26 მაისს ზარ-ზეიმით გახსნილი ქუთაისის პარლამენტის მშენებარე შენობა ჩამოინგრა, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. “წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სოსო მანჯავიძის განმარტებით, პარლამენტის მშენებლობის დაწყებამდე არც გეოლოგიური და არც სხვა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებსაც სამშენებლო ნორმები ითვალისწინებს, ჩატარებულა და პარლამენტის ნგრევაც სწორედ ამან გამოიწვია.
სოსო მანჯავიძე: ამ რეჟიმს, რომელიც “ვარდების რევოლუციის” მონაპოვარია, შიზოფრენულ-ტერორისტულს დავარქმევდი, რადგან ყველა იმ პარამეტრს აკმაყოფილებს, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის შესახებ ჟენევის კონფერენციის დეკლარაციაშია განსაზღვრული. ეს ნორმებია: ხალხზე თვალთვალი, მასობრივი დაპატიმრებები, დემონსტრაციული დახვრეტები, უკანონო მოსმენები და ა.შ. მოკლედ, საქმე საკმაოდ უცნაურ მოვლენებთან გვაქვს, რაც ნაციონალური თავისებურებებითაა შეფერადებული.
ბატონო სოსო, რას გულისხმობთ?
- მაგალითად, ვისაუბროთ ახალი პარლამენტის შენობაზე. კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, რომ პარლამენტის სხდომა იმ პირობებში ჩატარებულიყო, როცა შენობას ერთი კედელი საერთოდ არ აქვს. ისტორიკოსი ვარ და მსგავი არაფერი მსმენია. პრეზიდენტმა 26 მაისს, ქუთაისის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, პარლამეტის შენობას სახურავი ღვთისმშობლის კალთასავით აქვს გადაფარებულიო. მერე კი დასძინა, აქ წვიმაც ჩამოვა, სახურავიც მოსძვრება, მაგრამ ეს არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან მშნებელობა მიმდინარეობსო. სხდომაზე მყოფთაგან არავის გაუჩნდა პროტესტის განცდა, რომ დაუმთავრებელ შენობაში უწევდა პრეზიდენტის სამარცხვინო სიტყვის მოსმენა, თუმცა რა უნდა გამიკვირდეს, ისინი ხომ სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები არიან. საერთოდ, პარლამეტის შენობის ქუთაისში გადატანა იმ მავნებლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც სააკაშვილი და მისი ამფსონები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ანხორციელებენ.
რატომ ფიქრობთ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა მავნებლობა და ანტიეროვნული ნაბიჯია?
_ როგორც მარადმწვანე პარლამენტარმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ახალი პარლამენტის ასაშენებლად, ანუ ამ უაზრო ავანტიურაზე, თურმე, 130 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამხელა თანხა იხარჯება იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი უწამლობით იღუპება, ბევრი ბავში მძიმე სენითაა ავად, შველას ითხოვს და ვერ ვეხმარებით. ასეთ დროს ეს ხელისუფლება ფულს სახელმწიფოებრიობის დეზინტეგრაციაზე ფლანგავს. შეგახსნებთ: ეს ის ფულია, რომელიც ჩვენი შვილების გადასახდელია, ვინაიდან დღევანდელი ბიუჯეტი კრედიტებით ფინანსდება, საგარეო ვალმა 11 მილიარდ დოლარს მიაღწია. ცალკე თემაა, თუ რა ვალდებულებები აქვს ხელისუფლებას მევალეებთან. მოკლედ, სახეზეა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დივერსია - საერთოდ, პარლამენტი რთული ინსტიტუტი და ცენტრია, საიდანაც უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის ოპტიმალური გზების მოძებნა და როცა პარლამენტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ისე ხდება, რომ საამისოდ არანაირი პირობები არაა, ცხადია, ასეთი პარლამენტი ვერ იარსებებს, თუმცა ეს პარლამენტი გინდ ქუთაისში გადაიტანეთ და გინდ - თელავში, მაინც სააკაშვილის ნოტარიუსად დარჩება.
