მას მერე, რაც ქდმ-სა და მმართველი გუნდის პროექტი _ როგორ ჩავრთოთ საარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტმა დაამტკიცა, მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. უბრალოდ, გაუგებარია, რისთვის იკლავდნენ თავს კანონმდებლები, თუ ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოების უფლებას მაინც არ მისცემდნენ და ყველა ფეხის ნაბიჯზე სოლიდურად დააჯარიმებდნენ. მეორე მხრივ, ისიც გაუგებარია, რატომ გვაძახებს კოალიცია, კანონის ფარგლებიდან არ გავდივართო და იმავე წამს განცხადებას ავრცელებს, კონტროლის პალატის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადავიხდითო. ან რატომ დგამენ ყოველ ახალ ნაბიჯს ზუსტად იმ მეთოდით, რის გამოც წინა ნაბიჯზე დაჯარიმდნენ. გაუგებარია, რატომ ეთვლება ივანიშვილის ამომრჩევლის მოსყიდვად ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ აგიტაციად იფორმებს. რატომ არის მილიარდერის 1000-ლარიანი ოცნების ბარათები დანაშაული და მმართველი გუნდის 1000-ლარიანი ვაუჩერი დასაქმების პროგრამა. ,,ვერსია'' იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ტყიბულის მაჟორიტარს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრება, რომელსაც, სხვათა შორის, კონკურეციას ,,ოცნებიდან'' მისი მეზობელი და ძველი ნაცნობი ტყიბულში, ელისო ჩაფიძე გაუწევს:
-ბიძინა ივანიშვილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე უპრეცედენტოდ ჯარიმდება, მისი ადვოკატები 140 მილიონს სააპელაციო სასამართლოს დასრულებამდე არ იხდიან, თქვენ ყველაფერს მოსყიდვას ეძახით, ამიტომ აგვიხსენით, სად უშვებს შეცდომას კოალიცია, რატომ მეორდება ეს ყველაფერი დაუსრულებლად და ვინ არის ამ შეცდომების ავტორი კონკრეტულად?
-როგორც ჩანს, ამ ადამიანებს უკვე იდეაფიქსად ექცათ, კანონის მოთხოვნას გვერდი აუარონ. ივანიშვილის არჩევანი ასეთია _ ის კანონსმიღმა მოქმედებს! პოლიტიკაში მთავარი იდეების ჭიდილია და არასდროს ყოფილა საარჩევნო დისკუსია სხვა ჩარჩოში გადატანილი. ,,ქართულ ოცნებას'' კი სურს, ბრძოლა ამ ჭრილში გადაიტანოს _ ვინ მეტ სარეცხ მანქანას დაარიგებს, ამიტომ ნათელია, რასთანაც გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს არ აქვთ კონკრეტული ხედვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და სხვა გზა აირჩიეს, იქნებ, როგორმე, მოსყიდვით ან უკანონო შემოწირულობებით, ვაწარმოოთ კამპანია და მოვიპოვოთ მხარდაჭერაო. ხალხი კი მხარს იდეებს უჭერს, მაგალითისთვის, როგორიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას ჯანდაცვასთან დაკავშირებით.
-კოალიციასაც აქვს საინტერესო შეთავაზებები, ამბობენ - დაზღვევა ყველა მოქალაქეს და არა ყოველ მეორეს, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებსო.
- ვფიქრობთ, გზა, რომლითაც მივდივართ, თანმიმდევრულია. მათ შორის ისიც, რომ სექტემბრიდან ყველა პენსიონერი დაზღვეული იქნება. გვაქვს კონკრეტული პროგრამა გადამზადებასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას გვაძლევს 1000-ლარიანი ვაუჩერი ჰქონდეს 20 000-მდე მოქალაქეს, მიიღოს პროფესიული ცოდნა და იპოვოს თავისი ადგილი ახალ საქართველოში. და როგორია ამ დროს მათი შეთავაზება?
-1000-ლარიანი ვაუჩერი 1000-ლარიანი ,,ოცნების'' ბარათის წინააღმდეგ?
