რამაზ იოსელიანი:

რამაზ იოსელიანი: "ჟიურის ყველა წევრს დავიჭერ და ვცემ, ან ამიხსნან, რა ხდება, რატომ გააკეთეს ასე?!"

ყოველწლიური კონკურსი "დურუჯი", სადაც ჟიური ასახელებს წლის საუკეთესო რეჟისორს, მსახიობს, როლსა და ავტორს, წელს სკანდალით იწყება. მსახიობი რამაზ იოსელიანი ჟიურის წევრების წინააღმდეგ გამოდის და "ქრონიკას" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. "დურუჯი" სხვა მხრივაც არის სკანდალური - სააკაშვილის დაწუნებული და თეატრიდან გაგდებული რეჟისორის, რობიკო სტურუას სპექტაკლი "ნადირობის სეზონი" "დურუჯის" რამდენიმე ნომინაციაზეა წარდგენილი. რამდენიმე ნომინაციაზეა ასევე წარდგენილი რეჟისორ გიორგი თავაძის სპექტაკლი "გვესაჭიროება მოხუცი კლუნი". ამ სპექტაკლში მსახიობი რამაზ იოსელიანი მთავარ როლს თამაშობს. ნომინაციაზე "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" სპექტაკლიდან "გვესაჭიროება მოხუცი კლუნი" წარდგენილნი არიან მსახიობები მამუკა მანჯგალაძე და ტიტე კომახიძე. ანუ მთავარი როლის შემსრულებელი ნომინაციაზე არ წარადგინეს, რამაც რამაზ იოსელიანი , რბილად რომ ვთქვათ, გააღიზიანა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იოსელიანის კანდიდატურა ამ კონკურსზე არ დასახელდა. შარშანაც იგივე ვარიანტი გათამაშდა, მთავარი როლის შემსრულებელი კონკურსს მიღმა აღმოჩნდა.

"ქრონიკა" ესაუბრა რამაზ იოსელიანს:

- ყოველ წელს არის ეს კონკურსი და ყოველთვის ისეთი წევრები ჰყავთ ჟიურიში, ჩემი და არა მარტო ჩემი მოსაზრებით, ჟიურის გარდა, ყველგან უნდა ისხდნენ. მოკლედ, ახლა რა აზრი აქვს, ვინაა ამ ჟიურის წევრი, მინდა გითხრათ, თავად ეს კონკურსი რა დანიშნულებისაა: აქ არის სხვადასხვა ნომინაცია, სადაც ყველა თეატრიდანაა წარდგენილი მსახიობი იქნება ეს თუ რეჟისორი, სცენარისტი და ასე შემდეგ. 10 ივნისს ტარდება ფინალი და მოულოდნელად გავიგე, რომ ბათუმის თეატრს წარდგენილი აქვს სპექტაკლი "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი", სადაც მე მიწვევით ვთამაშობ მთავარ როლს. ეს სცენარი რეჟისორს მე მივუტანე, რომ დაედგა. მართლაც ძალიან მაგარი სპექტაკლი გამოვიდა, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო როლია ეს. სპექტაკლში მონაწილეობას ორი ახალგაზრდა ბათუმელი მსახიობი. თითო ნომინაციაზე წარდგენილია ხუთი კანდიდატურა. ვნახე, რომ სპექტაკლი წარდგენილია წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზე, წლის საუკეთესო რეჟისორის, წლის საუკეთესო მხატვრისა და წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე. ერთი სპექტაკლი გადის 4 ნომინაციაში და თითქმის ყველას აიღებს. ამ სპექტაკლში, სადაც მე მთავარ როლს ვთამაშობ, წლის საუკეთესო მამაკაცებში დასახელებულია ორი ჩემი პარტნიორი.

- თავად შენ?
- ბავშვებთან კი არ მაქვს პრეტენზია, თურმე, კარგი სპექტაკლია, გენიალური რეჟისორი ჰყავს, მხატვარი, არტისტები და მთავარი როლის შემსრულებელი რამაზ იოსელიანი შემარცხვენელი ყოფილა, ვერ თამაშობს და არ წარადგინეს. გესმის, რა ხდება? და ვინ არიან კომისიაში, არ იკითხავ? - დათო ტურაშვილი, ჩვენი თანამედროვე ილია ჭავჭავაძე და გენიოსი, დათო ბუცხრიკიძე, ვიღაცა გაბუნია, ახალგაზრდა ჩხიკვი, ვითომ დრამატურგი, რომლის პიესა არავინ იცის, თეატრმცოდნე მაია გოშაძე, ვიღაცა კილასონია თუ სხვა გვარისა, არ მახსოვს. ესენი წყვეტენ ქართული თეატრის ბედს, ესენი აფასებენ ქართულ თეატრს, გესმის რა უბედურებაა?!

- ნომინაციაზე წარდგენას ვინ აკეთებს?
- ჟიური, გაიგე? ამათ ხომ ამოარჩიეს 39 თეატრიდან, ახლა უნდა გამოხშირონ და თითო-თითო უნდა აირჩიონ. შარშან წარმადგინეს ფოთის თეატრიდან, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი სპექტაკლში და წარმოიდგინე, ნომინაციაში არ გამიყვანეს. ანუ ეს ხდება მიზანმიმართულად.

