პირველი მაისის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 154,1 ლარით განისაზღვრა, საშუალო ოჯახისა კი - 258,5 ლარით. საყურადღებოა, რომ საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში თანდათან მცირდება, მაგალითად: შარშან, 2011 წლის აპრილში ის 163,2 ლარი იყო, ამავე პერიოდში ექვსსულიანი ოჯახისათვის საარსებო მინიმუმი 384,4 ლარი გახლდათ, ხოლო წელს ის 363,1 ლარს გაუტოლდა. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება პროფესორი დავით იაკობიძე:
- სამწუხაროა, მაგრამ სინამდვილეში რამდენია საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში, არ ვიცით. ჩვენთან არსებობს უბრალოდ, წარმოდგენა საარსებო მინიმუმის შესახებ. ეს არის ცალკეული ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანი უნდა იღებდეს ამა თუ იმ რაოდენობის პროდუქციას, რაც მისი არსებობისათვის აუცილებელია და ამ პროდუქტის შეძენას სჭირდება, დავუშვათ, 150 ლარი. განვითარებულ ქვეყნებში ამ მაჩვენებელს სხვაგვარად ითვლიან, იქ მას სოციალური ტიპის მაჩვენებელი ჰქვია. ამერიკაში მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში 24 ათას დოლარზე მეტია, ეს ოჯახი აღარ მიიჩნევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად. გერმანიაში ამგვარ ზღვრად დაახლოებით 20 ათას ევროს მიიჩნევენ. რაც შეეხება მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს, მათთვის სიღარიბის ზღვარი განსაზღვრა მსოფლიო ბანკმა, რომელმაც დაადგინა, რომ თუ დღის განმავლობაში ადამიანი ერთ დოლარსა და 25 ცენტს ან უფრო ნაკლებს მოიხმარს, ეს ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
- ესე იგი, ეს ნორმა ჩვენზეც ვრცელდება?
- რადგან საქართველოს თვითონ არ განუსაზღვრია სიღარიბის ზღვარი, ბუნებრივია, მასზეც ვრცელდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი ეს ნორმა. თვითონ ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის 15 პროცენტი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფებაო, ეს ნიშნავს, რომ 1 დოლარსა და 25 ცენტზე ნაკლებს მოიხმარს მოსახლეობის 15%. ეს არის 600 ათასი კაცი. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ასეა თუ ისე, თუ ოფიციალურად აღიარებული 15 პროცენტის მიხედვით ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ 600 ათასი კაცი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ამას თუ დავამატებთ 900 ათას პენსიონერს, გამოდის, რომ ქვეყანაში მილიონ-ნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ესე იგი, მილიონ-ნახევარი ადამიანი არ ცხოვრობს ნორმალურ, ღირსეულ პირობებში. არ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ კალორიებზე, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს. ასე თუ ვიმსჯელებთ, ც ვიტამინს ესკიმოსები უფრო მეტს იღებენ, ვიდრე ქართველები, იმიტომ, რომ უფრო მეტ კომბოსტოს ჭამენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იდეალურ პირობებში ცხოვრობენ. ნებისმიერი ხალხი, თავისი ქვეყნის კლიმატისა და გარემო პირობების მიხედვით აყალიბებს თავის რაციონს. როდესაც ადამიანი შრომობს და კალორიებს ხარჯავს, ამ ენერგიის ანაზღაურება უნდა შეძლოს და საკვების აუცილებელი ნორმა უნდა მიიღოს, თუმცა მას ბევრი სხვა რამეც სჭირდება - ტანსაცმელი, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები, ტრანსპორტი და ა.შ. დამერწმუნეთ, ამას ერთი დოლარი და 25 ცენტი ნამდვილად არ ეყოფა, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც შუქის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების გადასახადი უმძიმეს ტვირთად აწვება ნებისმიერ ოჯახს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საარსებო მინიმუმი მაისის მონაცემებით 154,1 ლარი ოყო, იანვარში კი 3 ლარით მეტი - 157,2 ლარი.
- სიმართლე გითხრათ, ეს 154, ან 157 ლარი საიდან მოიტანეს ან როგორ იანგარიშეს, ვერ გეტყვით. ერთი რამ კი ცხადია - საქართველოში საარსებო მინიმუმის დადგენა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას დიდი დაკვირვება ნამდვილად არ სჭირდება.
- კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს არის ფასები. ალბათ ძნელია, ქვეყანაში არსებული ფასების მიხედვით დავასკვნათ, რომ ადამიანს თვეში 154 ლარი ეყოფა საარსებოდ.
- ფასები იმიტომ იზრდება, რომ ჩვენთვის საჭირო პროდუქციას არ ვაწარმოებთ, საკუთარი პროდუქცია არ გვყოფნის და ამით უნდა აიხსნა ყველა სირთულე. თუ ასე გაგრძელდება, სიტუაცია მომავალში კიდევ უფრო გართულდება. არჩევნების შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ასეა. თუ იმ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ღონისძიებებს გავითვალისწინებთ, რასაც ვხედავთ, ნამდვილად არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ვინმე ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე იზრუნებს და ქვეყანა წელში გაიმართება. სამწუხაროდ, თვითონ გავხდით დამოკიდებულნი სხვა ქვეყნებზე, მათ მიერ მოწეულ პროდუქციაზე.
როდესაც ხელისუფლება თვითონვე აღიარებს - ქვეყანაში 600 ათასი კაცი სულს ღაფავს და მათ გამო ვტირიო, რაში უნდა შეედავო? - ალბათ, იმაში, რატომ იბზარება და ტყდება მათ მიერ დაგებული გზები, რატომ აკეთებენ ორჯერ ერთ საქმეს, ან რა რემონტი სჭირდებოდა ოპერას? ხომ შეიძლებოდა ეს ფული ხალხის სასარგებლოდ დაეხარჯათ? თორემ იმის მტკიცებას, რომ ამ ქვეყანაში ბევრს უჭირს, ხელისუფლებაც აღარ ერიდება.
P.S. როგორც "საქსტატის" სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა გიორგი კალაკაშვილმა გვითხრა, სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს იმ კალორიების რაოდენობას, რომელიც აუცილებელია შრომისუნარიანი მამაკაცის ან ოჯახის საარსებოდ. შემდეგ კი ქვეყანაში არსებული ფასების და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით ადგენენ საარსებო მინიმუმსაც.