ძველი პარლამენტის შენობა იუნკერების საფლავზეა აშენებული; სისხლი ქუთაისის პარლამენტის შენობაშიც დაიღვარა, ანუ ორივე პარლამენტის შენობა ცოდვიანი...
- მართლაც, ძალიან მძიმე ისტორია აქვს ჩვენს პარლამენტარიზმს. თუკი ამ საკითხს მისტიკურად მივუდგებით, საფლავზე აშენებული პარლამენტი ძალიან მძიმე მოვლენაა, თუმცა ამ საკითხის მართლმადიდებლური წესით გადაწყვეტა შეიძლებოდა _ პარლამენტის შენობის ადგილზე აშენდებოდა სამლოცველო და უსიამოვნო ისტორიული წარსული რაღაც ფორმით განეიტრალდებოდა. ყველაზე ადექვატური და სწორი კი ის იქნებოდა, რომ პარლამენტი, მართლაც, გვქონდეს და პარლამენტარები ქვეყანასა და ხალხზე ფიქრობდნენ და არა _ ჯიბეების გასქელებაზე. ეს იუნკერების წინაშე ქედის მოხრა იქნებოდა, მაგრამ მწარე რეალობაა _ არ გვაქვს არც პარლამენტი და არც - რომელიმე სხვა ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს! გვაქვს ოთხი ძალოვანი სამინისტრო და ყველა სხვა უწყება ამ ოთხი სამინისტროს მონადაა ქვეული.
რაც შეეხება ქუთაისში მომხდარ ტრაგედიას, პარლამენტის შენობა იმიტომ დაინგრა, რომ სამშენებლო ნორმები თავიდანვე უგულვებელყოფილი იყო - სამშენებლო პროცესი, პრეზიდენტის ბრძანებით, წარმოუდგენლად დაჩქარებულად მიმდინარეობდა. სააკაშვილი თავის პიარ-აქციებს უსადაგებს სამშენებლო თუ სხვა პროცესებს. მთელი სახელმწიფო აპარატი სააკაშვილის “ხუშტურების” დასაკმაყოფილებლად მუშაობს. ამასთან, აღარ არსებობს ისეთი უწყება, რომელიც სამშენებლო ნორმებს გააკონტროლებს - მშენებლობის სამინისტრო თუ მასალათა გამძლეობის ინტიტუტი გაუქმებულია. ვინ შეამოწმებს სამშენებლო მასალების მდგრადობასა და მშენებლობის ნორმებს?
ისე, ბატონო სოსო, პარლამენტარებს ხომ არ ურჩევთ, რომ ჩაფხუტებით შევიდნენ შენობაში? ამ მხრივ გიორგი თარგამაძეს “თავი ქუდში” აქვს - სააკაშვილმა ჩაფხუტი 26 მაისს აჩუქა...…
- თარგამაძეს, რომელსაც პრეზიდენტის ნაჩუქარი ჩაფხუტი უკვე აქვს, წინასწარმეტყველური გამოსვლა ჰქონდა - ხომ გაგვაფრთხილა, ამ შენობაში წვიმა ჩამოვა და სახურავი მოსძვრება? ასეც მოხდა. სააკაშვილი ამბობს, საქართველოში მენტალური რევოლუცია უკვე მოხდაო. მისმა თანამოაზრეებმა - ბოკერიამ და რამიშვილმა 2009 წლის პერმანენტული აქციების შემდეგ, განაცხადეს, ქართველი ხალხი ხერხემალში გადავტეხეთო. გახსოვთ, ალბათ, რუსეთში, პეტრე პირველამდე, არსებობდა “პოჟილოეს” უფლება, როცა მეფის მორჩილების სანაცვლოდ, ჩინოვნიკს ეძლეოდა იმის ნება, რომ შეეჭამა ქვეყანა. სწორედ ეს უფლება აქვს მიცემული ნეო-ლიბერალურ ფრთას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ უზრუნველყოფას უკეთებს. მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის შენობის 130 მილიონზე არაა საუბარი, ბათუმის არქიტექტურულ “ზიზილ-პიპილოებში” კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ. ამ უგემოვნო ძეგლებში დახარჯულია 400 მლნ ევრო, ბათუმში “ანბანის კოშკი” 65 მილიონი ლარი დაჯდა, ხიდი მტკვარზე - 80 მილიონი, ანაკლიის ცნობილი ხიდი კი, რომელიც მალევე ჩაინგრა, - 25 მილიონი. რა გემოვნებას ესადაგება უზარმაზარი ველოსიპედის ქანდაკება და კვერცხებზე “შეყენებული შლოპანცები”? ეს პირდაპირ ქვეყნის მომავლის შეჭმაა. ეს ფული სოფლის მეურნეობაში რომ ჩადებულიყო, გვექნებოდა ჭარბი პროდუქცია და ჩვენი სასურსათო უსაფრთხოებაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნებოდა. აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტის სასახლეზე, რომელიც 800 მილიონი დაჯდა.
