ბაგრატის ხელახლა აშენებული ტაძრის საზეიმო გახსნა ქუთაისში შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. ხელოვნებათმცოდნეების ერთი ნაწილი განგაშს ტეხს და აცხადეს, რომ ძეგლმა უნივერსალურობა დაკარგა და შესაძლოა ის იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო იუნესკოს კომიტეტმა შეშფოთება შარშანაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მიმდინარე სამუშაოები "დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს", რადგან ის "ტაძრის აუთენტურობას ხელყოფს", ძეგლის თანამედროვე ელემენტებით მშენებლობა მაინც ხდება.
ხელოვნებათმცოდნეების განცხადებით, ბაგრატის ტაძარს ახალი გუმბათი დაადგეს, რამაც ნაგებობა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით "გაზარდა", ასევე ცნობილია, რომ ტაძარი სპილენძით გადაიხურება, დასავლეთით კი შუშის ლიფტი დამონტაჟდება.
გარდა ამისა ახალი გუმბათის, სარკმლებისა და ორნამენტების მოპირკეთება თლილი ქვების ნაცვლად დახერხილი ქვებითა და ახალი ფილებით მიმდინარეობს. თავდაპირველი, ორიგინულური სვეტები, უზარმაზარი ქვები გაბურღულია და შიგ ჩამონტაჟებულია რკინის არმატურა. უამრავი რკინა-ბეტონია შეტანილი და მთელ პერიმეტრზეა ჩასხმული.
ბაგრატის ხელახლა აშენების იდეა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და მკაცრად განსაზღვრულია, რომ მშენებლობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაში უნდა დასრულდეს.
ცნობისათვის, 1994 წლიდან ბაგრატის ნანგრევები იუნესკომ მსოფლიო კულტურული საგანძურის სიაში შეიყვანა. 2009 წლიდან კი როცა, ბაგრატის რეკონსტრუქცია არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტით დაიწყო, იუნესკომ ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში გადაიყვანა და რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვა.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუციის შესახებ გადაწყვეტილებას ხელოვნებათმცოდნეთა ერთი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ისინი ტაძრის არსებული ფორმით კონსერვაციას მოითხოვენ. ხოლო ხელისუფლება და ხელოვნებათმცოდნეთა მეორე ნაწილი - თანამედროვე მეთოდებით აღდგენას ემხრობოდა.
კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ამტკიცებს, რომ თანამედროვე მეთოდებით აღდგენის შემთხვევაშიც კი იუნესკოსთან ყველა პრობლემა მოგვარებულია და ბაგრატს მსოფლიო კულტურული საგანძურის სიიდან ამოღება არ ემუქრება.
რურუა იმასაც ამბობს, რომ იუნესკო მიმდინარე რეკოსტრუქციის 2014 წლამდე შეჩერებას ითხოვს, რაც ოფიციალური თბილისისთვის მიუღებელია.
სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ის რაც ახლა ხდება, ნამდვილად არის საბაბი, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღონ, რადგან "ბაგრატი, როგორც უნივერსალური ქართული კულტრული მემკვიდრეობა, დავკარგეთ. ის ისტორიულ-მხატვრული ღირებულებით აღარ არსებობს".
ის ამბობს, რომ "ხელისუფლებას და საპატრირქოს სურდათ და სურთ ტაძარი მთლიანად აღდგეს. ეკლესია ამბობს, რომ წირვის ღია ცის ქვეშ ჩატარება არ შეიძლება. სპეციალისტები უმცირესობაში აღმოვჩნდით და ჩვენი ვერ გავიტანეთ. ხელისუფლება გვეუბნება, რომ კონსტრუქციულად აუცილებელია ამ კედლების შეკვრა. მთელ მსოფლიოში უამრავი ძეგლია, რომლის კონსერვაცია ხდება და საუკუნეების მანძილზე არაფერი ემართება, ამიტომ დაკონსერვებით ძეგლის შენარჩუნება შეუძლებელი არ არის".
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს პრესმდივანი თამარ კვანტალიანი აცხადებს, რომ საპატრიარქოს ლოგიკური მოთხოვნა იყო - "იქ სადაც ტაძარია, ნანგრევი არ უნდა იყოს".
თამარ კვანტალიანი: "ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში ისე შეიყვანეს, საპატრიარქოსთვის არ უკითხავთ და მისი აღდგენა არ იყო გათვალისწინებული. ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობაც და იუნესკოსთან გაუგებრობები. სადაც ტაძარია, ნაგებობის ფუნქცია მოითხოვს, რომ ის უნდა აღდგეს. ეკლესია ღვთის სახლს დანგრეულს ვერ დატოვებს. ეს გამორიცხულია. მისი აღდგენა ტაძრის კულტურულ მემკვიდრეობად დარჩენას ხელს არ უშლის".
