რატომ ეწინააღდმეგება თურქეთი საქართველოს ნატო-ში შესვლას

რატომ ეწინააღდმეგება თურქეთი საქართველოს ნატო-ში შესვლას

როგორც კი ქალბატონმა კლინტონმა სამხრეთ კავკასია დატოვა, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა და მსხვერპლი ორივე მხარესაა. ექსპერტთა აზრით, ესაა რუსეთის პასუხი  ქალბატონი ჰილარის ვიზიტზე. როგორც ჩანს, ცხელი პოლიტიკური ზაფხული არა მარტო საქართველოშია მოსალოდნელი, არამედ, – მთელ სამხრეთ კავკასიაში და ამის მიზეზი, ისევ და ისევ, ირანის კრიზისია. “ქართულ სიტყვას” კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

ბატონო მამუკა, მართალია, არაერთხელ გითქვამთ, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღს არ დათმობს, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული შეტაკებები მაინც და მაინც ჰილარი კლინტონის  სამხრეთკავკასიური ვოიაჟის შემდეგ რატომ განახლდა?


– დავიწყოთ იმით, რომ თეთრ სახლს ძალიან აშფოთებს ირანის კრიზისის შესაძლო გამწვავება, რუსეთის მხრიდან ირანის აქტიური მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ზეწოლა სამხრეთ კავკასიაზე. რუსეთი არც მალავს, რომ სამხრეთ კავკასია მისი ინტერესების სფეროა და რეგიონში მისი საყრდენი სომხეთია. სწორედ ამიტომაც, ქალბატონი კლინტონი ჯერ ერევანში ჩადის, შემდეგ– ბათუმში, შემდეგ კი, – ბაქოში. მას ხმამაღლა არც ერევანში, არც ბათუმში და არც ბაქოში არ უთქვამს, რომ ირანისა და რუსეთის ურთიერთკავშირი თეთრ სახლს მიუღებლად მიაჩნია. ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრია. ქალბატონი ჰილარი აცხადებდა, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. კლინტონმა რეგიონი დატოვა და ყარაბაღში შეირაღებული დაპირისპირებაც მოხდა. ეს მის ვიზიტზე რუსეთის პასუხი იყო.

რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი არაფრად აგდებს ვაშინგტონს?


– დიახ და ამას არც მალავს. ვაშინგტონი საშემოდგომო არჩევნებისათვის ემზადება და არ აწყობს ირანის კრიზისისა და აზერბაიჯან-სომხეთის დაძაბული ურთიერთობის გამწვავება. რუსეთი კი, როგორც ჩანს, სწორედ აშშ-ის არჩევნებს უმიზნებს არა მხოლოდ “კავკაზ-2012”-ის საომარ სწავლებებს, არამედ, – ეთნიკური კონფლიქტების გამწვავებასაც და ყარაბაღში, სავარაუდოდ, საომარი მოქმდებების განახლებას აპირებს. ქალბატონი კლინტონი ჩამოვიდა და სამივე კავკასიური სახელმწიფოს ლიდერს ესაუბრა. კულუარებში რა თემაზე ისაუბრეს, არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, თეთრი სახლისთვის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ მომენტისათვის ბაქოს არ აწყობს დაპირისპირება ყარაბაღში, მაგრამ შესაძლოა, შეტაკება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმდებებში გადაიზარდოს, რათა ირანის კრიზისის გადმომისამართება მოხდეს – რუსეთის ინტერესებში შედის ირანის კრიზისის გადმოტანა სამხრეთ კავკასიაში და სიტუაციის არევდარევა, რადგან ამღვრეულ წყალში ოქროს თევზის დაჭერა გაუადვილდება.

ცხადია, ოქროს თევზი რუსეთისთვის საქართველოა...

– მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი სამხრეთ კავკასია მის ხელში აღმოჩნდება.

მართალია, ბევრი უნდობლად უყურებს საქართველოს ნატო-ში შესვლას, მაგრამ არაფერია გამორიცხული, მით უმეტეს, რომ თავის დროზე თურქეთი ნატო-ში, როგორც იტყვიან, სასწრაფო წესით მიიღეს, რადგან საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა მწვავდებოდა. ახლაც იგივე მდგომარეობაა. ასე რომ...

– თურქეთი ნატო-ში იმიტომ მიიღეს, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანა იყო. დღეს თვითონ თურქეთია წინააღმდეგი საქართველოს ნატო-ში შესვლის, რადგან რეგიონში ლიდერის როლს, თავის ფუნქციას დაკარგავს. გარდა ამის, თურქეთს არცთუ შეფარული სიმპატიების აქვს ირანის მიმართ. ასე რომ, საქართველოს ნატო-ში შესვლა არჩევნებამდე გამორიცხულია...

დავუშვათ, მართლაც, გადმომისამართდა ირანის კრიზისი სამხრეთ კავკასიაში, აირია სიტუაცია ყარაბაღში, რუსეთმა დაიკავა გზა – ცხინვალი- ბორჯომი-ახალქალაქი-საქართველო. ამასობაში, არჩევნების გაყალბების საბაბით, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მერე, რა მოხდება – რუსი ჯარისკაცები თბილისს აიღებენ?

– ასე აშკარად რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ვერ ჩაერევა და თბილისის ასაღებად არ წამოვა, ეს გამორიცხულია, თუმცა თუ არჩევნების გაყალბების საბაბით, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მაშინ ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ეთნიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს და ეს რუსებმა საბაბად გამოიყენონ. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო.