რეზო ჭეიშვილი:

რეზო ჭეიშვილი: "სააკაშვილი ოპოზიციაზე ჭკვიანია"

"ხშირად მეკითხებიან, რა ხდება თქვენს ცხოვრებაშიო, - მეტი ხელობა არ მაქვს, ავად თუ კარგად, მწერლობას ვემსახურები. ჰოდა, მეც ვწერ... იცით, სკოლა რომ დავამთავრე, სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ იმ წელს შეწყდა მიღება. სამსახიობოზე არ მინდოდა და არც მიცდია, რადგან ვიცოდი, არ მოვეწონებოდი, თუნდაც ჩემი ხმის გამო. ამიტომ ფილოლოგიურზე ჩავაბარე და მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ვწერ", - იხსენებს მწერალი რეზო ჭეიშვილი. წიგნებით სავსე ოთახში, ასევე წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებითა და ფურცლებით სავსე მაგიდასთან ვსხედვართ. მიბოდიშებს, არეულ-დარეულია აქაურობა, მაგრამ ჩემთვის ეს არის დალაგებული და ამიტომ ხელს არავის ვაკარებინებო. დღევანდელობაზე მინდა ვესაუბრო. ვიცი, მწერალს პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ პოლიტიზებულ რეალობაში ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით. მით უმეტეს, რომ ქუთაისიდან ახალი დაბრუნებულია, ახალი პარლამენტი იხილა და ინტერესის გამო ესტუმრა კიდეც...

- ძალიან აჭრელდა ყველაფერი, ორივე მხარე იმას ამტკიცებს, რაც უნდათ. გვზღუდავენო, ოპოზიციამ, რაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ლანძღვა-გინებაა, მგონი, შევარდნაძესაც არ დასიზმრებია. არც ერთმანეთს აკლებენ ხელს და ვერ გავიგე, ვინ რაში ზღუდავს. საბჭოთა პერიოდში რამე ახალი რომ შეგვექმნა, იდეოლოგიური განყოფილების "ცეკას" მდივნის, სუსლოვის თანხმობა გვჭირდებოდა. ყველა რესპუბლიკას ჰყავდა თავისი იდელოგიური მდივანი. როგორც მოსალოდნელი იყო, ის წყობა დაიშალა, აღარც სუსლოვია და აღარც სხვა უბედურებები, მაგრამ არც კითხვაზე იკლავს ვინმე თავს. წერე და იკითხე, რამდენიც გინდა. ჩემ გარშემო მართლაც ხშირად ლაპარაკობენ შეზღუდვაზე, მაგრამ მე არავინ მზღუდავს და არ ვიცი რატომ, ალბათ არავის ვაინტერესებ?.. ახლა ლიტერატურულ ჟურნალ "მწვანეყვავილას" განახლებაზე ვმუშაობ, რომელიც ოდნავ შეცვლილი ფორმატით მინდა გამოვცე, იმედია, გამომივა. ერთი ჩემი მოგვარე და მეგობარი იყო, უნიჭიერესი ადამიანი, ჭელიას ვეძახდი. მასზე მინდა დავწერო, ჭელია ბლოკი დავარქვი. არ მინდა, ასეთი ადამიანები უკვალოდ დაიკარგონ... ასეთი რაღაცებით ვარ დაკავებული, იმიტომ, რომ, ჩემი საქმე წერაა და მეც ვწერ.

- თუმცა ალბათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებაც არ გრჩებათ ყურადღების მიღმა...
- ინტერესს მიღმა არ მრჩება, ყველაფერში პოლიტიკაა და გინდა თუ არა, თვალში გჩრიან, ამან ეს თქვა, იმან ეს თქვაო. გაზეთს ვერ გადაშლი, ლანძღვა-გინება არ ეწეროს. თუ არ წერია, არც იყიდება. ამ დღეებში ის ამერიკელი ქერა ქალი, ჰილარი რომ ჩამოვიდა, ერთი თვით ადრე ვიცოდით...

- ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ეს ჩვენი წარმატებული პოლიტიკური კურსის დამსახურებააო...
- კურსის კი არა, დროის. კურსი არაფერ შუაშია, წარმატება მით უმეტეს. ჩვენამდე სომხეთში ჩავიდა. დავიჯერო, სომხეთზეც გიჟდება? ასე მიიჩნევენ საჭიროდ და იმიტომ დადიან. მსოფლიო ხორუმში ჩვენ ერთი პატარა რგოლი ვართ, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული და სხვასავით დინებას მიჰყვება. უბრალოდ, თუ ვინმეს სხვაზე მეტად ვაინტერესებთ, ეს ჩვენი ქვეყნის მდებარეობის დამსახურებაა და არა მთავრობის. უცხოელი კიდევ, რა საქმეზეც უნდა იყო ჩამოსული, ხინკალსა და ხაჭაპურზე უარს მაინც ვერ ამბობს. ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს, მეორედაც მიირთმევს. განსაკუთრებით საქართველოს მთები და ჩვენი ცხოვრების წეს-ჩვეულება აინტერესებთ. მაგალითად, არ შეიძლება სათაფლიის მიმართ ადამიანი გულგრილი დარჩეს. ის მღვიმეც ძალიან მოსწონთ, სააკაშვილმა "ამირანის გამოქვაბული" რომ დაარქვა... იმედია, იმ სანატორიუმებს არ დაანგრევენ, სასტუმროებად გადააკეთებენ და იქაურობა მალე გამოცოცხლდება, რადგან ქუთაისს შეუერთებენ. გზები მოწესრიგდება. ინფრასტრუქტურას რომ ეძახით დღეს ახალგაზრდები, ის სფეროც გაკეთდება. პარლამენტის გადმოტანის შემდეგ ქუთაისი სხვანაირი ქალაქი იქნება. პარლამენტში მის გახსნამდეც ვიყავი შესული. ბევრი ნივთის დანიშნულება ვერ გავიგე და ამით მივხვდი, რომ ყველაფერი თანამედროვედ იყო გაკეთებული.

- ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აზრით, სააკაშვილმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ თბილისში არ უყვართ...
- ამას იმიტომ ამბობენ, რომ ხვდებიან, სააკაშვილი მათზე გაცილებით ჭკვიანია. აფხაზეთის დაბრუნება შორეული პერსპექტივაა და ამიტომ ცდილობს, რაც გვაქვს, ის მაინც გააკეთოს... ამბობენ, 27 მაისს თითქმის მთელი საქართველო იყო გარეთო, მაგრამ რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით იმ დღეს დიდი პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყოლია. ქართველი ხალხი არ არის ისეთი, რომ რაღაცას თვეობით, ან წლობით ელოდოს, მით უმეტეს, რომ ჩასძახი, გაუსაძლისი პირობებიაო. გარდა ამისა, ჯერჯერობით არც ივანიშვილია ის კადრი და არც მის გარემოცვას შესწევს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და სააკაშვილის ადგილი დაიკავონ. ისე, მადლია ამ კაცის გამოჩენა იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც ხან აღმა დადიოდა და ხან დაღმა. დავიწვი მათი საცოდაობით, კიდევ კარგი, იპოვეს ერთი, ყველანაირი გაგებით სტაბილური გარემო და დაისვენეს. მანამდეც ენას აჭარტალებდნენ და ახლაც იმავეს აკეთებენ, ოღონდ ახლა იმდენს, რამდენსაც ეტყვიან.

- ვის გულისხმობთ, ბატონო რეზო?
- ენაჭარტალა პოლიტიკოსებს... ფულით და ასეთი გარემოცვით ამ ხელისუფლების შეცვლა არარეალური მგონია. რასაც ივანიშვილი თავის საარჩევნო კამპანიაში ხალხს ჰპირდება, ხელისუფლება უკვე თავად აკეთებს. ხალხს კი, იცით, რა მალე ავიწყდება ცუდი. ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ მასის აზროვნება ასეთია.
პირადად მე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დღემდე მისით მიდგას სული. მეც და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებსაც, მაგრამ მისი პოლიტიკაში მოსვლით ბევრი არაფერი იცვლება. გულიც კი მწყდება ამაზე. არ მინდა, ჩემი საყვარელი ხალხი კიდევ ერთხელ დარჩეს იმედგაცრუებული.

