რას აცხადებენ

რას აცხადებენ "სახალხო კრებაში" ივანიშვილის შეთავაზებაზე?

 
"კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "ასავალ-დასავალთან" საუბრისას "სახალხო კრებაზე" ამბობს, - "სახალხო კრების" წევრებისადმი მე მაქვს სურვილი და შეთავაზება, რომელსაც ახლა პირველად გავახმიანებ - ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი თუ მოინდომებენ და რეგიონებში ჩვენთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, ჩვენს კანდიდატებს მოვხსნით და გვერდით დავუდგებითო. "ალია" კომენტარისთვის "სახალხო კრების" ერთ-ერთ ლიდერ სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას აცხადებენ "სახალხო კრებაში" ივანიშვილის შეთავაზებაზე?

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამაზე. "სახალხო კრება" ყოველთვის ერთიანობისა და ერთობლივად ბრძოლის მომხრე იყო. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ერთობა შედგება. თუ ჩვენ რამე შეგვიძლია, რომ ოპოზიციამ ერთმანეთი გავაძლიეროთ, ეს იქნება იდეალური, მაგრამ ყოველთვის რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა, ამ რეჟიმს რეალური კანდიდატები უნდა დავუპირისპიროთ. ქალბატონი ნონა და ლუკა კურტანიძე რა პიროვნებები და პატრიოტებიც არიან, ყველამ ვიცით, მაგრამ მე ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბარში სოსო ჯაჭვლიანი და შეკითხვას - "დაახლოებით როდის გეცოდინებათ პასუხი, დათანხმდებით თუ არა ივანიშვილის შეთავაზებას?" - პასუხობს:

"ალბათ, ამ ორ დღეში. კრებაში ჩვენ ზოგჯერ ყველას გვაქვს ხოლმე აბსოლუტურად განსხვავებული აზრები, მაგრამ მერე ვთანხმდებით რეალურ რაღაცაზე. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელებთ და ვნახავთ, რა როგორ იქნება. ისე, ეს შეთავაზება ჩვენთვის არის ძალიან პოზიტიური. ჯერ შიგნით, კრებაში ჩამოვყალიბდებით და მერე შეიძლება განხილვა ბატონ ბიძინასთან განვაგრძოთ. ეს ერთიანობა როგორი ფორმით მოხდება, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი დიალოგი გაიმართება ჩვენ შორის".

"მე და ლუკა კურტანიძე ვიყავით ჩასული, ქუთაისში მე ამდენი ხალხი არასოდეს მახსოვს. იქ ხალხი სიხარულით ტიროდა. მთელი ქუთაისი სავსე იყო, უნდა გენახათ, რა განწყობა იყო! მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აზრით, განცხრომას არ უნდა მიეცეს ოპოზიცია - ესენი ხომ წესების გარეშე ცხოვრობენ, კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს, როცა ასეთი ნაძირალების ხროვაა, ყველაფერზე არიან წამსვლელი. ახლა ისეთი სიჩუმეა მათი მხრიდან, ქარიშხლის მოლოდინში რომ გაირინდება ხოლმე ყველაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გავდივართ - ისინი არც მალავენ და ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ყველას, თითოეულ ჩვენგანს გაუსწორდებიან... აუცილებელია, მთელი ოპოზიციური სპექტრი შეიკრას ერთ მუშტად. ჩვენ არც კოალიციაში შესვლა გვინდა, არც სიები გვინდა, არც თანამდებობები, არაფერი არ გვინდა. ჩვენ გვინდა ერთიანი ფრონტი. ჩვენ თუ ამათი ფსიქოლოგიური განგრევა გვინდა, ერთ მუშტად უნდა დავდგეთ. როცა დადგება ამათი გასტუმრების დრო და ჩვენ ერთ მუშტად შეკრულებს გვნახავენ, ესენი ფსიქოლოგიურად დაინგრევიან", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ჯაჭვლიანი: "ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, რაც მოხდა და რაც მოხდება, არის ჩვენი ბრალი".