-რატომ მარტო ბარათები? აი, ამბობენ კოალიციაში, პენსიები უნდა გავზარდოთო. როცა ეკითხებიან, როგორო, ეს ხალხი პასუხობს, თუ ბიუჯეტი არ ეყოფა, ივანიშვილი ამბობს, რომ ამას თავისი თანხებით გააკეთებსო. ეს ერთ-ერთი რადიოინტერვიუს დროსაც გაჟღერდა. აი, ეს არის მოსყიდვასთან დაკავშირებული დაპირების შეთავაზება. მე თუ ამომრჩეველს ვეუბნები, თუ მხარს დამიჭერ, არჩევნების მერე მოგცემ 1000 ლარს-მეთქი, ესეც ისეთივე მოსყიდვაა, როგორც ის, რომ ვუთხრა, ჩამიწერე შენი ოცნება, 1000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ,,ლამბორჯინს'' ნუ მომთხოვ-თქო.
- მაშინ გააკეთეთ იურიდიული განმარტება, რა მოხდა ,,გლობალ TV''-სთან დაკავშირებით, რატომ აკრძალეთ მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?
- ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე განმარტება შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა გააკეთოს. ისე, რასაც ამ ბოლო დროს ბიძინას იურისტების ჯგუფს ვაკვირდები, კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, ასეთი აზრი მრჩება _ ან იმის გამო, რომ შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა ან იმიტომ, რომ სხვაგვარი პოლიტიკური დაკვეთა აქვს ივანიშვილისგან მიღებული, როგორც წესი, არასწორ გზას ირჩევენ. საერთოდ, ვფიქრობ, ივანიშვილის ადვოკატებს პოლიტიკური ინტერესები მათ პროფესიონალიზმზე მოქმედებს. ყველა თვალთმაქცურ გარიგებაზე იქნება შესაბამისი სანქცია და, ვფიქრობ, ამასთან გვაქვს საქმე ამ ანტენებთან დაკავშირებითაც.
- იმას არ ფიქრობთ, რომ ამით აღიარეთ, ,,მეცხრე არხის'' გავლენის გვეშინიაო?
- მთელი ამ ხნის მანძილზე, არასდროს არავის გასჩენია სურვილი დაერიგებინა თეფშები, რაღაც შეღავათიანი პირობები შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის და ახლა, უცებ ჩნდება ეს იდეები და რის ფონზე _ ბიძინა ფულს ასესხებს თავის ძმას, რომელიც ამ ფულს დებს ,,გლობალ TV''-ში, რომელიც იწყებს კონკრეტული შეღავათიანი პაკეტის შეთავაზებას. ეს არის ჩვეულებრივი თვალთმაქცური გარიგება, რაც ექვემდებარება ჯარიმას თანხის ხუთმაგი ოდენობით პირველ ჯერზე, მეორედ კი _ ათმაგი ოდენობით.
-მგონი, ჯარიმებით იმ მილიარდზე ადიხართ, ივანიშვილმა სააკაშვილს რომ შესთავაზა, აიღე და არ იქურდოო და სააკაშვილმა რომ არ გამოართვა. ნელ-ნელა, ამ ფულს მართლა ამოიღებთ.
- სხვანაირად არ შეგიხედავთ ამ საკითხისთვის? ივანიშვილი დიდ თანხებს ხარჯავს უკანონოდ და ამის გამო ჯარიმდება. აბა, ვინმეს სჯერა, რომ ოფისების რემონტი, ის უამრავი მაისური და ა.შ. ,,კონსერვატორების'', ,,რესპუბლიკელებისა'' და ,,ფორუმის'' თანხებით კეთდება?! თუ ივანიშვილის მიზანია, ბიუჯეტი შეავსოს ჯარიმების ხარჯზე, არ ვიცი, ეს რამდენად გონივრულია მისი მხრიდან, მაგრამ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს თანხები ძალიან კარგ საქმეებს მოხმარდება! ჩვენი ხელისუფლება ამ ფულს ჯანდაცვას, დასაქმებასა და იმ ყველაფერს მოახმარს, რაც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ.
- ბარემ ერთობლივი საარჩევნო კამპანია გეწარმოებინათ.
- თუ ვინმეს მსგავსი კონსპირაციები იტაცებს, მხატვრულ ლიტერატურაში ეძებოს.
-საკუთარ საარჩევნო კამპანიაზე რას გვეტყვით, რუსთავში ცხვრისა და ღვინის ჩამორიგება, მერაბიშვილი-უგულავას სუფრები, ექიმების, პედაგოგების დათრობა და ამის ამსახველი კადრები არსებობს. ეს ჯდება საარჩევნო კამპანიის კონტექსტში?
