ქართველ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში დავუკავშირდით და შევიტყვეთ, რომ 10 ივნისს, ჟენევაში, იქაურმა ქართველებმა "ქართული ოცნების"მხარდამჭერი აქცია გამართეს.
- შვეიცარიაში მცხოვრები ქართველები "ქართული ოცნებისთვის"სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჟენევაში შევიკრიბეთ. აქციაზე დაახლოებით 30 კაცი მოვგროვდით. მათ შორის იყვნენ: ვახო ბეგიაშვილი, რუსუდან შარაძე, გოგლა ჟვანიას მეუღლე, ნინო შარაშიძე... შვეიცარიაში იმდენი ქართველი არ ცხოვრობს, ხალხმრავალი აქცია რომ გაგვემართა.
- რას იტყვით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, როგორ მოჩანს შვეიცარიიდან ჩვენი ქვეყანა?
- ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს და ვცდილობ, ყველა მოვლენის საქმის კურსში ვიყო. მეც იმავეს განვიცდი, რასაც თქვენ. ვატყობ, რომ ქვეყანა ცვლილებების მოლოდინშია. ეს მოლოდინი ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლებსაც აქვთ, ისინი დაუფარავად მიანიშნებენ, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სისხლი უნდა გადაისხას პოლიტიკურ ორგანიზმში. ცვლილება დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებაა. უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია კი ამბობს, ჩვენ ამ გადასხმას ყოველ არჩევნებზე ვატარებთო, მაგრამ ეს სისხლის განახლებას არ ჰგავს. ფორმალურადაც შეიძლება განახორციელო რაღაც პროცედურები ისე, რომ სისხლი არ გადაისხას და დარჩეს პოლიტიკური ჭაობი. ყველა დიქტატორი და ავტორიტარი - ფიდელ კასტრო თუ პოლ პოტი, ამბობდა, რომ აკეთებდა იმას, რაც ხალხს სურდა... დასავლეთმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ხელისუფლების სათავეში არჩევნებში გამარჯვებული ძალა უნდა მოვიდეს და დემოკრატიისათვის სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი არაერთგვაროვნად შეფასდა. ითქვა, თითქოს იგი სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოვიდა და მის პოლიტიკაში დარჩენას დაუჭირა მხარი...
- ქალბატონმა კლინტონმა ნათლად თქვა, ჩვენ 2013 წელს ველოდებით დემოკრატიულ არჩევნებს და ხელისუფლების გადაცემასო. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭეთმპყრობელი სააკაშვილი უნდა წავიდეს. სწორედ ეს მესიჯი იყო კლინტონის ნათქვამში და არ მგონია, ეს არ ესმოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, ჩვენ ინსტიტუციების განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი, პიროვნებები არ არის მნიშვნელოვანიო, ქალბატონმა კლინტონმა მიუგო - ინსტიტუციებს ადამიანები ქმნიანო. ეს იყო ჰილარი კლინტონის შეფარული პასუხი იმ უხერხულობაზე, რომელიც, მაშინ წარმოიქმნება ხოლმე, როდესაც ქვეყნის მეთაურს მარტივ ღირებულებებზე მიგითითებენ. ეს სერიოზული უხერხულობაა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს, დემოკრატის რეპუტაცია შეინარჩუნოს.
- თუმცა კლინტონის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლებას თითქოს უფრო გაეხსნა ხელ-ფეხი - დაიწყო ოპონენტებზე ზემოქმედება და დაპატიმრებები. ეს როგორ გავიგოთ?
- უცხო სახელმწიფოები არ ჩაერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში, ეს ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტი საკითხებია. უცხოელებს შეუძლიათ, დელიკატურად შეაფასონ და მიგვანიშნონ, ასეც იქცევიან. გადახედეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, რომლებშიც არაფერი ყოფილა შერბილებული, ყველაფერი სრულად და კარგად იყო აღწერილი. უბრალოდ, შემდეგ ხელისუფლების მიერ ხდება ინტერპრეტირება ისე, რომ თავი დაიძვრინოს. ეს ანგარიშები ყოველთვის ობიექტური იყო. მაინცდამაინც დედის გინება ხომ არ ჩაიწერება იმ ანგარიშებში?
