ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპატიმროებში 653 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპატიმროებში 653 ადამიანი გარდაიცვალა

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპატიმროებში 653 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის ფარული ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაზეც სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელი. აუცილებლად უნდა დადგეს მინისტრ კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან მისი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას მის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში სხვა გაუხმაურებელი ფაქტების გამოქვეყნებასაც ვაპირებთ", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი:

- ერთი თვის წინ კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა, რაშიც პირადად ჩემთვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს როლი ეჭვგარეშეა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა, არ ჩატარებია შესაბამისი მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მეორეც, მომხდარი სამინისტრომ არ გაახმაურა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვალერი ჯაფარიძის სანახავად ჩვენი ადვოკატი შევიდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის პერიოდში, 2010-2011 წლებში საპატიმროებში 282 პატიმარი გარდაიცვალა.

- "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე სულ რამდენი პატიმარია გარდაცვლილი?
- ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ 2006-2011 წლებში დაახლოებით 653 პატიმარი გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ეს ქალბატონი გახდა მინისტრი, პატიმრების გარდაცვალების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში უკვე სტაბილურია - დაახლოებით 23-25 ათასი.

- ამის მიზეზად რას მიიჩნევთ?
- პირველ რიგში იმას, რომ არ ზრუნავენ პატიმრების ჯანმრთელობაზე. მკურნალობენ დაგვიანებით, როცა პატიმარი უკვე სიკვდილის პირასაა, არ ხდება იმ პატიმრების იზოლირება, რომლებიც გადამდები სენით არიან დაავადებულნი, შესაბამისად, იზრდება ავადმყოფი პატიმრების რიცხვი, ციხე გადაიქცა ერთგვარი დასჯის ადგილად, სადაც არავინ ზრუნავს ადამიანის გამოსწორებაზე, პატიმრის რესოციალიზაციაზე. ვინც საპატიმროში ხვდება, ყველა არის არანორმალური მოპყრობის ობიექტი, იქ დამკვიდრებულია ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა. ფაქტობრივად, არ ხდება ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების დასჯა, რომელთაც ბრალი მიუძღვით პატიმრების ცემა-წამებასა თუ აბუჩად აგდებაში და სხვა. ბადრაგს, ციხის ადმინისტრაციას ყველაფრის უფლება აქვთ, მათ არავინ პასუხს არ სთხოვს. ხელსაც ვერავინ უშლის, ვინაიდან პენიტენციური სისტემა არის დახურული, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება იქ. მხოლოდ სახალხო დამცველსა და ადვოკატებს შეუძლიათ ინფორმაციის გამოტანა, როდესაც კონკრეტულ საქმეზე შედიან ციხეში. ყველაფერი დანარჩენი საზოგადოებისათვის და მედიისთვის უცნობია. კომუნისტების პერიოდშიც არ ყოფილა ეს სისტემა ასეთი დახურული - როდესაც ციხეში პოლიტპატიმრები შიმშილობდნენ, ინფორმაცია რადიოსადგურ "ამერიკის ხმამდეც" კი აღწევდა და მსოფლიო იგებდა ამის შესახებ. 2008 წლის აგვისტოს ომში 412 ქართველი დაიღუპა, მშვიდობიან დროს კი მხოლოდ საპატიმროებში 653 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის ფარული ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამაზე პასუხისმგებელია სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა. ამიტომაც უნდა დადგეს მინისტრ კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას მის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში სხვა გაუხმაურებელი ფაქტების გამოქვეყნებასაც ვაპირებთ. სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების ფაქტზე, თითქოს ჩვენ შეცდომაში შეგვყავს საზოგადოება და ძიება მიმდინარეობს, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა...

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ჯაფარიძის გარდაცვალებაზე?
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ადამიანს ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, გარდა ამისა, ჯაფარიძე ამბობდა, რომ სასტიკად სცემეს დაკავებისას, მაგრამ არც ამაზე მომხდარა რეაგირება. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ცემისა და დაზიანებების შედეგად განუვითარდა მას დაავადებები, მოგვიანებით კი არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო დახმარება. არც გამოძიება ჩატარებულა, რომ დადგენილიყო, ვის მიუძღოდა ამაში ბრალი, ან რატომ დაავადდა ასე მძიმედ ჯანმრთელი ადამიანი. სწორედ ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ იგი იყო წამების მსხვერპლი. ასეც რომ არ ყოფილიყო, ციხის ადმინისტრაციას ევალება, სათანადოდ იზრუნოს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე.

- ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა გვამს?
- არა. ახლა ვითხოვთ ექსპერტიზას. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯაფარიძე 19 მაისს გარდაიცვალა. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდა, უბრალოდ, გვიან გახდა ცნობილი. პატიმრის გარდაცვალების შესახებ დაწესებულებას არც ადვოკატისთვის უცნობებია, არც - ოჯახისთვის. ადვოკატი რომ შევიდა მის სანახავად, 15-20 წუთს ელოდა, ატყდა ჩოჩქოლი, პატიმარს ვერ პოულობდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გვამი პროზექტურაში იყო.

- თუ გაქვთ ზუსტი რიცხვი, რამდენი პატიმარია დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და რამდენი - გარეთ, ანუ პრობაციონერი?
- დაახლოებით 25 ათასი პატიმარია, პირობითი მსჯავრდადებული კი 35 ათასამდე, საერთო ჯამში პატიმართა რიცხვი საკმაოდ დიდია - 60 ათასამდე. ამას თუ დავუმატებთ მათი ოჯახის წევრებს, მივიღებთ 300 ათას ადამიანს, რომელიც არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზული ძალაა. ხელისუფლება ცდილობს ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედებას, მათი ხმები ნაციონალების იქით რომ არ წავიდეს.
როგორც ვიცი, საპატიმროებში 3000-მდე ადამიანია, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემა. ლაპარაკია მსუბუქ დანაშაულზე მსჯავრდადებულებზე. თუმცა გაირკვა, რომ პარლამენტი იღებს რამდენიმე კანონპროექტს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირებს სასჯელი რომ შეუმცირდეთ. ბრალდებულების ასეთი კატეგორია მრავალრიცხოვანია და თუ მათ შეუმცირდათ სასჯელი, არ არის გამორიცხული, კანონის მიღების შემთხვევაში, 25 ათასი პატიმრიდან ნახევარი გახდეს ამომრჩეველი. არსებობს ეჭვი, რომ ეს გამიზნულად ხდება, ხელისუფლებამ მაქსიმალური ხმები რომ მოაგროვოს. ასეთ შემთხვევაში, პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება, ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია ციხეში, მაგრამ როგორ ჩაატარებენ, ჩემთვის გაუგებარია. პატიმრებისთვის პრესა და ტელევიზია ხომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი?! იმ საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, რომლებიც ახლა ხორციელდება საქართველოში, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები გაყალბდეს.