- იცით, გუშინ ვიყავი ახლობლის დაბადების დღეზე, სუფრასთანაც ვიჯექი, მაგრამ არც ,,ოცნების ბარათები'' დამირიგებია და არც რამე მსგავსი. მოდით, მარტივად გავმიჯნოთ პოლიტიკური აგიტაცია და ამომრჩევლის მოსყიდვა. პოლიტიკურ ლიდერს, დეპუტატს და ა.შ. აქვს უფლება, ჰქონდეს შეხვედრები მოსახლეობასთან. იქნებ დაინტერესდეთ, რა ტიპის შეხვედრებზეა საუბარი? ასეთივე შეხვედრებს აწარმოებს ქალაქის მერიც, ნებისმიერი მინისტრიცა და პარლამენტის წევრიც.
- მე ამ შეხვედრის ფორმაზე გეკითხებით. ეს სწორი ფორმატია?
- მეც მაქვს შეხვედრები ტყიბულში, ჩემ მშობლიურ რაონში, ასევე ზუგდიდში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, სადაც ხალხი სულ მოდის და თავიანთი სოფლების კონკრეტულ პრობლემებზე მიყვება, ამაზე კი ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს!
- და მთვრალი ექიმები ,,ვარდების ბაღში''?
- ერთი წუთით, რა. მათ პრობლემებზე მუდმივად გვექნება საუბარი საზოგადობასთან. მეც, მინისტრებიცა და მერიც ვხვდებოდით და ვხვდებით ორგანიზებულად ჩვენ აქტივისტებს. თუ ეს ხდება შენობაში და პარტიული ხასიათისაა, დაფინანსებულია ნაციონალური მოძრაობის ფონდიდან. ვისაც ამ ფონდში შემოაქვს თანხა, შემოწირულობიდან სან დღეში ეს ინფორმაცია მიეწოდება კონტროლის პალატას.
-რომელსაც თქვენ დანამატს ეძახიან. მაშინ დაუშვით პრეცედენტი და შეისწავლოს კონტროლის პალატამ ფაქტები, როცა ყვებიან, თუ როგორ რეკავს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოჯახში და სიებს ადგენს, ვის სჭირდება ოპერაცია, ვინაა პენსიონერი და ა.შ. ეს შეხვედრააYთუ აგიტაცია?!
-ყველა კონკრეტულ ფაქტს, თუ ასეთი იქნება, კონტროლის პალატა შეისწავლის. პრეცედენტი კი უკვე არსებობს. ასეთი შემთხვევა იყო გასული წლის ბოლოს, როცა მიიჩნიეს, რომ რაღაც გადარიცხვები შეიძლება პრობლემური ყოფილიყო და რადგან ამ ფულის კანონიერებასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები, მოითხოვეს 90 000-ის ბიუჯეტში გადარიცხვა და ასეც მოვიქეცით. რუსთავში მომხდარი ფაქტიც არანაირად არ უკავშირდება აგიტაციას, მაგრამ ,,ნაციონალებთან'' დაკავშირებული პირების მიერ ხდებოდა სააღდგომო სუფრის გამართვა და ისინი კონტროლის პალატამ დააჯარიმა.
- უგულავა-მერაბიშვილის სუფრებზე რას მეტყვით? ივანიშვილიც რომ ჩავიდეს სოფელ-სოფელ და ხალხს პურ-მარილი უშალოს, აგიტაციას დაარქმევთ?
- გიგი უგულავას შეხვედრის მიზანი არ იყო მოსყიდვა, არც იმ სუფრაზე მისვლის მოტივაცია იყო თანხებთან დაკავშირებული. ეს იყო ჩვეულებრივი აგიტაცია, რომელსაც აწარმოებდნენ ლიდერები თავიანთ აქტივისტებთან. მაშინ იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა რომ მიიწვიოს აქტივისტები და უბნის აგიტატორები და სუფრასთან ბორჯომი ან ცივი წყალი დაახვედროს, მოსყიდვააო! აბა, თქვენ რას ფიქრობთ, ბიძინასთან რომ მიდიან მისი პარტიის წევრები, ოფისში ბორჯომით არ უმასპინძლდებიან? მეორე მხრივ, გაქვთ სადმე ფაქტი, ფურცლები დაგვერიგებინა და გვეთქვა, დაწერეთ თქვენი ოცნება 1000 ლარის ფაგრლებშიო? ეს არის დანაშაული, როგორც მოსყიდვა და წერტილი!
