ქუთაისს ერთად შეკრებილი ამდენი ადამიანი არ ახსოვს

ქუთაისს ერთად შეკრებილი ამდენი ადამიანი არ ახსოვს

ქუთაისის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა იმერეთის რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა და მომდევნო შეკრების ადგილად 17 ივნისისთვის ოზურგეთი გამოაცხადა. შეკრებაზე ზესტაფონისა და ბაღდადის მოახლეობის ნაწილი ვერ ჩავიდა. "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, ისინი არ გამოატარეს. გადაადგილების პრობლემები შეექმნათ სამტრედიიდან მომავალ მანქანებსაც.

"ქუთაისს რომ მოვუახლოვდით, დაგვხვდნენ - შესვლის უფლება არა გაქვთო. დაახლოებით ერთი საათი ვიდექით. შემდეგ, როგორც იქნა, გამოგვიშვეს. ქუთაისში ხშირად დავდივარ და ადრე ქალაქში შესვლის პრობლემა არასდროს მქონია. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეს აუკრძალო საკუთარი ქვეყნის ქალაქში შესვლა?! დღევანდელ დღეს არ აწყობდა ჩვენს მთავრობას, რომ ხალხი ჩამოსულიყო ქუთაისში."არავინ უკან არ დაბრუნებულა. ველოდებოდით და მაინც ჩამოვედით, ხალხს ვერავინ შეაჩერებს, მიუხედავდ იმ ზეწოლებისა, რაც ხდება რაიონებში. შეიძლება ახლაც ძალიან ბევრ ხალხს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ზოგს სამსახურები აქვს და ეშინიათ, თორემ სურვილი ძალიან ბევრს აქვს", - უთხრა "მთელ კვირას" სამტრედიის მკვიდრმა მარიკა ვაწაძემ

ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლთან, "ქართულ ოცნების" აქტივისტების შეკრება დილიდნვე დაიწყო. მიუხედავად პროგნოზებისა, რომ იმერეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეფერხდებოდა და ბენზინგასამართი სადგურები დაიკეტებოდა, აქციაზე უამრავი ადამიანი მივიდა. აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ქუთაისის რკინიგზის სადგური მდებარეობს, ტრანსპორტით იყო გადაჭედილი.

სპეციალურად დამონატაჟებულ სცენაზე ერთმანეთს კოალიციის ლიდერები ცვლიდნენ და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, გოგი თოფაძის განმარტებით, ლიდერებმა იმერეთში ერთკვირიანი მუშაობის პერიოდში ხალხში შიშის დამარცხება შეძლეს.

"ერთ კვირაზე მეტია იმერეთში ვიმყოფებით. ჩვენ დავიარეთ რაიონები და ხალხი ძალიან დაშინებული ჰყავდათ. ზოგი ამბობდა, რომ ცოლი ან შვილი მუშაობს და იმათ მოხსნიანო. მაგრამ ნელ-ნელა დავაწყვეთ სიტუაცია. პირველ დღეებში უფრო რთული იყო, მაგრამ ხალხს შიშის სინდრომი თანდათან უქრება, ამაში დიდი როლი თბილისის აქციამ ითამაშა.

"რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოფელში შევესწარით პროცესს, როცა "გლობალ ტვ"-ის თანამშრომლებმა 400 ანტენა დააყენეს. ხალხი გახარებული იყო, რადგან მათთან მარტო "რუსთვი 2" და "იმედი" აჩვენებდა. მეორე დღეს შევედით იმავე სოფელში და 20 ანტენა მოხსნილი დაგვხვდა. ვკითხე ხალხს, რა მოხდა-მეთქი? მორიდებით გვითხრეს - რა ვქნათო, გვეშინიაო, მაგრამ საარჩევნო ურნასთან გაჩვენებთ, რომ ჩვენ ძალიან პატიოსანი ხალხი ვართო. ამ აქციასაც რომ ნახავენ, ადამიანების განწყობა რადიკალურად შეიცვლება.

"ივანიშვილი გაცილებით მეტს გააკეთებს, ვიდრე დაპირებებს იძლევა. ჩვენ ღამეები გაგვითენებია და გვისაუბრია საქართველოს პერსპექტივებზე. მას ისეთი გეგმები აქვს, რომ ორ-სამ წელიწადში ნამდვილი რენესანსი დაიწყება საქართველოში", - უთხრა "რეზონანსს" გოგი თოფაძემ.

