საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დაწყებას

საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დაწყებას

მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის სახელზე, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ერთობლივი წერილი მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ საქმეზე გამოძიების დაწყებას.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორაგნიზაციების ერთობლივი წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

ამასთან, წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ საქმეზე გამოძიების დაწყებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მთავრობის წევრებმა და აღნიშნეს, რომ პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოს ინტერესშია პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

ამასთან, მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები თავად ადასტურებენ, რომ საქართველოს დამკვიდრებული აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების დამცველი ქვეყნის რეპუტაცია.

პრემიერ-მინისტრმა მის საჯარო განაცხადებაშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთული გზა გაიარა ამ რეპუტაციის მოსაპოვებლად და საქართველოს ხელისუფლება არაფრის ფასად დათმობს ამ მონაპოვარს. მისი თქმით, გაკეთდება ყველაფერი, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.