რამდენიმე დღეში ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ქართულ-არაბული ავიაკომპანია "ეარ კავკასუსი", რომელსაც კონსულტანტობას გაუწევს გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანია "სქაი ჯორჯიას" პრეზიდენტი გიორგი კოდუა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
- ბატონო გიორგი, "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოდან მივდივარო. რამ ან ვინ შეგაცვლევინათ აზრი?
- გადავიფიქრე, ყველანი თუ წავალთ, ვის დავუტოვოთ საქართველო? თუმცა არ გამიჩერებია გარეპროექტები, საკონსულტაციო ფირმები მაქვს გახსნილი ყაზახეთში, მოლდავეთში...
- რა ბედი ეწია თქვენს ავიაკომპანია "სკაი ჯორჯიას"?
- საქალაქო სასამართლოში საქმე წავაგე. მინდა, გავიარო კონსულტაცია იურისტებთან და გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრო. მოვიძიეთ დოკუმენტი, რომ ევროპა არ არის ჩვენი რეისების წინააღმდეგი და რომ ჩვენი კომპანია ხელოვნურად იყო გაჩერებული. თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და "სკაი ჯორჯია" გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანეს. მაქვს ბევრი ვერსია, რატომ მოხდა ეს, მაგრამ როცა რაღაცას ამტკიცებ, ფაქტები უნდა გქონდეს ხელთ და ნათქვამზე პასუხი აგო. ფაქტების მოძიება კი ძალზე ძნელია.
- როდის ამუშავდება "ეარ კავკასუსი"?
- "ეარ კავკასუსში" ქართულ-არაბული ინვესტიციები ჩაიდო, თუმცა კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ქართული მხარე იქნება. ავიაკომპანია ყოველდღიურად რეგულარულად იფრენს დსთ-ის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ოქტომბრიდან კი - თბილისი-ქუთაისის მიმართულებითაც. რადგან პარლამენტი ქუთაისში გადადის და მთავრობის წევრებს დასავლეთში ხშირად მოუწევთ მგზავრობა, კომპანიამ გადაწყვიტა, კოპიტნარის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, პიარისთვის 1-2 თვის განმავლობაში, ყოველდღიური რეისი - თბილისი-ქუთაისი - შეასრულოს.
- რა ეღირება ბილეთი თბილისი-ქუთაისის რეისზე?
- ბილეთი 25 აშშ დოლარი ეღირება. ამასთანავე, თუ მოთხოვნა იქნა, რეისები შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს, ოღონდ სხვა პირობით. კერძოდ, 50 ადგილი იქნება იაფი და წინასწარ დაიჯავშნება, დანარჩენ 50 ადგილს კი სტანდარტული ფასი დაედება. დღეს არ არსებობს ძლიერი ქართული ავიაკომპანია, "აირზენასაც" კი სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჩვენ თუ გვაქვს სახელმწიფოებრიობის განცდა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სურვილი, ეს ადგილობრივი ავიაკომპანიის გარეშე შეუძლებელია. ყველა ძლიერ და თავმოყვარე სახელმწიფოს აქვს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც ქმნის ჯერ სამუშაო ადგილებს და შემდეგ აკონტროლებს ტარიფებს. თუ გსურს, რომ ქართველი მგზავრი იაფად ატარო და ტარიფი აკონტროლო, კომპანია ქართული უნდა იყოს.
- რა გარანტია გაქვთ, რომ ამ კომპანიასაც არ შეექმნება პრობლემები?
- ეს უკვე მე აღარ მეხება, მე კონსულტაციებს გავუწევ, ვურჩევ, როგორ იმუშაოს რენტაბელურად, შევიმუშავებ ბიზნესგეგმას, სტრატეგიას და მერე რას უზამენ არაბ ინვესტორს და როგორ მიუდგებიან, ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. იმედი მაქვს, გაამართლებს ეს პროექტი.
