"ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრი კობა დავითაშვილი იქნება?

იგი არ მონაწილეობდა "ქართული ოცნების" 27 მაისისა და 10 ივნისის აქციებში. არასდროს ატარებს ბრიფინგებს, არ ჩანს სცენაზე ლიდერების გვერდით. მისმა კანდიდატურამ, კულუარული ინფორმაციით, თბილისის ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქში ვერ გაიმარჯვა. ასევე, არ სახელდება მაჟორიტარად რომელიმე რეგიონში და არც პარტიული სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კოალიციის სახელით. სამაგიეროდ, ხალხის პარტიის ლიდერი მაინც ჯიუტად ირწმუნება, რომ კოალიციის სრულფასოვანი წევრია და მნიშვნელოვან, ჯანდაცვის ჯგუფს უდგას სათავეში, რომელსაც სამინისტროს ჩრდილოვან კაბინეტად მოიაზრებს.

"ვერსიის" კითხვებს "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრად მოაზრებული კობა დავითაშვილი პასუხობს:

- პრეზიდენტმა ახალი ეპითეტი მოგიძღვნათ - მნგრეველები და, მართლაც ჩნდება კითხვა, რატომ გადააქვს კოალიციას აქცენტი მეორე რიგის ისეთ ამოცანებზე, როგორიცაა შუშის ხიდი და კაზინო. სხვათა შორის, კაზინო ადრეც იყო ამავე ადგილას და ასე თუ გაწუხებდათ, "ნაციონალების" სიის თავში როცა იყავით, მაშინ რატომ არ აიღეთ?

- სიის თავიდან ეგრევე ოპოზიციაში აღმოვჩნდი და წესიერად ხელისუფლებაში მოსვლაც ვერ მოვასწარი. ამ ხიდზე უბრალო განცხადება გაკეთდა, რომელსაც ხელისუფლება ჩაეჭიდა და ჩვენც ვპასუხობთ - შუშის ხიდი, მეტსახელად "პამპერსი" აღებული იქნება ქალაქის ისტორიული ადგილიდან! უკან მიჰყვება კაზინოც. მნგრეველებს რაც შეეხება, სხვათა შორის, მე სააკაშვილიც მახოვს, რომელიც ბულდოზერზე იჯდა და ვაკეში სახლებს ანგრევდა. "იუმორინა 2003"- ში ხუმრობდნენ კიდეც, ბულდოზერი უნდა დაეხატოს ნაციონალური მოძრაობის დროშასო. მისგან განსხვავებით, ჩვენ არაფერი დაგვინგრევია.

- სამაგიეროდ, სააკაშვილს არ აუშენებია შუშის გალავანი მიტინგებზე. ძალიან სერიოზული ინფორმაცია გქონდათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ თუ უსაფრთხოების ზომებს გადაამლაშეთ?

- ხელისუფლება აბსოლუტურ ისტერიკაშია, განსაკუთრებით ქუთაისის აქციის მერე. ივანიშვილისგან ეს ზომები გადაჭარბებულად არ მიმაჩნია. 100- ობით მილიონი ჯარიმის სახით, "გლობალ ტვ-სთვის" ანტენების აღების მოთხოვნა - ამ არაადეკვატური ნაბიჯების ფონზე, კაცი, რომელსაც 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციების დარბევა აქვს ნაბრძანები, არავინ იცის, კიდევ რა ბრძანებას გასცემს.

- ივანიშვილი ვახსენეთ, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენზე ამბობს, პირველი იყო სააკაშვილის გუნდიდან, ვისაც შევხვდიო. კარგი ღვინოც ჩაგიტანიათ, მისი იდეების შესახებაც თქვენ გაგიგიათ პირველს. გამოდის ხიდი იყავით ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის?

- მაშინ ნაციონალური მოძრაობა არ არსებობდა და ე.წ. რეფორმატორების გუნდში, ჟვანია-სააკაშვილთან ერთად ვიყავი. შეხვედრა მისი ინიციატივა იყო, იმ დროს ძალიან აქტიურად ვჩანდი, რადგან შევარდნაძის იმპიჩმენტის საკითხზე 120 ხელმოწერა შევაგროვე უმრავლესობაში და მეტსახელად "იმპიჩმენტაც" შემარქვეს. ეს, დაახლოებით, 2000 წელი იყო. დეტალები დიდად არ მახსოვს, მაგრამ "თავკვერი" ჩავუტანე, ჩემი ოჯახის ღვინო. ამის მერე ორ-სამჯერ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოკლედ, პირველ შეხვედრაზე გავიცანი, მეორეზე ღვინო დავლიეთ, მესამე კი 2003 წელს, ნოემბრის ბოლოს შედგა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ისევ მისი ინიციატივით. გამოთქვა სურვილი, აქტიურად დახმარებოდა ახალ ხელისუფლებას, მათ შორის, ისაუბრა ფონდის იდეაზეც. უფრო სწორედ, სიტყვამ მოიტანა და მე ვუთხარი, სოროსი აპირებს ფონდის გაკეთებას, რათა მაღალჩინოსნებში კორუფცია ავიცილოთ თავიდან მეთქი. ჰოდა, ივანიშვილმა განაცხადა, რა საჭიროა სოროსი, როცა მეც შემიძლია იგივე გავაკეთოო. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ მზადდებოდა პირველი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პარლამენტი შესუსტდა, ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი დაირღვა და ვატყობდი, ჩემი ოპოზიციაში აღმოჩენის ალბათობა მაღალი იყო.

