ბუინოვის ნაცვლად ხელკეტები

ბუინოვის ნაცვლად ხელკეტები

12 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დანიშნული იყო რუსი მომღერლის ალექსანდრ ბუინოვის კონცერტი. ამიტომაც იყო, რომ საღამოსათვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია ხალხით იყო სავსე, რომელთა ძირითად ნაწილს 16-17 წლის ახალგაზრდები შეადგენდნენ.

გარეთ მდგომნი ძირითადად უბილეთონი იყვნენ. როგორც ჩანს, რაღაცის იმედი ჰქონდათ და დაშლას არ აპირებდნენ. მაგრამ მათი სურვილები აშკარად არ დაემთხვა ფილარმონიასთან მრავლად მყოფი ლურჯბერეტიანი წესრიგის დამცველების ზრახვებს. რეზინის ხელკეტებით შეიარაღებულმა ლურჯბერეტიანებმა დიდი გულმოდგინებით დაიწყეს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის „განთავისუფლების ოპერაცია“. წიხლებს და მუჯლუგუნებს „ჰარმონიულად“ ავსებდა ხელკეტების ტრიალი. საერთო დაძაბულობას აჟიოტაჟს მატებდა სირენებიანი ავტომანქანების გამოჩენა, რომლებიდანაც სამხედრო კომუფლაჟში გამოწყობილი ავტომატიანები გადმოდიოდნენ და გოროზი გამომეტყველებით იკავებდნენ პოსტებს.

წესრიგის დამცველებმა შეძლეს „ოპერაციის“ პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება და ახალგაზრდების ნაწილი ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა, ნაწილმა კი მიწისქვეშა გასასვლელს შეაფარა თავი. ასეთმა მოპყრობამ ახალგაზრდებში უკმაყოფილების და პროტესტის გრძნობა დაბადა და აღშფოთება ვერ დამალეს. „ნახე ბიჭო, როგორ დაითრიეს“, „აუ, ავტომატიანები“. „ამათ ეს როგორ უნდა შევარჩინოთ“, „რა უნდათ, რას ვაშავებთ“, „ბუინოვი სულ აღარ მაინტერესებს, ამათ ჯინაზე არსადაც არ წავალ“ - ასეთი წამოძახილები არცთუ იშვიათი იყო. თუმცა ამ შემთხვევაში ისინი საკმაოდ მშვიდობიანად იყვნენ განწყობილნი. ამიტომაც მათ, ახლო წარსულში საკმაოდ გავრცელებული პროტესტის მშვიდობიანი მეთოდების გამოყენება სცადეს. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ქუჩის მეორე მხარეს იმპროვიზებული კონცერტი და დისკოთეკა მოაწყო, რითაც ირგვლივ მყოფთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდებმა ტემპს ნელ-ნელა მოუმატეს და მათი სიმღერები ხმა შეწყობილ სკანდირებაში და სტვენაში გადაიზარდა. ზოგიერთები არც ქუჩის გადაკეტვის წინააღმდეგნი იყვნენ, რამაც თავის მხრივ მანამდე მშვიდად მყოფი ავტოინსპექტორები გააღიზიანა.

პროტესტის ასეთმა ფორმებმა წესრიგის დამცველები თავიდან აშკარად დააბნია. ლურჯბერეტიანები, ცოტა არ იყოს, გაოცებულები ჩანდნენ ამდენი ხმაურიანი გოგო-ბიჭის შემყურე. მათ „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ დროზე მოვიდნენ გონს და სწრაფი სირბილით გადაკვეთეს ქუჩა. ისევ ამუშავდნენ ხელკეტები და კარგა გვარიანად შეახურეს მუსიკის მოყვარულთა ზურგები, რამაც ახალგაზრდებში საპასუხო რეაქციის მოთხოვნილება აღძრა. აქა-იქ გამოჩნდნენ არაფორმალური ლიდერებიც, რომლებმაც ქვების და ჯოხების შეკრების ორგანიზაცია ითავეს, თუმცა კი არ დასცალდათ და ზოგიერთი მათგანი მართლა აღმოჩნდა ფილარმონიის შენობაში, ოღონდ ლურჯბერეტიანების ესკორტით. ამდენი დავიდარაბის შემდეგ ახალგაზრდები აქეთ-იქით დაიფანტნენ. მიმდებარე ეზოებს შეაფარეს თავი და ერთმანეთში საუბრებით ცდილობდნენ დამშვიდებას. გვიან ღამემდე შეიძლებოდა რუსთაველზე ჯგუფ-ჯგუფად მოსეირნე გოგო-ბიჭების ნახვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი ალიაქოთი შეიძლება არც ყოფილიყო, თავიდანვე რომ მომხდარიყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის იზოლირება. არადა, ფაქტობრივად არაფრის გულისათვის ათეულობით 16-17 წლის ბავშვი დაბოღმილი და განერვიულებული დარჩა.