იმერეთის მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს უფასო ექსკურსიებზე დაჰყავს. ამის შესახებ "რეზონანსს" ექსკურსიის ერთ-ერთმა მონაწილემ აცნობა. როგორც ის ყვება, 14 ივნისს, ზესტაფონის რაიონის სოფლებიდან 12-12 ადამიანი წაიყვანეს სამტრედიის, ვარციხის, აბაშის და წყალტუბოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასათვალიერებლად.
სოფელ სვირის ერთ-ერთი მკვიდრი - ქალბატონი მარინა, რომლის ვინაობასაც გარკვეული მიზეზების გამო არ ვასახელებთ, ამბობს, სამინისტრომ ექსკურსიაზე სოფლის მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით წაიყვანა, რაშიც მგზავრობის და კვების საფასურიც შედიოდა:
"თავისი ავტობუსით წაგვიყვანეს და სოფლის მეურნეობის ბაღები და სათბურები დავათვალიერეთ. დიდი ხანი არ არის, რაც ასეთი შეხვედრები ტარდება. როგორც ვიცი, ჩვენ მეორე ნაკადი ვიყავით. უკან რომ ვბრუნდებოდით, კიდევ ერთი ავტობუსი ხალხი მიდიოდა აბაშისკენ".
კითხვაზე, რა პრინციპით შეარჩიეს სოფლის მოსახლეობა, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა გვითხრა, რომ სოფლის საკრებულოში პირადად დაიბარეს და ექსკურსიაზე წასვლა შესთავაზეს."სოფლის საკრებულოში დაგვიბარეს და წასვლა შემოგვთავაზეს, თუ გვინდოდა, ექსკურსიაზე უფასოდ წაგვიყვანდნენ. ჩვენი სოფლიდან სულ 12 ადამიანი ვიყავით. ისე ზესტაფონში დაგვხვდნენ სხვა სოფლებიდან ჩამოსულებიც და ერთად წავედით.
"კვება, მგზავრობა და ყველანაირი ხარჯი სამინისტროსი იყო. სუფრა სამტრედიაში, მექანიზაციის შენობაში გაგვიშალეს. ჩვენ არაფერი გადაგვიხდია. კი არადა, საჩუქრებიც დაგვირიგეს - თითო ბოთლი შავი ღვინო, კალენდრები, ბლოკნოტები და პასტები. ძალიან კმაყოფილები ვართ. სოფელში ასეთი რამე მე არ მახსოვს, ვინმეს უფასოდ ექსკურსიაზე წავეყვანე", - გვითხრა მარინამ.
მისივე თქმით, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მიღწევები გააცნეს.
"თბილისიდან სასოფლო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ჰყავდათ გიდად ჩამოყვანილი. ასევე ჩვენთან ერთად იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელიც. როგორც ვიცი, ჩვენთან ერთად ზესტაფონის რაიონის გამგებელი და ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეც უნდა წამოსულიყო, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრეს.
"წყალტუბოს გარდა სამტრედიაში, ჯიხაიშში და აბაშაში განთავსებული სოფლის მეურნეობის საწარმოები და სათბურები დავათვალიერეთ. ვარციხეში ვიყავით, მოცვის პლანტაციები ვნახეთ, წყალტუბოში - სათბურები, აბაშაში - სიმინდის საშრობი".
"რეზონანსის" კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ ექსკურსიას მმართველ პარტიასთან, რესპონდენტმა გვითხრა, რომ გამგეობის წარმომადგენელი შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რა თანამდებობა უჭირავს ამ პიროვნებას ზესტაფონის რაიონის გამგეობაში:
"სიდრაძე იყო გამგეობიდან, თანამდებობა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გამგეობაში მუშაობს. რაც შეეხება ექსკურსიის კავშირს მთავრობასთან, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერი ვარ.
"მგონი კი არის კავშირში, მაგრამ ჩვენ ისე აგვარჩიეს, ვითომ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ვიყავით. მთავრობა გვაფინანსებდა და რატომ არ უნდა წავსულიყავით?! ძალიან კარგი ექსკურსია იყო".
"რეზონანსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც პრესცენტრის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, მსგავსი შეხვედრები რაიონში ახლახან დაიწყო, თუმცა რა დატვირთვა აქვს მას, ვერ აკონკრეტებს.
"ხალხი სოფლის მეურნეობის ახალი ცენტრების გასაცნობად, სათბურების და აგროკულტურული მეურნეობების დასათვალიერებლად მიჰყავთ. ამ შეხვედრებში გამგეობას მხოლოდ ის დავალება აქვს, რომ სოფლებიდან ფერმერები გამოიყვანოს. რამდენი ადამიანი წაიყვანეს და რომელი სოფლებიდან, არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 40-კაციანი ავტობუსები დადის".
არის თუ არა იურიდიული თვალსაზრისით ასეთი სახის შეხვედრები კანონდარღვევა, ამის შესახებ "რეზონანსი" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას ესაუბრა.
როგორც კოალიციია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, თუ ექსკურსიის ხარჯები ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო, მაშინ ეს თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მისივე აზრით, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიება ამომრჩევლის მოსყიდვად არ შეიძლება ჩაითვალოს.
"თუ ვინმე იქ პარტიის აგიტაციას არ ეწეოდა, მაშინ კანონდარღვევა არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია ასეთი საჩვენებელ შეხვედრების ჩატარება, რათა მოსახლეობამ თავისი მეურნეობა გააუმჯობესოს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე იქნება, თუ უფრო გვიან", - ამბობს მელაშვილი.
მისივე თქმით, "ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ექსკურსიას მმართველი პარტია საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა".
"თუ შეხვედრა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისთვის ჩატარდა, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ფარული რეკლამისთვის იყო გამიზნული. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
"თუ შეხვედრის ხარჯი ბიუჯეტში არ იდო და ერთი პარტიის სასარგებლოდ კეთდებოდა, მაშინ ღიად გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან საქმე", - უთხრა "რეზონანსს" მელაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი და კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის საწინააღმდეგო ნორმებს, რომლებიც მკაცრად კრძალავს კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ფულის ან საჩუქრების ამომრჩევლებისთვის შეთავაზებას არჩევნებში მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ.