ქუთაისში "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციის პოლიტიკურ შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რა შთაბეჭდილება დატოვა ქუთაისში გამართულმა "ქართული ოცნების" აქციამ? იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ხელისუფლება, ისე თავად კოალიცია "ქართული ოცნების" რეგიონში პირველ გასვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, აქციაზე ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე რა შეიძლება ითქვას?
- შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი საქართველოში კიდევ ერთი თავისუფლების ქალაქია. ღმერთმა ასეთი თავისუფალი ქალაქების რაოდენობა უმრავლოს ქვეყანას, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, მრწამსს და ეს ხდება მშვიდობიანად და ცივილიზებულ ფორმებში.
- როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მიერ ქუთაისში გაცხადებულ წინასარჩევნო დაპირებებს - ქუთაისი საინივერსიტეტო ქალაქი - გელათის აკადემიის ტრადიციების გამგრძელებელი, ახალი ტექნოლოგიების ათვისებით ქუთაისის სამრეწველო პოტენციალის გამოყენება, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნა, სახელმწიფოს მიერ თითოეული მოქალაქის ჯანდაცვაზე ვალდებულების აღება?
- თქვენს მიერ ჩამოთვლილი სფეროების კვალიფიციური ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ როგორც მოქალაქეს მაქვს ჩემი პოზიცია. რაც შეეხება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის პერსპექტივას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეაა. საგანმათლებლო თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული ამერიკის შეერთებულ შტატები სწორედ განათლების სისტემის დეცენტრალიზაციაზეა ორიენტირებული. რეგიონებში საუნივერსიტეტო ქალაქების არსებობა ხელს უწყობს ქვეყანაში ინტეგრაციული პროცესების განვითარებას, ეკონომიკური და დემოგრაფიული პოტენციალის დეცენტრალიზაციას. ამერიკული "ლენდ გრენდის" ტიპის უნივერსიტეტებში რეალურად ყალიბდება სოფლის მეურნეობის სისტემა. სოფლის მეურნეობაზე პასუხიმგებლობას ასეთი საუნივერსიტეტო ქალაქები იღებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ამერიკული გამოცდილების საქართველოში დანერგვა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში ჩასადებ მილიარდს. ამ სფეროში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ პირველ წერილში განაცხადა. რეალურად, ეს არა მარტო სოფლის მეურნეობას, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროს ეხება, ეს ქვეყნის გადარჩენის წინაპირობაა, ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა. რეალურად საუბარია არა მარტო ცალკე სოფლის მეურნეობაზე, არამედ ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე. განვითარებული სოფელი არ არის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პომიდვრის მოყვანა. ეს იმავდროულად გახლავთ არა მხოლოდ აგრონომია და ვეტერინარია, არამედ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიები და საქართველოს რეგიონების თანმიმდევრული განვითარების წინაპირობა. ეს კი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არა მარტო მევენახეობაზე, მეცხოველეობაზე, მეხილეობაზე, არამედ მთელ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამის ირგვლივ იქმნება. სოფლის მეურნეობაში ჩასადები ერთი მილიარდი, რომელზეც სააკაშვილმა თავის დროზე უარი თქვა, ის საფუძველია, რომლითაც უნდა გაიმართოს ქართული სოფელი. რასაც მოჰყვება რეგიონებში და საერთოდ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გამოსწორება.
რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროზე სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების აღებას. დღეს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები მიბმულია კერძო სადაზღვევო კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიები მიბმულია კერძო სავაადმყოფოებს, ხოლო პრივატიზებული საავადმყოფოები მიბმულია კერძო სააფთიაქო ქსელებსა და ფარმაცევტულ წარმოებას! ეს ისეთი დარღვევაა, რომ არა მგონია რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში ასეთი რამ სადმე იყოს. ეს ისეთივეა, რომ სახელმწიფო მმართველობაში ერთმანეთისგან არ იყოს გამიჯნული საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებები და სასამართლო. ქვეყანაში, სადაც პარლამენტი პრეზიდენტის სანოტარო კანტორადაა ქცეული, პრეზიდენტი განაგებს პროკურატურასა და სასამართლოს, ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარება გასაკვირი სულაც არაა. რეალურად, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ორიენტირებულია არა პაციენტის მკურნალობაზე, არამედ პაციენტის შემოსავლის წყაროდ განხილვაზე. თავად მქონდა შეხება ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. შეურაცხმყოფელი იყო ის ფორმა, რომლითაც მეკონტაქტებოდა კომპანია ადამიანს, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული უნდა იყოს იმის გამო, რომ დაზღვევის სრული პაკეტი აქვს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ როგორ ეპყრობიან ამგვარ კომპანიებში ადამიანებს, რომლებსაც ამგვარი დაზღვევის პაკეტი არა აქვთ. რატომღაც მსგავს კომპანიებში პაციენტებთან კონტაქტი აქვთ არა ექიმებს, არამედ იურისტებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვას, მე ვენდობი და დიდი იმედი მაქვს ივანიშვილის ბიზნესგამოცდილების.
