გიგა ნასარიძისა და ალეკო ელისაშვილის სკანდალური დაპირისპირების დეტალები  (VIDEO)

გიგა ნასარიძისა და ალეკო ელისაშვილის სკანდალური დაპირისპირების დეტალები (VIDEO)

წინა კვირას თეა სიჭინავას გადაცემაში "არგუმენტები" არგუმენტების მოსმენის ნაცვლად, თეასა და "მაესტროს" დაცვას საპირისპირო მხარეს მსხდომი გიგა ნასარიძისა და ალეკო ელისაშვილის გაშველება უწევდათ. უფრო სწორად, ალეკომ გაიწია გიგაზე, ეს უკანასკნელი კი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა სიმშვიდეს. გადაცემის თემა ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგები იყო. ალეკო ელისაშვილს თურმე დიდი ხანია, გიგა ნასარიძის საქციელი აოგნებს და ფიქრობს, რომ ნასარიძე ხელისუფლების ყველა ნაბიჯს ამართლებს. არც ამ გადაცემაში უნდოდა მისვლა და გიგა ნასარიძესთან არგუმენტებით საუბარი და თავი ვერ შეიკავა. გიგას მან ეთერში სულ "ვირიშვილი" უძახა. გადაცემა ასე თუ ისე, დასრულდა, ორივე მხარე ეთერში ბოლომდე დარჩა, თუმცა ამბობენ, რომ ჩხუბი მერეც გაგრძელდა. ორივე მხარეს დავუკავშირდი ამბების გასაგებად.

გიგა ნასარიძე:
- ჩხუბი არ გაგრძელებულა, რატომღაც ალეკო ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი ჩხუბში გადაზრდილიყო, თუმცა "მაესტროს" დაცვამ კარგად იმუშავა. როდესაც ადამიანისგან აგრესია მოდის, სხვა საქმეა, საერთოდ კი, ჩხუბი არავის უნდა. დაცვა რომ არ ყოფილიყო, როგორ დამთავრდებოდა ეს ინციდენტი, არავინ იცის.

- რამ გამოიწვია ალეკოს გაგულისება?
- მე მზად ვიყავი არგუმენტებისთვის, როგორც ყოველთვის. ალეკო კი, როგორც იტყვიან ხოლმე, ცარიელ ადგილზე აფეთქდა. ბევრი ადამიანი, ოპოზიციის წარმომადგენლები, ძალიან გაღიზიანდნენ ხელისუფლების ბოლოდროინდელი წარმატებების გამო. ალეკო კი ამბობს, ოპოზიციონერი არ ვარო, მაგრამ აშკარად ოპოზიციონერია.

- ხელისუფლების ბოლოდროინდელ წარმატებებში რას გულისხმობთ?
- ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას საქართველოში.

- გიგა, კონფლიქტი რომ გამწვავებულიყო, როგორ მოიქცეოდით?
- მე, საერთოდ, ჩხუბს ყველანაირად ვარიდებ ხოლმე თავს, მაგრამ თუ აგრესია მოდის, შეეცდები, რომ იმ ადამიანს ჭკუა ასწავლო. მაქსიმალურად უკონფლიქტო ვარ, თუმცა ზოგი მშვიდობიანობაზე აგაღებინებს ხელს.

- ალეკო, გიგამ გვითხრა, რომ ოპოზიციონერი ხართ…...

ალეკო ელისაშვილი:
- (იცინის), ნუ, მაგარი დურაკობა უთქვამს!.. ოპოზიციონერი რომ ვიყო, რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში გავწევრდებოდი. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართაც და არაერთხელ გამიკრიტიკებია ბიძინა ივანიშვილი. მე ჟურნალისტი ვარ, გიგა ნასარიძისგან განსხვავებით, რომელიც ამ ხელისუფლების ყურმოჭრილი ყმაა. დრო გამოაჩენს, რომ საერთოდ არ ვარ შეყვარებული არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე და რეალურად ვუყურებ ყველა მათგანს.

- გიგა ნასარიძეზე უფრო მეტად რომ უჭერთ ხელისუფლებას მხარს, თქვენ ისეთი ადამიანებიც ხშირად გყავთ ეთერში და ხალხს გაუკვირდა, რაღა მაინცდამაინც ნასარიძეზე გაგულისდაო…...
- იმიტომ, რომ ნასარიძის იდიოტობა ამომივიდა ყელში. ძალიან არ მინდოდა ამ გადაცემაში მისვლა და ფეხს ვითრევდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, მაგრამ იმაში ვუხდით ფულს, რომ ხელისუფლების ყველანაირი ქმედება გაამართლოს, მაგალითად, მინისტრი რომ კაცს მოიტაცებს, ისიც. ამაზე გავგულისდი და მგონი, ნამეტანიც მომივიდა. მაყურებელს ვუხდი ბოდიშს, ოღონდ გიგა ნასარიძეს არ ვებოდიშები არავითარ შემთხვევაში. მისი უმსგავსობები ყელში მაქვს ამოსული…

- შალვა რამიშვილმა თქვა, ალეკოს მხარს არ ვუჭერ ამ საქციელშიო.
- არც მე ვუჭერ მხარს საკუთარ თავს ასეთ გაგულისებაში (იღიმის)….