- შემოქმედი ადამიანების ხელისუფლების ამ ოპოზიციის მხარეს დგომა ტენდენციად იქცა. თქვენთვის გვერდში დგომა არავის შემოუთავაზებია?
- არა, თუმცა პოლიტიკა მათზე კარგად ვიცი. მათ იციან, პოლიტიკის მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს და ამიტომაც არ შემომთავაზეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ასაკში არ ვარ, ზოგიერთივით მიტინგზე გამოვიდე. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვწერ და ამით კმაყოფილი ვარ!.. სიახლეები, ცვლილებების სურვილი და მოძრაობა კარგია, მაგრამ არ მომწონს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურა არ იზრდება. დიპლომატიიდან თუ ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულ ადამიანს პოლიტიკის კეთებად თავისი ლიდერის ქება მიაჩნია და მოწინააღმდეგესთან დებატების დროსაც ამ არგუმენტს "იყენებს". არადა, ვამბობთ, ლიდერის სინდრომი გვღუპავსო და მაინც ასე ვაკეთებთ. რომც შეიცვალოს ეს ხელისუფლება, ეს იქნება ლოგიკური სვლა დროში და არა პოლიტიკური ცვლილება. თუ დიდ პოლიტიკაში გადაწყდა, მოვა ივანიშვილი, თუ მიშა იმაში გამოსწორდა, რაზეც დასავლეთი მიუთითებს, შეიძლება კიდევ ერთი ვადით დარჩეს.

- დემოკრატიას გულისხმობთ?
- დემოკრატიას ისინი გლობალიზაციას ეძახიან. მათ უნდათ ყველა ქვეყანაში ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ერთნაირი რწმენა ჰქონდეთ, ან საერთოდ არ ჰქონდეთ. ცხადია, ეს არ არის კარგი, ამიტომაც ეშინია მიშას და ცდილობს შეფუთულად, ნელ-ნელა შემოგვაპაროს, ისე, რომ საზოგადოების მწვავე რეაქცია არ გამოიწვიოს.

- ბოლო დროს ხელისუფლებამ ტელევიზიების მიმართაც გაილაშქრა, დაახარისხეს, ვინ რას უნდა უყუროს...
- კი ამბობენ ასე, მაგრამ მე ის უფასო "თეფში" დამიდგეს ქუთაისში და კაციშვილი არ მოსულა იმის სათქმელად, რატომ დააყენეო. დავიჯერო, ჩემი მოერიდათ?.. რაში გამოიხატება ტელევიზიების შეზღუდვა?! ორივე მხარე ერთმანეთს გამალებული ლანძღავს და სად არის აქ შეზღუდვა. ან თუ ასეა და ოპოზიციურ ტელევიზიებს ვინმე ავიწროებს, როგორც ბოლო დროს გვეუბნებიან, "საერთაშორისო საზოგადოებაზეც გვაქვს წვდომაო", აუხსნან მათ ამის შესახებ, უცხოეთთან კავშირი ახლა მეგობრის სახლში დარეკვასავით არის.

- ბატონო რეზო, თანამედროვე მწერლების ნამუშევრებს კითხულობთ?
- კი, როგორ არა. როსტომ ჩხეიძის "ქართულ მწერლობას" ვკითხულობ. ვიღაცებს არა უშავთ, მაგრამ დიდი ნიჭიერების მოზღვავება არ იგრძნობა. ეს ყველაფერი უფრო მოდის აყოლაა, ვიდრე რაიმე ახლის ძიება... თქვენ ვის დამისახელებდით თანამედროვე ნიჭიერ ქართველად?

- დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს...
- რა გითხრათ, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ მე მათ ვერ ვანსხვავებ. ერთი დონეა. შეიძლება მეშლება, მაგრამ მათგან რაიმე ახლის დამკვიდრების პოტენციალს ვერ ვხედავ. იმ ბიჭზე მეცინება, ბერეტი რომ ახურავს და ცალთვალმოჭუტული რომ კითხულობს ლექსებს ორიგინალობისთვის. გვარი არ მახსოვს და არც მინდა გამახსენოთ... იცით, ქართულ პოეზიაში გალაკტიონი რომ შემოვიდა, ისეთი ფონი ჰქონდა, მართლა ბუმბერაზი უნდა ყოფილიყო, რომ მათ შორის არ ჩაკარგულიყო. ტიციანი იყო, მანამდე "ცისფერყანწელები" იყვნენ. მაშინ, როცა ცენზურა იყო, ადამიანს მეტი სტიმული ჰქონდა, რაღაც "ისეთი" გაეპარებინა, ალეგორიულად უტევდა რეჟიმს, ადამიანის ცნობიერებას. ახლა სექსსა და აღვირახსნილობას ურევენ ხელოვნებაში, რომ განსხვავებულის, თამამისა და ორიგინალურის იმიჯი დაიმკვიდრონ. ეს დაბალი დონეა.

ტელევიზორს მხოლოდ მაშინ ვუყურებ, როცა ქუთაისში ვარ. ისიც იმიტომ, რომ იქ რუსულ არხებს აჩვენებს და რაღაც საინტერესო გადაცემას ვიპოვი. ზოგჯერ საინფორმაციო გამოშვებებსაც შევხედავ, მაინტერესებს, რას ამბობს საქართველოზე "ორი კალათბურთელი", პუტინსა და მედვედევს ვეძახი ასე... აქ კი ყველგან ცეკვა-თამაშია, სახელისუფლებო არხებზე ქვეყანა შენდება, ოპოზიციურზე - ინგრევა. შუაში მაინც ვიყოთ... ჰგონიათ, რომ ამით ხელისუფლებას ებრძვიან, არადა, პირიქით იქცევიან, მის წისქვილზე ასხამენ წყალს.

ყველაზე ცუდად ტელევიზიებს აქვთ საქმე, - იუმორიც კი ისეთი მდარე აქვთ, სიცილი კი არა, ტირილი მოგინდება. ამას წინათ ვუყურებდი რომელიღაც სახელისუფლებო არხზე, ვითომ ქუთაისური იუმორით ამბობენ რაღაცას, ჭიჭიკიას და ბიჭიკიას ახსენებენ. რაღა დროს ისინია. იდიოტობაა ეს. საბედნიეროდ, 50 წლის წინაც არ ხუმრობდნენ ასე ქუთაისში. ძალიან განათლებული და მაღალი დონის თაობა მოვდივართო, გაიძახიან და 50 წლის წინანდელ იუმორზე იციანიან. სხვათა შორის, ადამიანის იუმორით მისი დონე და განათლებულობა განისაზღვრება. ეს უინტერესობის ბრალია. კითხვა არ უყვართ ახლანდელ ახალგაზრდებს და ამიტომაც ჯერდებიან "უბნის იუმორს".

- თანამედროვე კინოზე რას იტყვით?
- სად არის კინო?

- "ვეფხისტყაოსნის" გადაღება დაიწყეს...
- თანამედროვე კინოები რაც ვნახე, ნარკომანიასა და ძველბიჭობაზე იყო აგებული, ამის იქით ვერ წავიდნენ. არ ვიცი, ვინ შეეჭიდა "ვეფხისტყაოსანს", მაგრამ ასეთი ბუმბერაზი ნაწარმოების გადაღებამდე ხარისხიანი "ხუთკუნჭულას" გადაღება უნდა შეძლო. 50-იან წლებში მსახიობმა კოტე მიქაბერძიემ სცადა საცდელი ვერსიის გადაღება. "ქაჯეთის ციხის" აღების სცენა იყო. მაგრამ ეს კაცი მსახიობი იყო და რეჟისორობა დიდად არ გამოსდიოდა, არც ეს მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული.

- ახლაც "ქაჯეთის ციხის" აღების სცენარია...
- სწორად მოქცეულან, ქაჯებში გვიწევს ცხოვრება და იქნებ, გამოუვიდეთ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე კი, ყველანაირ მცდელობას მივესალმები, ოღონდ ყველაფერს ზომიერება სჭირდება.