- ივანიშვილმა ერთ დროს ქურდული ტრადიციებით ცნობილ ქუთაისში განაცხადა - "ქურდული მენტალიტეტი არასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ისინი არც ქურდად მომჯდარმა ხელისუფლებამ უნდა ჩაანაცვლის". ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად და ენერგიულად ებრძვის როგორც ქურდულ სამყაროს, ისე ქურდულ მენტალიტეტს. თქვენ აზრით, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ქურდები, "ქურდად მომჯდარმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა"?
- თუ არ ვცდები, ამ ტიპის შეფასება ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ პირველ განცხადებაში გააკეთა. ეს აზრი მან თავის ერთ-ერთ ტელეინტერვიუშიც გამოთქვა. რას ნიშნავს ჩაგვრა სახელმწიფოს კონტექსტში? ახლა საქართველოში მჩაგვრელი გახდა უფრო ორგანიზებული, ინსტიტუციურ ტანსაცმელში ჩაცმული, ანუ სახელმწიფო გახლდა მჩაგვრელი. სოციალური, ეკონომიკური და მორალური ჩაგვრა დაუწერელი კანონით ხორციელდება.
ერთი მხრივ არსებობს ქურდული მენტალიტეტი, მეორე მხრივ არსებობს ის, რასაც ამერიკელები უძახიან "რულერ ლო" და რასაც დანარჩენი მსოფლიო ინგლისურ კულტურად იცნობს. მისი არსი შემდეგია - მოქალაქეებს სახელმწიფოს მიმართ აქვთ ვალდებულებები. ქონების წართმევები, მასობრივად წილების გადაფორმებები, რომელიც ჩვენთან 2004 წლიდან მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს, ხორციელდებოდა სახელმწიფოს სახელით, რეალურად კი ამის უკან იდგა არა სახელმწიფო, არამედ კონკრეტული პოლიტიკური კლანი. ის, რაც ჩვენთან ხდება, არანაირად არ ჯდება "რულერ ლოს" კონტექსტში. ამის კარგი მაგალითია, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მედიასაშუალებების მიტაცება, რომლითაც ხორციელდება სახელისუფლებო პროპაგანდის წარმოება. ეს სხვა არაფერია თუ არა ქურდული მენტალიტეტის დემონსტრირება.
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც ქურდული მენტალიტეტის გამოვლინება იყო. სახელისუფლებო ჯგუფის "სხადნიაკმა" გადაწყვიტა ივანიშვილის რამენაირად შეჩერება. შედეგად მივიღეთ ის, რასაც ვერანაირად ვერ დაარქმევ სახელმწიფო კანონების აღსრულებას. ვინაიდან, ამუშავდა ივანიშვილისათვის "ფულის დაწერვის" მანქანა, რომელიც კანონების სახით სახელდახელოდ იქნა მიღებული. ეს არის ის, რასაც ჰქვია ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება, რომელიც უკვე სახელმწიფო დონეზე არსებობს.
- ივანიშვილმა განაცხადა - "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "საქართველოში საზოგადოება აღარასოდეს დაიყოფა ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგებად. საქართველო უნდა იყოს თავისუფალ მოქალაქეთა სახელმწიფო", ანაც, "ჩვენ ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა, დავანახებთ ყველას თუ როგორ უნდა ექცეოდეს ხელისუფლება ოპოზიციას". ამ განცხადებების ადრესატი საზოგადოების გარდა ხელისუფლებაც უნდა ყოფილიყო...
- ბუნებრივია, ამ განცხადების ადრესატი ხელისუფლებაა და მათ შორის საზოგადოება. ივანიშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თავისივე გუნდს კარნახობს იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გამარჯვების პირობებში. ივანიშვილმა სახელისუფლებო გუნდს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში მათ ვენდეტა არ ელით. თუ სააკაშვილის განცხადებების კონტექსტს დავაკვირებით, დავინახავთ, რომ სააკაშვილის განცხადებების ძირითადი მიზანი არის ტემპერატურის მაქსიმალური აწევა შინაარსის გარეშე. ამ ბოლო დროს სააკაშვილის უმეტესწილად საუბრობს მუმიებზე, წარსულზე, აჩრდილებზე, ქუჩაზე, სადაც ერთი "დვიჟოკი" იქოქება, ანუ იგი მოსახლეობას არმაგედონით აშინებს, რომლის შინაარსაც ვერ აღწერს. ის, რომ ივანიშვილი ქურდული მენტალიტეტის არაა, არავის მჩაგვრელი არაა და ქველმოქმედია - ეს ფაქტია. სააკაშვილს ივანიშვილთან დაკავშირებით მითების შექმნა და ტემპერატურის აწევა გაუჭირდება. სააკაშვილი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ არჩევნებში "ნაცმოძრაობის" დამარცხების შემთხვევაში საქართველოში ბართლომეს ღამე დაიწყება, მაგრამ ამას აშკარად ვერ ახერხებს.
