"მოსკოვში ვარ, თეატრ "ეტ სეტერაში", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ალექსანდრე კალიაგინია, მთავარი რეჟისორის პოსტი მომცეს, კარგად მეპყრობიან, პატივს მცემენ. ახლა ვმუშაობ ახალ სპექტაკლზე, რომელსაც თანამედროვე ფრანგული პიესის მიხედვით ვდგამ და 25 სექტემბერს შედგება მსოფლიო პრემიერა... რომ გითხრათ რუსთაველის თეატრი არ მენატრება-მეთქი სიცრუე იქნება და არ დამიჯერებთ, მაგრამ სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, რუსთაველის თეატრში ჩემი დაბრუნება გამორიცხულია. თვითონაც რომ მითხრან დაბრუნდიო, არ დავბრუნდები, სხვა ჩემს ადგილას შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ მე არ დავბრუნდები. საქართველოს არ მივატოვებ, იმიტომ რომ ჩემი სამშობლოა, მარტო იმის სამშობლო არ არის, ვინც გამაგდო - იმის სამშობლო საქართველო ნაკლებად არის.", - აცხადებს რობერტ სტურუა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რობერტ სტურუა: მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანა დარჩა სადაც დიქტატურაა - ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსია და საქართველო!
"ვერტმფრენიდან გადაღებული 27 მაისის კადრები ვნახე, ძალიან ბევრი ხალხი იყო გამოსული. მაინც ვფიქრობ, რომ ესენი ადვილად არ დათმობენ ძალაუფლებას, რადგან იციან, რომ შემდეგ პასიხისგება მოუწევტ ინ ყველაფერზე, რაც ჩადენილი აქვთ/ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს დიქტატორები, ეს ტირანები ყველას ყელში ამოუვიდა. მუსლიმანურ სამყაროშიც კი, სადაც ყოველთვის უფრო დაშვებული იყო ავტოკრატია, ხალხი ჯანყდება და ახალ გზებს ეძებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რობერტ სტურუა და შეკითხვას - "ფიქრობთ, რომ საქართველოში დიქტატურაა და სააკაშვილი ტირანია?" - პასუხობს:
"სააკაშვილისთვის ტირანი დიდი ტიტულია. ტირანი ძლიერი კაცი შეიძლება იყოს, სააკაშვილს კი ძლიერ კაცს ვერ ვუწოდებთ სააკაშვილი არის დედის კალთაში გაზრდილი ჭირვეული, თავგასული ბავშვი, რომელსაც ფსიქიკა აქვს მოშლილი. 2004 წლის მიწურულს, როცა ხელისუფლებაში ახალი მოსულები იწვნენ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვხვდი, სადაც სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები, მისი მინისტრები იმყოფებოდნენ. როცა ვნახე სააკაშვილი როგორ ეპყრობოდა მათ, როგორ აგინებდა და აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევდა, მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩვენი ქვეყნის საქმე. იმ შეურაცხყოფებს, რაც სააკაშვილმა ჩემი თანდასწრებით მიაყენა თავის თანაგუნდელებს, ნორმალური ადამიანი ვერ აიტანდა. მე ასეთ შეურაცხყოფას ვერავის ვაპატიებდი, მაგრამ მათ ხმა არ ამოუღიათ".
"სააკაშვილმა ააშენა აღმოსავლერი სულთანატი. თვითონ არის სულთანი, არავის არაფერს ეკითხება, პარლამენტი და მთავრობა მთლიანად მარიონეტული ჰყავს. სხვათა შორის, სააკაშვილის მართვის სტილი ძალიან ჰგავს პუტინის მართვის სტილს, უბრალოდ, პუტინი უფრო ძლიერი კაცია, ვიდრე სააკაშვილი... თუ დასჭირდათ სამოქალაქო ომზეც წავლენ, დაჭერებსა და დახვრეტებსაც არ მოერიდებიან! მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანა დარჩა, სადაც დიქტატურაა - ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსია და საქართველო! ამ მთავრობის მომხრეებად მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც იყიდეს, ვინც კარგად ცხოვრობს და ბევრ ფულს შოულობს... პოლონელი მწერალი წერს, რომ "ჯოჯოხეთში მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული" - ქართველები სწორედ ამ გზას ვადგავართ - საუკეთესო სურვილებით მოკირწყლული გზით ჯოჯოხეთისკენ მივდივართ. სად არის ხსნა და საშველი? მხოლოდ და მხოლოდ ჩვენში!" - დასძენს რობერტ სტურუა.