ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, "გლობალ-ტივის" ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესის დაკავებისა და დაკითხვის საფუძველი მისი შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია იყო. "ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180.000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს "ლიზინგი 21"-ზე 3.100.000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული", - ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელიც გამოძიებამ გაავრცელა, თუმცა, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მისი დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამ ფაქტს ნაჩქარევ, გაუწონასწორებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამას საქართველო-ამერიკის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვება.
- ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ სრულიად თვალსაჩინოა, რომ მისი დაკავების მოტივი პოლიტიკურია. ბოლო ხანებში აშკარად ნადირობენ "გლობალ-ტივიზე" და აშკარაა, შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე... ეტყობა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ჰილარი კლინტონის ჩამოსვლით ამერიკისგან კარტ-ბლანში მიიღეს. ასეთი მიდგომა შეცდომაა, რადგან არ არის გამორიცხული, ასეთმა მიდგომამ, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ზეწოლის ასეთმა მიუღებელმა ქმედებამ, შესაძლოა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების გაღიზიანება გამოიწვიოს. ამერიკას არ ახასიათებს ასეთი პოლიტიკა. ეს სულ ახლახან არაბულმა გაზაფხულმა აჩვენა, როცა ამერიკამ ხალხის ნების გამო მხარი არ დაუჭირა არც მუბარაქს და არც კადაფს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა ხელისუფლება ამაზე?
- ეტყობა, ფიქრობენ, რომ შეიძლება გულუბრყვილო ადამიანებმა იფიქრონ, რომ საქმე კანონის უზენაესობასთან გვაქვს, მაგრამ დარწმუნდებიან, რომ ასე არ არის.
- ბატონო ზაზა, შესაძლოა ალექსანდრე რონჟესის დაკავებას საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვეს?
- ეს აუცილებლად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მაგრამ ამერიკისა და საქართველოს სახელმწიფო ურთიერთობის გაუარესებას არ ველოდები. ამერიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ ვისთან, როგორ პარტნიორთან აქვს საქმე ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების სახით. ისინი მიხვდებიან, რომ ამ პარტნიორის დაბალანსება აუცილებელია, რათა ქვეყანა ამ პატარა ბიჭების "გენიალურ შთაგონებას" არ ექვემდებარებოდეს. ამას სიხარულითა და მით უფრო ნიშნის მოგებით არ ვამბობ, რადგან სახეზეა, რომ ხელისუფლება პანიკაშია. პანიკას კი შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს, რადგან არ უნდათ იმის შეგნება, რომ ერთადერთი და განუმეორებლები არ არიან.