კარგად გვახსოვს, თუ როგორ ააფეთქეს ქუთაისში დიდების მემორალი, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ტრაგედია რისი ბრალია?
- ეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნის მემორიალი იყო. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომში 300 ათასი ქართველია დაღუპული და ამ ძეგლის ხელყოფა მათი ხსოვნის შეურაცხყოფაა. მაშინ საზოგადოებამ გამოთქვა პროტესტი, რამაც სააკაშვილი გააღიზიანა და ქუთაისის მაშინდელ ხელმძღვანელობას უბრძანა, ჩაეყვანათ “საქმრეწვის” თანამშრომლები, რომლებმაც დანაღმეს ძეგლი, არ გააფრთხილეს მოსახლეობა და აფეთქების შედეგად, დედა-შვილი დაიღუპა. იმხანად ქუთაისში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორი საშინელება დატრიალდა. ამის განსამუხტავად ხელისუფლებამ ვერაფერი მოიფიქრა და მოიყვანა ქალები, რომლებიც სამძიმარზე მისულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ. სააკაშვილმა ძეგლების დემონტაჟი და მშენებლობები მკვლელობით დაიწყო! მკვლელობაა, როცა ათასობით ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად არ იხარჯება ფული და კოლოსარული თანხა ასეთი ტიპის უაზრო პროექტებში იფლანგება! ეს ჩვენი მომავლის მკვლეობაა და სირცხვილი იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძანებებს ასრულებს და ვერ გაუგია, თუ ვის ემორჩილება! სწორედ მათ კისერზეა ამ არანორმალურად მოაზროვნე ხალხის მიერ განხორციელებული მთელი რიგი უბედურებების კასკადი.
პარლამენტის კედლის ჩამონგრევისას, ოფიციალური მონაცემებით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რეალურია ეს მონაცემი?
- სირცხვილი იმ პოლიციელებსა და კუდ-ის თანამშრომლებს, ვინც ზუსტ ინფრომაციას არ ასაჯაროებენ. იქ არც ჟურნალისტებს უშვებენ, რომ რეალური სურათი დავინახოთ. არც გარდაცვლილთა ოჯახის მდგომარეობა მესმის _ როგორ უნდა იყოს გაჩუმებული და შეეგუოს ოჯახის წევრის სიკვდილს ისე, რომ შეშფოთებაც არ დააფიქსიროს? ყველაფრის მოთმენა, მართლაც, არ შეიძლება. ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ საიქიოში წასულებს ჯოჯოხეთის ხილვა აღარ გაგვიკვირდება, რადგან ჯოჯოხეთი ცხადში უკვე გვანახა სააკაშვილის ხელისუფლებამ!
ხალხის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს...
- საპროტესტო ტალღა დაიწყო და ძალას იკრეფს. ის მავნებლური მოსაზრებაც დაიძლია, რომ ამბობდნენ, სახალხო გამოსვლები მხოლოდ სააკაშვილს აწყობსო. ქართველმა ხალხმა თავის არჩევენი 27 მაისსა და 10 ივნისს გამოხატა. ახლა საჭიროა, მუდმივ პრესინგში გადავიდეთ და ინიციტივის უფლება წავართვათ ხელისუფლებას, თამაში მის მოედანზე გადავიტანოთ და ამოსუნთქვის საშუალება არ მივცეთ. არის გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც პროცესები შეუქცევადი ხდება!