გიგი უგულავა თბილისის პირველი არჩეული მერია და აქვს ამბიცია, არჩეული პრეზიდენტიც იყოს! მან "გაუმჯობესებული მიშა" საზოგადოებას უკვე შესთავაზა, თუმცა ოფიციალურად და ღიად იმის გაცხადებას, რომ საქართველოს პრეზიდენტობა უნდა, ჯერ არ ჩქარობს. საქართველოს ხელისუფლების ბოკერია-ადეიშვილი-რამიშვილის ფრთის საპრეზიდენტო კანდიდატს მიმდინარე წლის ოქტომბერში რთული პოლიტი,გაღლეტილიკური გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. სწორედ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დედაქალაქის შედეგები გადაწყვეტს, შეწყვეტს თუ არა დედაქალაქის "ნაციონალი" მერი პრეზიდენტობაზე ოცნებას(!)
მანამდე კი, “პირWელი” უგულავას ქონებრივ დეკლარაციას შემოგთავაზებთ: 2009-2011 წლებში თბილისის მერმა გიგი (გიორგი) უგულავამ დედაქალაქის მერის პოსტზე ხელფასის სახით 281 218 ლარი აიღო.
როგორც “პირWელის” მიერ უგულავას 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, თბილისის პირველმა პირმა 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 93 456 ლარი აიღო, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 92 362 ლარი, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 95 400 ლარი გამოიმუშავა.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება”, 2009 წლის დეკლარაციაში ცარიელია. 2010 და 2011 წლის დეკლარაციებში კი აღნიშნულ გრაფაში უგულავას მეუღლეს ლელა კილაძეს შესაბამისად, 5 000 და 6 000 ლარი აქვს მითითებული.
აღსანიშნავია, რომ 2010-2011 წლების უგულავას დეკლარაციის თანახმად, ლელა კილაძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურულ ღონისძიებათა სამსახურის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა, სადაც სახელფასო ანაზღაურების სახით, 2010 წელს 40 023 ლარი აიღო, 2011 წელს კი - 41 770 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიგი უგულავას 2009 წლის დეკლარაციის თანახმად, ~თიბისი ბანკსა~ და ~საქართველოს ბანკში~ მიმდინარე ანგარიშები ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 185 ლარი და 20 000 ლარი ერიცხებოდა. "საქართველოს ბანკში" გახსნილი სახელფასო ანგარიში კი ცარიელი იყო.
2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალაქის მერს "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე ისევ 185 ლარი (კრედიტი ან დებეტი) ჰქონდა, "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშზე კი 2009 წელთან ორჯერ ნაკლები თანხა, ანუ 10 000 ლარი. ამასთან, როგორც 2010 წლის დეკლარაციაშია აღნიშნული, ლელა კილაძეს ~საქართველოს ბანკში~ გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე ნაშთის სახით, (კრედიტი ან დებეტი) 14 000 ლარი ერიცხებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დეკლარაციაშიც თბილისის მერს "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე ისევ 185 ლარი (კრედიტი ან დებეტი) უფიქსირდება, "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშზე - 8000 ლარი. მის მეუღლეს ლელა კილაძეს კი იმავე ბანკში გახსნილ ანგარიშზე - 12 000 ლარი.
თბილისის მერის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, დოკუმენტში არც მის სახელზეა რაიმე დაფიქსირებული და არც მისი ოჯახის წევრებზე.
უგულავას უძრავი ქონება არც 2010 წლის დეკლარაციაში ჰქონდა. დოკუმენტში მხოლოდ თბილისში, წყნეთის გზატკეცილის #16-18-ში მდებარე 50 კვ.მ ფართობის ბინა ფიქსირდება, რომელიც მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული.
უკვე 2011 წლის დეკლარაციაში უგულავებს უძრავი ქონება საერთოდ არ გააჩნიათ!
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) 2009-2011 წლების დეკლარაციის შესაბამისი გრაფები ცარიელია.
ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, უგულავების ოჯახის არცერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, უგულავას და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე უგულავას 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღია.
ასევე დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - “თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე”, 2009 წელს ცარიელია. 2011 წლის დეკლარაციაში კი, უგულავას ხარჯის სახით, 12 000 ლარი აქვს მითითებული, მიზნობრიობად - შვილის დაბადების ხარჯი. ასევე დედაქალაქის მერს 2010 წელს შვილების სწავლის საფასური 5 555 ლარი დაუჯდა. 2011 წლის შესაბამისი გრაფიდან ირკვევა, რომ მერს შვილების სწავლისთვის ისევ 5 555 ლარი დაუხარჯავს.
ცნობისთვის, უგულავას ოჯახი მეუღლის - ლელა კილაძის, შვილების - ტასო, თინათინ, ალექსანდრე უგულავების და გერების კონსტანტინე კეჟერაშვილის და ლევან მაჭარაძისგან შედგება.
