ძალიან კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, რადგან მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ უნდა მოხდეს არც 2024 წელს და არც არასდროს

ძალიან კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, რადგან მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ უნდა მოხდეს არც 2024 წელს და არც არასდროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არც 2024 წელს უნდა მოხდეს და არც არასდროს. როგორც ოქრიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შერეული სააჩევნო სისტემა საქართველოსთვის საუკეთესოა.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ მაჟორიტარული არჩევნები არ ვარგა და აზიანებს ჩვენს ქვეყანას, მაშინ რატომ უნდა გადავდოთ 2024 წლისთვის? მოსახლეობასაც იგივე კითხვა უჩნდება - თუ აღარ ვარგა ეს მაჟორიტარული სისტემა, თუ ჩვენ არ ვარგივართ და ქვეყანას უკან ვწევთ, მაშინ რატომ უნდა გადავდოთ 2024 წლისთვის? მე არც 2024 წელს ვუყურებ დადებითად მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ნეგატიური შეფასება მაქვს. მე ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა მოხდეს გადასვლა პროპორციულ სისტემაზე და არ უნდა მოხდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. წინა კვირას მოლდოვას პარლამენტმა, სადაც დღეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, პირველი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდნენ პროპორციულიდან შერეულ სისტემაზე. სრულად მაჟორიტარული სისტემაა აშშ-ი, საფრანგეთში და აქედან არაფერი გავითვალისწინოთ? აღმოჩნდა, რომ მარტო საქართველოა ისეთი ქვეყანა, სადაც მაჟორიტარები აზარალებენ ქვეყანას. რაღაც თამაშია და ეს მე არ მომწონს. მე ვთვლი, რომ შერეული სისტემა დღეს საქართველოსთვის საუკეთესოა და მომავალში თუ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავალთ, იქნება უკეთესი, რათა შემთხვევითი ხალხი არ მოხვდეს პარლამენტში", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს მოქმედი კონსტიტუცია არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

"თუკი ქვეყნის ინტერესები ზარალდება, თუ გინდა საკონსტიტუციო ცვლილებებიც ჩავარდეს, კახა ოქრიაშვილიც ჩავარდეს და ყველაფერი ჩავარდეს. უზენაესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩავარდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, მე არ მაინტერესებს, ძალიან კარგი იქნება თუ ჩავარდება, რადგან მე მხარს არ დავუჭერ თუ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ პარლამენტის არჩევის ნაწილში კონსტიტუცია უნდა დარჩეს ისე, რა სახითაც არის დღევანდელი კონსტიტუცია. დანარჩენ ცვლილებებს მე ვეთანხმები და ამ ცვლილებებზე მუშაობაში აქტიურადაც ვიყავი ჩართული. საარჩევნო სისტემა არის ცენტრალური საკითხი, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის",- აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი მსჯელობს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება 2020 წლიდან მოხდეს, თუ 2024 წლიდან.