10 ივნისის მიტინგისადმი ყურადღება უფრო გაზარდა რამდენიმე დღით ადრე ქუთაისში ახალაშენებული პარლამენტის დამხმარე შენობის ნაწილის ჩამონგრევამ. ითქვა, ხარაჩოები ჩამოინგრაო. თუმცა, უკვე მოსუფთავებული ადგილი მოწმობს, რომ ბეტონის კედელიც ჩამონგრეულა. ქუთაისში თქვეს, ამ ამბავს ორი კაცი ემსხვერპლაო. ერთის, ზესტაფონელი რეზო ნებიერიძის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა ხელისუფლებამ. ამბობენ, რომ გარდაცვლილია ქუთაისელი 50 წლის ნიკა მამაგეიშვილიც, მაგრამ ოჯახი სათოფეზე არ იკარებს ჟურნალისტებს, - ეს კაცი თავისი სიკვდილით მოკვდაო. არიან თუ არა დაზარალებულები? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჩქმალავს ამ ამბავს, ქალაქში ხმა დადის, 20-მდე კაცი დაშავდაო. მათ შესახებ საავადმყოფოს რეგისტრაციის განყოფილებაში ცხელ კვალზე მისვლისას შეიტყვეს ჩემმა კოლეგებმა და მათი გადაღებული ფარული ვიდეოკადრები ინტერნეტით გავრცელდა. კადრში გარკვევით ისმის, როგორ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს ავრცელებენ საავადმყოფოს ექიმი და რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელი ქალბატონი. ვიმედოვნებთ, მას სამსახურს არ დაატოვებინებენ ამის გამო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ ამ უზარმაზარი შენობისკენ გახედვაც აღარ სურთ:
- მემორიალის აფეთქების დროს დედა-შვილის დაღუპვა ვერ მოგვინელებია, ახლა კიდევ მსხვერპლი. რა დაწყევლილია ეს პარლამენტი, თბილისშიც და აქაც პარლამენტის შენობები სისხლსა და სიკვდილზე დგასო.
ხალხი შიშობს, რომ ქუთაისური "ლოკოკინა" (ასე უწოდებენ პარლამენტის შენობას) კიდევ ბევრ უბედურებას მოიტანს... "სასწაული მოახდინეს და მოკლე დროში დაამთავრეს ეს დარბაზი, ისევე როგორც ფასადი პარლამენტისა, მაგრამ ვინც ჩასაფრებულია, მინდა ვუთხრა, რომ შენობაში წყალიც ჩამოვა და შეიძლება რაღაც ნაწილი სახურავისა ქარმაც წაიღოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაშინ ხდება, როცა რაღაცას აკეთებ. ვინც არ აშენებს, მას არაფერი ემართება", - განაცხადა სააკაშვილმა. ამ განცხადებას ადგილობრივი მოსახლეობა თავხედობას უწოდებს. "20 მაისს მოასკდნენ სამთავრობო მანქანებით, ვერ ესწრებოდა სადღესასწაულოდ შენობის დასრულება. გამოუცხადეს მშენებლებს, - თავებს დაგაჭრით, თუ გამოსავალს ვერ მოძებნითო. იმათაც დაუძახეს ყველას, ვისაც მანამდე უარი უთხრეს დასაქმებაზე, ზოგს "სვარკა" მიაჩეჩეს ხელში, ზოგს ქაფჩა და აი, მომზადდა დღევანდელი ტრაგედიაც. მიშას სურს, რომ დღესასწაულებზე თავი მოიწონოს, მისი ხუშტურებით ამუშაოს სამინისტროები, მშენებლები, მთელმა ქვეყანამ იაროს მაგის ხუშტურზე. ამიტომაც მაღალჩინოსნები ხალხს გაუგონარ რეჟიმში ამუშავებენ.
დაქირავებულ კომპანიებს ტენდერებიდან გამოთიშვით ემუქრებიან, ისინი კი მომსახურე პერსონალს აგდებენ მონურ მდგომარეობაში, ხალხსაც არ სურს უმუშევრობა და იძულებულია, გაუძლოს. ერთი დღე უქმე არ აქვთ წლიდან-წლამდე, არც ნორმირებული კვება და ხარაჩოების ჩამონგრევის გარეშეც რომ არ იხოცებიან, ეგეც გვიკვირს", - ჰყვებიან და ამატებენ, რომ ახალაშენებული პარლამენტის სარდაფები რამდენიმე დღის წინ ძლიერ წვიმებს წყლით აუვსია. წყალს თურმე სპეციალური დანადგარებით ხაპავდნენ. იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტის შენობის ქვეშ უზარმაზარი ბუნკერია, საიდანაც რამდენიმე გვირაბით ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ამოსვლა ყოფილა შესაძლებელი. ერთ-ერთი კოპიტნარის აეროპორტში ამოდისო. თურმე მიწისქვეშა ნაწილის მშენებლობაზეც ესპანელები, უკრაინელები, თურქები მუშაობდნენ, ქართველებს კი ცალი თვალითაც არ გვახედებდნენ დაბლა. ესეც იმაზე მოწმობს, რომ რაღაცას ძალიან ასაიდუმლოებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად ვერც იმათ იმუშავეს, რამდენი გაწვიმდება, პარლამენტის სარდაფები წყლით ივსებაო, - მეუბნება პარლამენტის გვერდით მცხოვრები ძირძველი ქუთაისელი ბონდო კერესელიძე.