როგორც ლიბიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ნური ალ-აბბარიმ განაცხადა ქვეყნის ნაციონალურ ასამბლეას არჩევნები ა.წ 7 ივლისს გაიმართება.
აქამდე პარლამენტის არჩევნების გამართვა 19 ივნისს იგეგემებოდა, თუმცა მოგვიანებით გარკვეულმა ტექნიკურმა და ორგანიზაციული ხასიათის პრობლემებმა იჩინეს თავი, რამაც ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა აიძულა, არჩევნების თარიღის შეცვლაზე ეფიქრა.
ლიბიის პარლამენტში 200 სადეპუტატო ადგილია. აქედან 80 მანდატი პარტიათა შორის განაწილდება, ხოლო დანარჩენი 120 მანდატისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში კანდიდატად მონაწილების სურვილი უკვე 4 ათასზე მეტმა ლიბიელმა გამოთქვა. სულ ქვეყანაში 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 3.4 მილიონი საარჩევნო სიებშია შეყვანილი.
არჩევნებზე, რომელიც ბოლო 45 წლის მანძილზე პირველად გაიმართება, ქვეყნის მოსახლეობა იმ პარლამენტს აირჩევს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება მოუწევს, ხოლო ეს უკანასკნელი ლიბიის კონსტიტუციის პროექტს მოამზადებს.