- ამას წინათ პრეზიდენტმა განაცხადა, რეისი კოპიტნარიდან კიევში - 22 ევრო, ქუთაისიდან ევროპაში კი 37 ევრო ეღირებაო. რეალურად მიგაჩნიათ ასეთი ტარიფები და მხოლოდ "ვიზეარი" შეასრულებს იაფ რეისებს?
- ცუდი არ არის, როცა შიდა რეისები იაფია, თუმცა მოგებიანი არ იქნება, ანუ სხვა რეისმა უნდა გადაფაროს მისი ხარჯი. თუ პროექტმა იმუშავა, ქუთაისი გახდება ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შესაძლებელი იქნება ბილეთების რეალიზება 25-30 დოლარიდან. კიევში კი ბევრი კომპანია დაფრინავს და დიდი კონკურენციაა. ახლა შემოდის "ვიზეარი"... მივესალმები კონკურენციას, გამიხარდება, თუ იქნება დაბალი ფასები, მაგრამ კიევის რეისი გეგმით გათვალისწინებული არ მაქვს, რადგან საინტერესოდ არ მიმაჩნია. 2008 წელს ჩემი ტარიფი თბილისი-კიევის მიმართულებით იყო 50 ევრო... ისე, შეუძლებელია, ყველა ბილეთი 37 ევროდ გაიყიდოს, გრადაციით - ტარიფები 37-დან 300 ევრომდე იქნება.
- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარის" შემოყვანამ ნერვიული რეაქცია გამოიწვია გაქსუებულ ავიაკომპანიებშიო. ხომ არ იცით, ვის გულისხმობდა სააკაშვილი გაქსუებულებში?
- არ მქონდა ამის საშუალება, მეკითხა, ვის გულისხმობდა. ჩემი თავი, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია იმიტომ, რომ მე გაქსუებული არ ვარ, გაკოტრებული ვარ. არც "აირზენაზე" მგონია, რომ ეთქვა, რადგან მასაც სერიოზული პრობლემები შექმნია. არც ერთი ქართული ავიაკომპანია დღეს კარგ დღეში არ არის, პირიქით - ყველა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ ჩემი კომპანია გაკოტრებულია, სადაური გაქსუებული მე ვარ?! ისღა დამრჩენია, კონსულტაციები ჩავუტარო მას, ვისაც კიდევ აქვს საქართველოში კომპანიის შექმნის სურვილი.
- ბატონო გიორგი, სადაცაა "ლაზიკა" აშენდება და იქ თუ გეგმავთ რეისებს?
- კარგი, რა (იცინის)... რა ვიცი, მივესალმები ყველა პროექტს, მაგრამ ავიაკომპანია ფრენს იქ, სადაც მგზავრია. მგზავრი და მოთხოვნა თუ იქნება, ყველა დავინახავთ და მერე ვიფიქრებ მაგ რეისებზე, მაგრამ არარსებულზე რა გიპასუხოთ?
- ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოში არ ექცევა ყურადღება ავიაციას და მას დილეტანტები უძღვებიან. ახლა თუ ხედავთ წინსვლას ამ სფეროში?
- ავიაციაში რევოლუცია არ მომხდარა, რაც ძალიან დასანანია. ამ დარგს სჭირდება სერიოზული განვითარება და არა კაბალური კანონები და დამატებითი გადასახადების შემოღება, დაბეგვრა. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ესენი ფიქრობენ არა ავიაციის და უსაფრთხოების განვითარებაზე, არამედ იმაზე, როგორ ამოიღონ ამ სფეროდან ფული. მოვითხოვ, პარლამენტმა გადახედოს ამ საკითხს. თუ საქართველოში არ ჰყავთ, უცხოეთიდან ჩამოიყვანონ კვალიფიციური სპეციალისტები, მათ ჩააბარონ მართვა და კვალიფიკაცია ნელ-ნელა აიმაღლონ.