დაახლოებით ექვსი საათისთვის სცენაზე კოალიციის ლიდერი გამოჩნდა. ივანიშვილის დაცვას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ჰქონდა დაცული. სცენა ტყვიაგაუმტარი მინით იყო შემოღობილი. რიგით ადამიანებს არ უშვებდნენ კიბეებთან, სადაც ივანიშვილს უნდა გაევლო. თუმცა, პრესის წარმომადგენლებს იქ შესვლაში ხელი არ შეგვშლია. აქციაზე არსად ჩანდა საპატრულო პოლიციის მანქანები. პროცესს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლის ტექსტი სამძიმრით დაიწყო და ქუთაისში პარლამენტის შენობის ჩამონგრევისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. იგივე მიზეზით, ბერა ივანივშილმა "ქართული ოცნების" ჰიმნი აღარ შეასრულა და იმერლებს კონცერტის ჩატარებას მომავალში დაჰპირდა.

ბიძინა ივანიშვილმა იმერეთის რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა; ქუთაისში - გუბაზ სანიკიძე, ზესტაფონში - გოგი ქავთარაძე, ტყიბულში - ელისო ჩაფიძე, ბაღდათში - არჩილ კბილაშვილი და ხარაგაულში - ნოდარ ებანოიძე.

კანდიდატების წარდგენის გარდა, კოალიციის ლიდერმა პოლიტიკური პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. შეკრებილი ხალხის განსაკუთრებული ოვაციები კომუნალური გადასახადების შემცირებისა და პენსიების გაზრდის დაპირებას მოჰყვა.

"ესაა ლაპარაკი არ იცისო? მშვენიერი მოსაუბრე კაცი ყოფილა", - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

ივანიშვილმა არც ძველი "ქურდული" ტრადიციების მქონე ქალაქის განწყობა დაივიწყა და აღნიშნა, რომ არ დაუშვებს "კანონიერი ქურდები" "ქურდად მომჯდარმა" ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს". მისივე განმარტებით, "საქართევლოს პირველი პირი საკუთარ ახირებებს ჩვენი ბიუჯეტის ფულით ისრულებს და იმ ფულს ხარჯავს, რომელიც მეგობარმა ქვეყნებმა საქართევლოს ომისშემდგომი რეაბილიტაციისათვის გამოუყვეს. ეს თანხა კი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასასტუმრებელია".

ქუთაისის აქცია სერიოზული ექსცესების გარეშე დასრულდა. კოალიციის ლიდერმა გურული მხარდამჭერები 17 ივნისს ოზურგეთის ცენტრში მიიწვია.

10 ივნისის აქციის მომზადების პროცესს, წინ იმერეთის რეგიონში მასიური დაკითხვები უძღოდა. პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებდა, რომ სხვადასხვა რაიონებიდან 30-ზე მეტი აქტივისტი პოლიციის შენობებში იყო დაბარებული. მისივე განმარტებით, რაონებში სადაც "ქათრული ოცნება" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, მოგვიანებით ადგილობრივი საკრებულოების და გამგეობების წარმომადგენლები მიდიოდნენ და ხალხს აქციაზე წასვლას უშლიდნენ.

იმერეთის სამხაერო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეინაბ ხაჩიძემ კი ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო.

"ჩვენი რაიონიდან დაახლოებით 800 მანქანაა წამოსული და შეფერხება არ გვქონია, მაგრამ ერთმა ზესტაფონელმა ქალბატონმა მითხრა ჩვენ არ გამოგვატარესო, ორი სამი მანქანით როგორც იქნა გამოვიპარეთო. რაიონში ფარული ზეწოლები არის, მაგრამ ხალხს ამის აღარ ეშინია. აქვს ამ ადამიანის იმედი. ფული იშოვა თუარ იშოვა, გაჭირვებაში გაზრდილი კაცია და გლეხის პატივისცემა ყოველთვის ექნება და უბრალო ადამიანს ყოველთვის დააფასებს, ამის იმედი მაქვს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გივი ბაქრაძემ ჩვენთან საუბარში.

აქცია დაახლოებით 7 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეები ნელ-ნელა იშლებოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ - ქუთაისში ერთად შეკრებილი ამდენი ხალხი არ გვახსოვსო.

უხეში გათვლებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 30-40 ათასი იყო.