილის მწყობრიდან გამოყვანას, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კაცი რადიკალური ნაბიჯებს გადადგმას არ აპირებს და არც მწყობრიდან გამოდის. ასეთ შემთხვევაში რა სავარაუდო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- როგორც ჩანს, საბოლოო გათვლა არის იმაზე, რომ ივანიშვილს მაქსიმალურად დააკარგვინონ მატერიალური რესურსი, რასაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თავად გამოიყენებს. მეორე არის ის, რომ ხელისუფლება შეეცდება, ივანიშვილს დესტრუქციული ქმედება ჩაადენონოს, ხოლო შემდეგ სრულიად სუბიექტურად და არასამართლიანად გამოიყენოს კანონმდებლობის ის მუხლი, რომელიც უცხოეთის მოქალაქის ქმედებას ეხება და დეპორტაცია იყოს შესაძლებელი. ჩემი აზრით, ხელისუფლება ივანიშვილის საქართველოდან გვიან შემოდგომაზე დეპორტაციისთვის ემზადება და ამისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებამ ივანიშვილის დეპორტაცია განახორციელა, ამით "ქართული ოცნების" აქტიურობა არ შეწყდება. "ქართული ოცნება" მარტო ივანიშვილი არ არის, საკმაოდ მასობრიოვი და სტრუქტურირებული ორგანიზაციაა. ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი დიდია, მისი ქვეყნიდან დეპორტაცია "ქართულ ოცნებას" კი დაასუსტებს, მაგრამ ვეღარ დაანგრევს.