მისივე თქმით, "ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ივანე გრემელაშვილმა გააკეთა, საპატრიარქოს მიერ იყო მოწონებული. თუმცა ის, რაც ახლა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
"ფაქტობრივად არავის ჩავუყენებივართ საქმის კურსში, რომ იქ იგეგმებოდა სხვა რამ. ჩვენ, როგორც მესაკუთრენი, ჩავედით, რომ გვენახა რა პროცესები მიმდინარეობს ტაძარზე და აღმოვაჩინეთ, რომ დასავლეთ მხარეს, რაც ამ პროექტში იყო შეთანხმებული, მონგრეულია, გაკეთებულია რკინის კარკასი და როგორც ჩანს, რეაბილიტაცია დაგეგმილია შუშის გამოყენებით.
"პროექტი ვერავინ ვერ გვანახა და დაზუსტებით არ ვიცით, რა სახე უნდა მიეცეს ამას. ვერ დაველაპარაკეთ სამუშაოების ხელმძღვანელს. ერთადერთი ვიცით, რომ უშუალოდ ამ ყველაფერს ნიკა ვაჩეიშვილი უწევს ხელმძღვანელობას", - აცხადებს კვანტალიანი.
ასოციაცია "საზოგადოება და კულტურული მემკვიდრეობის" ხელოვნებამცოდნე მანანა სურამელაშვილის თქმით, ცნობილია, რომ პროცესები დასრულებისაკენ მიდის.
მანანა სურამელაშვილი: "ბაგრატის ტაძარი თავის უნივერსალურ ღირებულებას კარგავს. მინის ლიფტი და სპილენძით გადახურვა დეტალებია, რომელთა მოშლაც შეიძლება, მაგრამ რა ეშველება იმას, რაც უკვე სამუდამოდ დაიკარგა?! თავისთავადობა, ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, უნივერსალურობა, სიძველე - ეს ყველაფერი წაიშალა და დღეს სრულიად ახალი ნაგებობა მივიღეთ, რომელშიც იმ ძველის მხოლოდ ფრაგმენტებია ჩართული.
"ისიც, რაც ძველიდან ჩართულია, სახეცვლილია. თავდაპირველი, ორიგინალური სვეტები, უზარმაზარი ქვები გაბურღულია და შიგ ჩამონტაჟებულია რკინის არმატურა. უამრავი რკინა-ბეტონია შეტანილი და მთელ პერიმეტრზეა ჩასხმული. კედლები თლილი ქვების ნაცვლად დახერხილი ქვებითაა, ახალი ფილებითაა შემოსილი. ეს არ არის რესტავრაციის კლასიკური მეთოდები. ეს უკვე სრულიად ახალი შენობაა და არაფერი აქვს საერთო კულტურულ ღირებულებასთან".
როგორც სურამელაშვილი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს იუნესკოსთან შეუთანხმებლად სიძველეების უხეში ფიზიკური ხელყოფა დაიწყო, საქართველოს დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის გარკვეული გეგმა მისცეს და ეს პროცესი ეტაპობრივად 2014 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო.
"იუნესკოს კომიტეტმა გვირჩია გვეთანამშრომლა საერაშორისო ექსპერტთან. შარშან ზაფხულში ჩამოსული იყო სპეციალისტი ანდრეა ბრუნო და მისი მხრიდანაც იყო საუბარი, რომ ტაძარი უნივერსალურობას კარგავდა", - ამბობს სურამელაშვილი და ერთ რამესაც დასძენს: "იუნესკოს ძეგლთა სიაში ბაგრატის ტაძარი და გელათის ეკლესიაც ერთი ნომინაციით არის შეტანილი. თუკი ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ძეგლთა სიიდან ამოვარდება, მექანიკურად ამ სიიდან ამოვარდება გელათის ტაძარიც. ალბათ ჩვენი მხარე შემდეგში გელათის ტაძარს ცალკე ნომინაციად შეიტანს, მაგრამ ბაგრატს უკვე აღარაფერი ეშველება".
იუნესკოს კომიტეტის ყოველწლიური სხდომა ივნისის ბოლოს უნდა შედგეს და ქართველი ხელოვნებათმცოდნეები ამ სხდომის გადაწყვეტილებას დიდი ინტერესითა და შიშით ელოდებიან.
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, გაფრთხილებულები ვართ არა მარტო ბაგრატთან, არამედ მცხეთასთან დაკავშირებითაც".