გასულ კვირას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა თამარ ჩერგოლეიშვილის სავარაუდო დეპუტატობის ამბავს. გავრცელდა ჭორი, რომ გიგა ბოკერიას მეუღლე ნაციონალების სიით პარლამენტში იყრიდა კენჭს. ამ თემასთან დაკავშირებით თამარს კომენტარი არ გაუკეთებია.
ჟურნალისტებმა ის ვერაფრით მოიხელთეს. ბოლოს ისევ სოციალური ქსელი დაგვეხმარა სიმართლის გაგებაში. "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილის კედელზე ნინო ჯანგირაშვილმა დაწერა, ჟურნალისტები ვერ გპოულობენ და როგორც შენს განსაკუთრებულ მეგობარს, მთხოვეს, პროტექცია გამეწია. გვითხარი, იყრი თუ არა კენჭს პარლამენტშიო. ნინომ კითხვას ბოლოში ვედრების სმაილიც კი მიაწერა, მიპასუხეო. თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. არარსებული "სთორია", ამ ეტაპზე პარლამენტარის მძიმე მისია არ მაინტერესებს.
ნეტავ, ვის დაესიზმრა ეს ამბავი. მაინტერესებს, ხვალ რომ ჭორი გავრცელდეს, ფარშავანგი ვარ, ისიც უნდა უარვყოო? - კითხულობდა თამარ ჩერგოლეიშვილი. მან ნინო ჯანგირაშვილთან მიმოწერაში ისიც თქვა, რომ ამჯერად ბათუმშია, უამრავი საქმე აქვს და პოლიტიკაში მოსვლაზე საერთოდ არ ფიქრობს.