მართალია, გიგი უგულავას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დედაქალაქის მერი მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ნიკა გილაურის, ნიკა რურუას, გიგა ბოკერიას და ა.შ მსგავსად, გაღლეტილი და უსახლკაროა, მაგრამ მათი გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციების მიხედვით, უგულავაც, დანარჩენი გაღლეტილების მსგავსად, საკუთარ ქონებას მალავს. არაოფიციალურად და კულუარულად მოპოვებული ინფორმაციები ხშირად მართლდება ხოლმე Dდა შესაბამისად, საზოგადოების მიერ უგულავას ქონებაც სხვა ციფრებშია გაზომილი, ისევე, როგორც სააკაშვილის სახელისუფლო ვერტიკალის სხვა მაღალჩინოსნების.
მაშ ასე, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ, რომ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ყველა მშენებლობაში უგულავას ინტერესია ჩადებული. უგულავაა "შემჩნეული" იმაში, რომ კომპანია "დექსუსის" ერთ-ერთი მფლობელია, რომელიც "ცენტრ-პოინტის" ბაზაზე შეიქმნა და სადაც უამრავი თაღლითური სქემა მოქმედებს.
ამბობენ: "გიგის ინტერესებია ე.წ. "მარშუტკების ბიზნესშიც" და შარანგიებთან ერთად დედაქალაქის მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე ისიც მდიდრდება.
საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა დენის გადასახადზე მიბმული დასუფთავების გადასახადი, რომელიც კლასიკური სახელისუფლო აფიორაა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.
მისი ინტერესები იყო და არის ~თბილისის წყალში~, რომელიც რუსულ კომპანიას მიჰყიდეს, სადაც ასევე თაღლითურ-კორუფციული სქემის მიხედვით ხდება მოსახლეობისგან ფულის ამოღება.
უგულავა არის თითქმის ყველა ბიზნესში, რომელიც დაკავშირებულია დავით კეზერაშვილთან, დაწყებული ნავთობის ბიზნესით და დამთავრებული სარეკლამო ბიზნესით.
დედაქალაქის მასშტაბით, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტშია გათვალისწინებული მისი ინტერესები და პრინციპში, ვერც ვერაფერს იტყვი - "ხარჯია". ე.წ. "ატკატები" სტადიონების, სკვერების და სხვა გასართობი თუ დასასვენებელი ადგილების კეთილმოწყობისათვის "ტრადიციული" თემაა. "კიპაროსების სკანდალი" დედაქალაქის მერიასთან დაკავშირებულ დანაშაულებებთან შედარებით ერთ-ერთი "უწყინარი სკანდალია", მაგრამ პროკურატურა ხომ ამ საქმეებით არასოდეს დაინტერესდება, უგულავა ხომ ადეიშვილის პოლიტიკური ძმააო", - ამბობენ საქმეში ჩახედული პირები.
ასევე იმასაც ამბობენ, რომ ცალკე სასაუბრო თემაა ლელა კილაძის გემოვნებაზე აწყობილი კულტურული ღონისძიებები და მასთან ერთად, სტიოპასა და კახაბერის დაკრულზე ცეკვა-თამაში ელიტარულ ფენაზე პრეტენზიის მქონე ქართული ბომონდის შესრულებითო, რაზეც განუზომლად დიდი თანხები იხარჯება დედაქალაქის ბიუჯეტიდან, როგორც საახალწლო ღონისძიებებზე, ისე თბილისობებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე. სოლო-კონცერტების ჩატარებასაც დედაქალაქის მერია იღებს საკუთარ თავზე და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შერჩეული ბომონდის წარმომადგენლებს პროფესიულ წარმატეტბებში ეხმარება(!) ბომონდიც ცეკვავს და მღერის....
"გუდაურის განვითარების პროექტშიც უგულავას ინტერესებია და თხილის ბიზნესიც მის ანგარიშზე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობის დროსო", - აცხადებენ კულუარული ინფორმატორები.
კიდევ ერთი დეტალი, იმასაც ამბობენ, რომ ნაციონალური არხების საინფორმაციო პოლიტიკას, რამდენიმე გავლენიან მაღალჩინოსანთან, მათ შორის გიგა ბოკერიასა და გოკა გაბაშვილთან ერთად, გიგი უგულავა განსაზღვრავდა და დღემდე განსაზღვრავს.
სულ ბოლო ინფორმაციის და ინიციატივის მიხედვით კი, უგულავა თავად გააკონტროლებს დედაქალაქის ინტერნეტიზაციის პროცესს და შესაბამისად, თბილისელების სიტყვის თავისუფლებასაც პირადად დაიცავს!