-დამკვირვებლებთან დაკავშირებით კანონში რომ შეგაქვთ ცვლილება, მრავალთა შორის, ეგეც ივანიშვილს ეძღვნება, ფაქტია, მხოლოდ ,,ოცნება'' და ,,ამომრჩეველთა ლიგა'' აპირებს არჩევნების დღეს ქვეყანაში ბევრი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოყვანას?
-საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა სამ მთავარ პრინციპს უნდა ემყარებოდეს: სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა, მიუკერძოებლობა, ფინანსური დამოუკიდებლობა და გამჭვირვალოება. თუ მიგაჩნიათ, რომ ბიძინა აპირებს მოისყიდოს საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩამოგვიყვანოს ის ხალხი, რომელთა ფუნქციაც დაკვირვება კი არა, ივანიშვილის პოზიციების გახმოვანება იქნება, მაშინ დიახ, ეს ცვლილება მისთვის მივიღეთ!
-მე კი არ მიმაჩნია, გეკითხებით, რატომ გახდა ამ არჩევნებზე ამ სამი პრინციპის დაკონკრეტებისა და კანონში ჩაწერის სურვილი?
- არც ერთი არჩევნების დროს პრობლემები არც ერთ ორგანიზაციას არ შექმნია, ახლაც ასე იქნება, მაგრამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისა და დისკრედიტაციის უფლებას ვერავის მივცემთ! თქვენ იცნობთ ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც შეიძლება სურდეს, პროცესები ჩვენთან დესტაბილიზაციის გზით წავიდეს.
-თქვენ ახლა ამბობთ, რომ ივანიშვილმა შეიძლება რუსეთიდან საარჩევნო უბანზე ორი ანუ სულაც 7 000 კაცი ჩამოიყვანოს, რომელიც არჩევნების დელეგიტიმაციას მოახდენს?
-არ ვიცი, იგი ამას თავისი სახელით გააკეთებს, თუ რუსეთი გააკეთებს სხვა ოლიგარქის, ებრალიძის ან ვინმეს სახელით. მთავარია, აქ არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები იქნებიან და საზოგადოება ძალიან კარგად გაარჩევს, ვის რა მიზნები აქვს ქვეყანაში.
-სხვა არჩევნების დროს ამავე საფრთხეზე რატომ არ საუბრობდით?
- სხვა არჩევნების მიმართ შეიძლება, მართლა ნაკლები ყურადღება იყო, მაგრამ ამ არჩევნებს არც გამჭვირვალობა და არც საერთაშორისო დამკვირვებლები არ დააკლდება ისევე, როგორც საარჩევნო კამპანიების წარმართვის საშუალება.
-მათ შორის, ტყიბულშიც, სადაც თქვენი კონკურენტი ,,ოცნებიდან'' ელისო ჩაფიძე იქნება. იმერეთში მაჟორიტარებზე ორივე მხარე თითქმის ჩამოყალიბებულია. უკვე იცით, როგორი კამპანია უნდა აწარმოოთ?
-პრობლემები არის ყველგან, მათ შორის, ჩემ მშობლიურ რაიონშიც, ამიტომ ჩემი კონკურენტი იქნება არა ელისო ჩაფიძე, არამედ სწორედ ის პრობლემები, რომელიც დაგვრჩა.
- კახა კალაძე _ სამტრედიაში, სადაც ,,ვისოლის'' დირექტორი სოსო ფხაკაძე. ქუთაისში, სანიკიძის წინააღმდეგ ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე. ე.ი. ბიზნესმენების მაჟორიტარებად დასახელებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ტენდენციას აგრძელებთ?
_ ერთ რამეს გაგახსენებთ იმაზე, თუ ვის აქვს მხარდაჭერა ქუთაისში. ეგ თქვენი დაუმარცხებელი ფალავანი გუბაზ სანიკიძე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი პროგრამა, დამარცხდა, ამის მერ გამოვიდა და თქვა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი არის საქონელი. ამას როცა ამბობს გუბაზ სანიკიძე, საზოგადოება ასეთ რამეებს გადასარევად აფასებს, შესაბამისად, პასუხსაც შესაბამისს სცემს-ხოლმე. ყველა პროგრამას სიამოვნებით გავეცნობი, თუ რამე მსგავსი იარსებებს და ისიც კარგი იქნება, თუ იდეებისა და ხედვების ჭიდილი წავა ტიბულშიცა და სხვა რაიონებშიც.