კოდორის და ლაფანყურის სპეცოპერაციების ავტორებისგან, უხერხული და მიუღებელია რაღაც სახის სპეცოპერაციებზე საუბარი

კოდორის და ლაფანყურის სპეცოპერაციების ავტორებისგან, უხერხული და მიუღებელია რაღაც სახის სპეცოპერაციებზე საუბარი

აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელსაც დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ, საზოგადოების კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, თუმცა კოდორის და ლაფანყურის სპეცოპერაციების ავტორებისგან, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და მიუღებელია რაღაც სახის სპეცოპერაციებზე საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება უნდა დასრულდეს, თუმცა აჯობებს „წინა ხელისუფლების წევრებმა საკუთარი წარსული გაიხსენონ“.

„თუ გარკვეულ საკითხებზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და გასარკვევია რა და როგორ მოხდა, ლაფანყურთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი გარკვეულია და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ როგორ გაიმეტა საკუთარი თანამოქალაქეები, საკუთარი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები ყოფილმა ხელისუფლებამ. იმ ხელისუფლებაში თქვენ ბრძანდებოდით ბატონებო, რომლებიც ასე უაპელაციოდ უთითებთ გარკვეული თითქოსდა შემდგარი სპეცოპერაციების შესახებ, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება აუცილებლად უნდა დასრულდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, მაგრამ ჯობია საკუთარი წარსული გავიხსენოთ, როცა დღევანდელობას და მომავალს ვაფასებთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.