- შეცდომა დაგიშვიათ, ეს რომ ივანიშვილს არ უთხარით...

- არ მითქვამს, მაგრამ შევთავაზე, ამ საკითხების განხილვა პირადად სააკაშვილთან ღირს-მეთქი. მერე ისინი ერთმანეთს შევახვედრე, ამ ყველაფერს ორგანიზება გავუკეთე, მაგრამ მე არ დავსწრებივარ. ასე რომ, ამ კოალიციაში ივანიშვილს ყველაზე ადრე მე ვიცნობდი.

- ეს თქვენ შორის კარგ ურთიერთობაზე უნდა მეტყველებდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - მაჟორიტარობის კანდიდატად ძალები დიდუბეში, ნაძალადევსა და გლდანში მოსინჯეთ. ყველა ფიქრობდა, გლდანში იყრიდით კენჭს, მაგრამ ვერსად გახვედით. რა ხდება თქვენსა და კოალიციას შორის?

- დავიწყოთ იქიდან, რომ მაჟორიტარობაზე კამათი არასდროს იმართება-ხოლმე. საკამათო, როგორც წესი, ყველგან პარტიული სიაა. მე არ ვინტერესდები ამ თემით, როგორც კოალიცია გადაწყვეტს და სადაც მეტყვის, კობა, აქ ხარ საჭიროო, იქ ვიქნები. თუ მეტყვიან, ხომ კარგი, თუ არადა - არა.

- და არ განიხილავთ ვერსიას, რომ საჭირო არსად ხართ?

ესეც სავსებით რეალური და შესაძლებელია. ერთადერთი კაცი ვიყავი, ვინც კოალიციაში ამ პირობით მივიდა - სულ რომ არსად მოვხვდე და არსად დამასახელოთ, მაინც დაგეხმარებით-მეთქი. კიდევ ერთი - პოლიტიკურ საბჭოზე ჩემი და, საერთოდ, თბილისის მაჟორიტარების საკითხი არ განხილულა. წევრი არ ვარ, თორემ საბჭოს სხდომებს ვესწრები და გადაწყვეტილი მხოლოდ 6 კაცია იმერეთში. შესაბამისად, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ჩემი გლდანში კენჭისყრის საკითხიც. ჩემთვის არ უთქვამთ, რომ არ ვჭირდები და ვინც ამას ამბობს, ეგ იმას ჰკითხეთ.

- აღარ აკეთებთ "საარჩევნო სკოლის" პროექტს, აღარ ხართ პიარჯგუფში. იმასაც შეგახსენებთ, რომ ე.წ. შიდაპრაიმერის იდეის ავტორიც თქვენ იყავით, რომლითაც თქვენ გარდა, ყველამ იხეირა.

- მართალი გითხრათ, მე რა ინფორმაციაც მაქვს, არათუ რეგიონებში, თბილისშიც ჩერდება ეს გამოკითხვები, მგონი, 27 მაისის აქციის ორგანიზების გამო. საერთოდ, პრაიმერებსა და ამ ტიპის გამოკითხვებს რაღაც კონფლიქტები სულ ახლავს. ეს ვითომ ობიექტური გამოკითხვაა, არადა არ არის და გაუგებრობებს იწვევს ხოლმე, ამიტომ, როგორც ვიცი, შიდაპრაიმერი საერთოდ შეჩერდა.

- დააკონკრეტეთ, რა კონფლიქტები მოხდა?

- ეს შეიძლება ყოფილიყო დაპირისპირება კანდიდატებს, პარტიებს შორის და ამიტომაც გაჩერდა გამოკითხვა. ვფიქრობ, აღარც განახლდება. ჩაითვალა, რომ საარჩევნო გზაზე სიარული შეთანხმებით აჯობებს, მაგრამ პრაიმერის ჩატარების გეგმა კოალიციაში ნამდვილად არსებობდა. საქმე ჩხუბამდე არ მისულა, მაგრამ რომ არ მისულიყო, სწორედ ამიტომ გაჩერდა გამოკითხვები.

- გამოდის, იგივე მოხდა, რაც "რვიანში", როცა იმიტომ ვერ გახდით ბლოკი, რომ ალასანია-უსუფაშვილის პარტიებმა ადგილები ვერ გაიყვეს. ასეა?