- მიუხედავად თქვენი გაფრთხილებისა, რომ იგეგმება ივანიშვილის ლიკვიდაცია და უნდა ერიდოს რეგიონებში გასვლას, ეს ადამიანი ფართომასშტაბიან აქციებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. კიდევ ემუქრება საფრთხე მის სიცოცხლეს და სარწმუნოა ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაგანდეს?
- როგორ ფიქრობთ, მე ტერორისტულ ორგანიზაციებში ვზივარ და ვისმენ, რას და როდის აპირებენ? საფრთხე რომ არ ყოფილიყო, საჯაროდ არაფერს ვიტყოდი. როდესაც ადამიანი ერთვება პოლიტიკაში, უნდა იცოდეს, რომ ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს და ვალდებულია, ეს გაითვალისწინოს.
- თქვით, რომ მისი ლიკვიდაციით ხელისუფლებაა დაინტერესებული. ეს ხელისუფლების წისქვილზე არ უნდა ასხამდეს წყალს, მეტადრე - ამ გაგანია არჩევნების წინ...
- რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს ჭაობში იუსტიციის სახლის აშენების სურვილი? - ამ კითხვაზე თუ გამცემთ პასუხს, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ...
- რატომ გაავრცელეთ ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება სოციალურ ქსელში? თქვენი საქციელი ზოგიერთმა ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობად შეაფასა.
- ქულების ჩაწერა არაფერში მჭირდება, არც პოლიტიკაში ვაპირებ მოსვლას. ბატონ ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს და ამიტომ მოვიქეცი ასე.
- რა მოხდება ოქტომბერში? ბევრი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი წასვლას არ აპირებს, ვიდრე ლაზიკის მშენებლობას არ დაასრულებს...
- ძნელია პროგნოზირება, რას უნდა ველოდოთ სააკაშვილისგან. არ ველი ერთადერთს - რომ ის კანონის ფარგლებში აღიარებს მარცხს. ამ არჩევნების შემდეგ მას კიდევ რჩება რესურსი, იბრძოლოს ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ლაზიკას, ამაზე ჩემი აზრი არ არის მნიშვნელოვანი, ხალხს უნდა ჰკითხოს სააკაშვილმა, ვის სჭირდება ეს ქალაქი ან რატომ უნდა ააშენოს...
- ერთმა ექსპერტმა თქვა, ქუთაისის აქციაზე იმდენი ხალხი მოვიდა, მგონი, სააკაშვილმა პარლამენტის შენობა სულ ტყუილად გადაიტანა ამ ქალაქშიო...
- როგორი გავლენითაც უნდა სარგებლობდეს პოლიტიკური ჯგუფი, ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები თავის ჭკუაზე არ უნდა განახორციელოს. ასე ერთპიროვნულად, ვიღაცის ჭირვეულობისა და მსხვერპლის ხარჯზე კარგი საქმეები არ კეთდება. საერთოდ, აჯობებს, იმ შენობაში, რომელიც პარლამენტისთვის ააშენეს ქუთაისში, ძალადობისა და ავტორიტარიზმის მუზეუმი გაკეთდეს. დემოკრატიულად არჩეული დეპუტატები ამ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, ვინაიდან ეს არ არის ხალხის გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც ჩანს, დემოკრატიისა და ცივილიზაციისგან შორს ვართ, რადგან ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში არის ჰიბრიდული დემოკრატია. ამის შემდეგ როგორღა უნდა ლაპარაკობდე წარმატებებზე, არ მესმის. სააკაშვილისთვის კი დემოკრატია ჭაობში აშენებული იუსტიციის სახლია.