ივანიშვილმა ხელისუფლებას მიანიშნა, რომ იგი პოლიტიკაში ვენდეტისთვის არ მოსულა. იგი მთელ საზოგადოებას გაერთიანებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
- ივანიშვილმა ქუთაისში და იმერეთის რიგ რაიონებში "ქართული ცნების" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ქუთაისში - გუბაზ სანიკიძე, სამტრედიაში კახი კალაძე, ზესტაფონში გოგი ქავთარაძე, ბაღდადში არჩილ კბილაშვილი, ტყიბულში ელისო ჩაფიძე, ხარაგაულში ნოდარ ებანოიძე. როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს და არჩევნებში გამარჯვების მათ შანსებს?
- ამ ადამიანებს ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ, მათდამი ყველა ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს. რამდენადაც ვიცი, დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას წინ უძღოდა სკრუპულოზური კვლევა, თუ ვინ არის საზოგადოებაში პოპულარული და ვის აქვს მეტი რეიტინგი. დეპუტატობის კანდიდატების საინტერესო ნაკრებია. თითოეული მათგანის შეფასებას არ დავიწყებდი. ყველა მათგანი საკმაოდ გამოცდილი და ცნობილი ადამიანები არიან. რაც შეეხება მათ შანსებს, ისინი ერთ დიდი აღმავლობის გზაზე მყოფი გუნდის წევრები არიან და შესაბამისად გამარჯვების შანსებიც აქვთ.
დეპუტატობის დასახელებულ კანდიდატთაგან განსაკუთრებით გამოვყოფდი კახა კალაძეს. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო პოლიტიკურ დებატებში მისი ენამოსწრებული, ეფექტური და წარმატებული მონაწილეობა. იგი პოლემიკაში ისე თავისუფლად ჩაერთო, გეგონება დიდი ხანია პოლიტიკაშია.
- ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თავისუფალ მედიასა და ხალხზე, როგორც ხელისუფლების წყაროზე. ის, რომ მედიაში პრობლემები რეალურად არსებობს, არ არის ახალი, მაგრამ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ივანიშვილის მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია?
- იმ რეალობას, რომელშიც ვართ. სავალალოა, რომ დემოკრატიის ანა-ბანა ჩვენ 20 წელში უნდა გვესწავლა, მაგრამ 20 წლის შემდეგაც გასამეორებელი და გასამტკიცებელია. ის, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და ხელისუფლების წყარო ხალხია და არა რომელიღაცა კლანი და თანაც მარგინალიზებული. ამის გამეორება რომაა საჭირო თანამედროვე საქართველოში, ამის მიზეზია ის პრობლემები, რომელზეც გვიწევს საუბარი.
რაც შეეხება მედიას. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური ცხოვრება იმართება ერთი ადამიანის ახირებებით. დემოკრატიის მსურველი ადამინებისთვის სააკაშვილის ახირებები მისი მმართველობის პირველივე დღიდან ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ახირებები რომ არ ეფუძნებოდა გათვლებსა და კანონზომიერებებს, ამის კარგი მაგალითია პრეზიდენტის მხრიდან 100 საავამყოფოს, 100 ბიზნესის და ამის მსგავს თემებზე ხშირად საუბარი. ბოლო ახირება გახლდათ აბსოლუტურად აბსურდული. მხედველობაში მაქვს პარლამენტის სხდომის 26 მაისს ქუთაისში ჩატარება. პრობლემა იმაშია, რომ ეს ახირებები მიბმული იყო სააკაშვილის პოლიტიკურ ინტუიციაზე. სააკაშვილის პოლიტიკური ინტუიცია გარკვეულ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ეფექტური იყო. ახლა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ სააკაშვილი ინტუიციას კარგავს. ამ დაკარგულ პოლიტიკურ ინტუიციას მედიაც აბსოლუტურად მიჰყვება.
მაცივრის შეძენა-არშეძენა, ან იმის მტკიცებას ქუთაისის აქციაზე, რომ თურმე ქუთაისში გამართულ აქციაზე ქუთაისლები არ ყოფილან. თურმე ქუთაისის აქციაში მონაწილეობის მიღებაზე ივანიშვილი თვითოეულ ადამიანს 50 ლარიანს ჯიბეში უკუჭავდა - ასეთი პროპაგანდისტული გაშუქება აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ჩემი აზრით, სააკაშვილმა ინტუიცია დაკარგა და იგი მის სატელიტ ტელევიზიებსა და მედიასაშუალებებს სწორ ორიენტირებს ვეღარ აძლევს. ივანიშვილს საკმაოდ ბევრი საფუძველი აქვს იმისთვის, ხშირად გაიმეოროს, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და ხელისუფლების წყარო ხალხია. იგი ელემენტარულ ჭეშმარიტებს ახსენებს იმ ხალხს, რომლებიც უკვე აღარც ეფექტურებიც არიან და ჩემი აზრით, გარდა იმისა რომ კონტექსტიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებენ, დროშიც და გეოგრაფიაში დაკარგულები არიან.