"რესპუბლიკელების" ნაცვლად შეცდომით "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელს დაემუქრნენ

4 მაისს ზუგდიდში მყოფი "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან განხორციელდა ზარი, სადაც უცნობი პირი კითხულოდა, "მიჰყავდა თუ არა ხალხი აქციაზე". სავარაუდოდ, საუბარი იყო ზუგდიდში კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისის გახსნაზე. საუბრისას ტელეფონი გაითიშა. იქიდან გამომდინარე, რომ დამკვირვებელი ვერ გაერკვა რაზე იყო საუბარი, საკითხის დასაზუსტებლად უკან გადარეკვის შემდეგ საპასუხოდ აგრესიული და შუერაცხმყოფელი პასუხი მიიღო.

შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული ნომრიდან ზარები "რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი წარმომადგენლების მიმართ ხორციედებოდა და მათ მიმართაც ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და მუქარას, რომ არ გაერთიანდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში, - ეს არის ფაქტი, როცა ოპოზიციისათვის განკუთვნილი მუქარის ზარი შემთხვევით იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა იწვნია, რომელიც სწორედ წინასაარჩევნოდ სამართალდარღვევების მონიტორინგს ახორციელებდა და ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, "სამართლიანი არჩევნების" მეორე შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა.

ასეთი ფაქტები ბევრია, ამიტომაც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" შეფასებით, წინა თვესთან შედარებით, საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმებულია."წინა თვესთან შედარებით უფრო მეტი პრობლემა და დარღვევა გვაქვს დაფიქსირებული, იგივე მუქარა-ზეწოლის შემთხვევებიც გაზრდილია, ასევე ფიზიკური აგარიშსწორების ფაქტები აპრილში არ გვქონია, ახლა ორი გვაქვს. ასევე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია უფრო დამძიმებულია", - წინასაარჩევნო პერიოდის მეორე, შუალედურ დასკვნაზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.

როგორც ლომჯარია ამბობს, "მსგავსი ქმედებები წინა არჩევნების დროსაც იყო, მაგრამ ასე, 7 თვით ადრე არ დაწყებულა და ასე მრავალრიცხოვანი ფაქტებიც არ ყოფილა".

პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 10, მუქარის და ზეწოლის - 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების - 2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის - 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციისათვის ხელისშეშლის - 2, (ერთი "ნაციონალი მოძრაობის", მეორე კი "ქართული ოცნების" მხრიდან) და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა დაფიქსირდა - ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 4 მაისიდან 4 ივნისამდე დროს მოიცავს და პირველი ანგარიშთან შედარებით გაცილებით მეტი ხარვეზი და დარღვევა დაფიქსირდა.

ანგარიში ასევე მოიცავს მონაცემებს კონტროლის პალატის საქმიანობაზე, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებსა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ დაპირებების თაობაზე. ასახული არ ყოფილა ისეთი ფაქტები, რომელთა თაობაზეც მხარეებმა საჯარო საუბრისგან თავი შეიკავეს.

"სამართლიანი არჩევნები" აღნიშნულ ანგარიშს უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ იგი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ნინო ლომჯარია მათი ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის ხელის შეშლის ფაქტებსაც იხსენებს.

ნინო ლომჯარია: "ხობში ჩვენი აქტივისტი პოლიტიკური პარტიის შეხვედრას აკვირდებოდა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტისაგან სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრესია წამოვიდა. ასევე იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. სამტრედიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან უკმაყოფილოები ფონდი "ქომაგთან" დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, როცა ჩვენ და სხვა რამდენიმე ორგანიზაცია ვამბობდით, რომ შესაძლებელია აღნიშნულ ფონდსა და "ქართულ ოცნებას" შორის გარკვეული კავშირები არსებობდეს და ამიტომ ფონდის საქმიანობა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა".

ანგარიშში აღნიშნული ფაქტების მცირე ნაწილი ასეთია:

მაისის დასაწყისში თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურიის თანამშრომელი ზაზა მამალაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს და როგორც მამალაშვილი ამბობს, მიზეზი ისაა, რომ მისი მეუღლე "გლობალ ტვ"-ის ოფისში ოპერატორის პოზიციაზეა დასაქმებული.