- არა მგონია! მე მაინც არაფერი ვიცი. საერთოდ, გეტყვით, რომ ჩემი კონკრეტული სპეციალიზაცია ახლა არის სოციალური საკითხების მუშა-ჯგუფი, რომელსაც ვხელმძღვანელობ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაზე მეტს ვმუშაობთ. ჩემი პროგრამის ნაწილი ივანიშვილმა ჯერ ყრილობაზე განაცხადა, შემდეგ 27 მაისს დააზუსტა. 10 ივნისსაც ქუთაისში მნიშვნელოვანი დრო დაეთმო მის გამოსვლაში ჯანდაცვის საკითხებზე საუბარს. ახლა მეორე ეტაპზე გადავედით - ვამუშავებთ საკანონმდებლო ბაზას, რათა როგორც კი "ქართული ოცნება" მოვა ხელისუფლებაში, პირველივე დღიდან ჯანდაცვის რეფორმის სრული პაკეტი და საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს. ამ ყველაფერზე ვმუშაობ და აუცილებლად ჩემი სახეც უნდა ჩანდეს? საქმეები ჩანს! თუ მაინცდამაინც გინდათ, ჩემი პასიურობის მიზეზი ვთქვა, კი ბატონო - ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. დისკოზის ნიშნები მაქვს და მედიკამენტურ მკურნალობას გავდივარ. ერთი საათის ხანგრძლივობით, არათუ სიარული, ფეხზე დგომაც არ შემიძლია. იმედია, ფორმაში სექტემბრამდე ჩავდგები, თუ არადა, ჩემი მაჟორიტარობაც არ გამოვა. თბილისისა და ქუთაისის აქციებშიც მთხოვეს ჩართვა, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი და უარი ვუთხარი.

- ეს შეიძლება, კარგი ალიბიც იყოს, თუ რატომ არ მონაწილეობთ არჩევნებში კოალიციის სახელით, თუმცა მათ ეროვნული საბჭოს, მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ნომერი, "7"- იც კი აჩუქეთ, ამით ხაზი გაუსვით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხართ, თუ რაიმე საკრალური დატვირთვაც ჩაიდო?
- ეს რიცხვი მემკვიდრეობით ერგო ეროვნულ საბჭოს 2008 წლის არჩევნებიდან, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიცია მონაწილეობდა. ახლა ეკუთვნის კოალიციას, სადაც თითქმის ყველა ოპოზიციური ძალაა გაერთიანებული. თან "7" კარგი რიცხვია, შვიდქიმიანი ვარსკვლავიც ხომ არსებობს? მოკლედ, ამასაც აქვს თავისი დატვირთვა, ოღონდ ზომიერად.

- სულ იმ ქმედებებზე რომ საუბრობთ, რაც ხელისუფლების მხრიდან არ მოგწონთ, იქნებ თავად გვითხრათ, თუნდაც ჯანდაცვის ნაწილში, ამომრჩეველი როგორ უნდა გადმოიბიროთ?

- მაგალითად ვიღებთ ესტონეთის მოდელს და ზედმეტ ორიგინალობას არ მივდევთ, თუმცა იგი ქართულ რეალობას მოერგება. უნდა შეიქმნას ე.წ. არამომგებიანი სადაზღვევო სალარო. ამ მოდელს ორი მესამედით სახელმწიფო აფინანსებს, მესამედით კი საშემოსავლოს გადამხდელი. ჩართულია პაციენტთა კავშირიც, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას. ჩვენი ჯანდაცვა ორიენტირებული უნდა იყოს პაციენტზე და არა სადაზღვევო კომპანიებზე ან თუნდაც ექიმებზე. მთელი ეს მოდელი გვიჯდება 845 მილიონი ლარი. ეს ცენტრისტული მოდელია, რომელსაც არა აქვს გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. მოკლედ ავხსნი შინაარსსაც - სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველას დაზღვევისთვის გამოყოფს ფულს. ყველა იხდის საშემოსავლო 20%- ს. ამ 20%- ის მესამედს ანუ 7%-ს, ჯანდაცვის სალაროში გავუშვებთ. რეალურად, ხდება უმუშევრობის დაფინანსება იმათ ხარჯზე, ვინც მუშაობს, ოღონდ დასაქმებულთათვის საშემოსავლო არ იზრდება. ხალხს კი არ ვატყავებთ, უბრალოდ, გაჭირვებულებისთვის ვცვლით ვითარებას უკეთესობისკენ.

- გისმენთ და ლოგიკური კითხვა ჩნდება - ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, ჩემთვის მოხაზული მაქვს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და თქვენც დაგპირდათ, ჯანდაცვის მინისტრი იქნებიო?

- უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ - მე ეს სფერო მაინტერესებს და აქ სიამოვნებით ვიმუშავებდი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ჩემი თვითმიზანი არ არის ოპოზიციაში ყოფნა. ახლა ვმუშაობ კოალიციის ჯანდაცვის ჯგუფში და დიახ, მე ამ ჯგუფს ვუყურებ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჩრდილოვან კაბინეტს. ვიქნებოდი ამ სფეროში, რა პოსტზეც კოალიცია გადაწყვეტდა, მაგრამ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა ჯერ ადრეა!