- რატომ?
- რა ვიცი, რატომ, ვის ვკითხო?

- შენ რას აბრალებ ან ვის?
- მე ისე დავიბენი, ვის დავაბრალო, არ ვიცი. ნაბიჭვრები არიან, არაპროფესიონალებით არის ყველაფერი გავსებული. ახლა მთავრობას რომ დავაბრალო, რა ვიცი? თან არ მიყვარს ასე... ეს არაკაცები, ესა... ვურეკავ დათო ტურაშვილს, ბუცხრიკიძეს, მაინტერესებს, რა პრინციპით გააკეთეს ეს, არც ერთს არ აქვს ჩართული ტელეფონი. რომ ყოფილიყო ისე, ერთ ნომინაციაში რომ წარედგინათ სპექტაკლი, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ეს უკვე მიზანმიმართულად გააკეთეს, თამაშობს სპექტაკლში სამი კაცი, ორი წარადგინეს და მთავარი როლის შემსრულებელი- არა! ერთი კვირის წინ კიშინიოვში ვითამაშეთ სპექტაკლი, ხალხი გამოშტერდა, ქუჩაში მცნობდნენ: გრანდო, გრანდო! - მეძახდნენ...

- რას აპირებ?
- რას ვაპირებ და, დედა უნდა მოვუ...ყნა სათითაოდ ჟიურის ყველა წევრს, დავიჭერ და ვცემ, ან ამიხსნან, რა ხდება, რატომ გააკეთეს ეს ასე?! დრამატურგი ვნახე, კიოდა, წიოდა ჭკუაზე არ იყო, რეჟისორი გაგიჟდა: ისეთი სპექტაკლია, მარტო იოსელიანზე ლაპარაკობს ყველა, ვინც ნახაო.

- ეჭვი არ მეპარება.
- ეს რა ქნესო? ჭკუაზე არაა რეჟისორი.

"ქრონიკა" ცდილობდა ტურაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი მართლაც გამორთული ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ ჟიურის წევრთან, მაია გოსაძესთან დაკავშირება. მოხდა ისე, რომ ვიდრე ჩვენ დავურეკავდით ქალბატონ მაიას, მას თავად რამაზ იოსელიანიც ესაუბრა რამდენიმე წუთით ადრე:

- შეზღუდულია მსახიობების რაოდენობა და ვინც მოგვწონს, სამწუხაროდ, ყველა ვერ მოხვდა... რაღაცნაირად... ის ადამიანები, ვინც ავირჩიეთ, უცნობები არიან, ერთი მხრივ, მეორე მხრივ მართლა კარგად თამაშობენ. რამაზის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, სამწუხაროდ... ეს არ ნიშნავს შეურაცხყოფას. ახლა მელაპარაკა რამაზი და ძალიან აღელვებული ვარ, მივხვდი, რომ მისთვის ეს ძალიან მტკივნეულია.

- ქალბატონო მაია, მე რომ ვიყო უცნობი მსახიობი და ვითამაშო ორნელა მუტისთან ერთად, თქვენ მე წარმადგენდით ნომინაციაზე? მთავარ როლს თამაშობს რამაზი ამ სპექტაკლში და თქვენ მეუბნებით, რომ ვერ ითამაშა? ყველანი გაოგნებულები დარჩნენ, იცით, ეს ვინც გაიგო.
- არა, არა... მე ტაქტიანად ვთქვი, რომ შეიძლება უცნობი მსახიობი უფრო შთამბეჭდავი იყოს. არა, თქვენ არ წარგადგენდით, მე ასე არ მითქვამს... შეიძლება ორნელა მუტი ბრწყინვალე იყოს, მაგრამ რაღაც როლში ვიღაც მსახიობი - უკეთესი.

- ანუ იოსელიანმა ვერ ითამაშა როლი?
- არა, რატომ ასე კატეგორიულად? იქ, უბრალოდ, შეზღუდული იყო რაოდენობა, ასე კატეგორიული არ უნდა იყოთ.

- მე კატეგორიული კი არ ვარ, ვსვამ კითხვებს...
- მე არ ვარ მომხრე იმის, რომ პირდაპირ ამბობთ, არ ვარგა... შეიძლება მსახიობმა ოდნავ ნაკლებად საინტერესო როლი ითამაშა.

- კონკურსში მთავარი როლის შემსრულებელი არ წარადგინო და ორი წარადგინო, მაშინ როცა სამი თამაშობს სპექტაკლში...
- შეიძლება საკამათოა, მიუღებელი, მაგრამ საუკეთესო როლი არ არის...

- ვინ შეაფასა ეს? ჟიურის არ მოეწონა?
- არ ვეთანხმები ამ ფორმულირებას... ახლა ველაპარაკე რამაზს და მეც ისე ვარ ანერვიულებული...

- შარშანაც ასე იყო, პოლიტიკური ნიშანი ხომ არ ადევს ამ ყველაფერს?
- სამწუხაროდ, ისე ვარ აღელვებული, მეტი რომ არ შეიძლება... რა უნდა ვქნათ?

- არაფერი, თავის დროზე, თუმანიშვილს ჰკრეს ხელი და სულ ცოტა ხნის წინათ რუსთაველის თეატრიდან რობერტ სტურუა გაუშვეს.
- ძალიან სამწუხაროა.