მისი თქმით, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგი კალანდარიშვილმა ზაზა მამალაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ სამსახურიდან მისი გაშვება დავალებული ჰქონდა, ხოლო მიზეზი მისი მეუღლის საქმიანობას უკავშირდებოდა.

7 მარტს სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. როგორც პედაგოგები მიიჩნევენ, მათ ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. ამის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში სამტრედიის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, მარინა გეგენიძეს პედაგოგების სამსახურიდან გაშვება დაავალეს, რაზეც მან უარი განაცხადა, რის შედეგადაც, გეგენიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა ჩომახიძემ პედაგოგებს ჯერ საყვედური გამოუცხადა, შემდეგ კი გააფრთხილა, რომ მათთან შრომითი კონტრაქტი ვადამდე ადრე უნდა შემწყდარიყო.

როცა პედაგოგებმა რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო შენგელიასაგან ითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის ახსნა, პასუხად მიიღეს, რომ რესურსცენტრს მათი სამსახურიდან გათავისუფლების დავალება ჰქონდა მიღებული.

ხელმოწერის გამო გაათავისუფლეს ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელი თინათინ გოჩელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ანდრო ლოსაბერიძემ 2012 წლის თებერვლის თვეში სკოლის დირექტორებთან ჩატარებულ თათბირზე განაცხადა, რომ გოჩელაშვილის ბედს გაიზიარებს ყველა, ვინც მათ გვერდით არ იქნებოდა.

მსგავსი ფაქტი მოხდა ასევე ხარაგაულის რაიონშიც. სამსახურებიდან გათავისუფლების გარდა არის მუქარის შემთხვევებიც. ერთ-ერთი მუქარის მსხვერპლი თავად "სამართლიანი არჩევნებმის" წარმომადგენელიც შემთხვევით გახდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მისი ნომერი "რესპუბლიკური პარტიის" წევრის ნომერში შეეშალა.

არის ფიზიკურ ანგარიშსწორების შემთხვევებიც. მაგალითად, 30 მაისს თელავის სოფელ ვანთაში კოალიცია "ქართული ოცნების" თელავის კოორდინატორს გივი ოთარაშვილი მისთვის უცნობმა ორმა პირმა საღამოს 10 საათზე სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა. მათ ოთარაშვილს თავში და კისრის არეში უცხო საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და წაიქცა. მისივე თქმით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილით მიიმალა.

ოთარაშვილი ყვება, რომ ამ ინციდენტამდე უცნობი ნომრიდან მის მობილურზე განხორციელდა ზარი და ის "ქართული ოცნების" ოფისთან დაიბარეს. თუმცა, ოთარაშვილს დათქმულ დროსა და ადგილზე არავინ დახვედრია.

ოთარაშვილის მეუღლე მანანა ხომასურიძე საუბრობს შემთხვევაზე, როდესაც 16 მაისს მათ სახლში სტუმრობდა ოჯახის ახლობელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარი კირვალიძე, რომელმაც გამგეობაში დასაქმების სანაცვლოდ გივი ოთარაშვილს კოალიცია "ქართული ოცნებიდან" წამოსვლა შესთავაზა.

ნონო ლომჯარია ამბობს, რომ ფაქტები ბევრად მეტია, ვიდრე ეს ანგარიშში მოხვდა, მაგრამ ადამიანები ითხოვენ, რომ არც მათი ვინაობა დასახელებულიყო და არც მათი, ვისგანაც ზეწოლა მოდიოდა. ანონიმურ ქეისების გამოქვენებისაგან კი ბუნებრივია ორგანიზაცია თავს იკავებს.

მისი პროგნოზით, "არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაცია იძაბება. ეს საგრძნობია. იზრდება ძალადობის, ზეწოლის და მუქარის ფაქტები. ყველაფერს თუ მედია გარემოს ჭრილში ავიღებთ და კონტროლის პალატის მიერ უკანასკნელ ხანს განხორციელებულ ქმედებებს დავამატებთ, საერთო ჯამში სიტუაცია კიდევ უფრო რთული ხდება".