იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ მუხთარლის საქმეს

იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ მუხთარლის საქმეს

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოფენენ აფგან მუხთარლის საქმეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სოფიო კილაძე სიტყვით გამოსვლისას ორ საკითხს - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და ქართველი მფრინავის სოსო ოსურაულის საქმეებს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო ორ საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან. პირველი - ეს არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე. ეს საქმე ძალიან მგრძნობიარეა, როგორც ქვეყნისთვის გარეთ, ასევე ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჩვენ არანაკლებ გვტკივა გული იმ საკითხზე, რომელიც ვხედავთ, რომ არის და იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ისმის საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. ჩვენი, როგორც ხელისუფლების როლი, ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, მაქსიმალურად გონივრულ ვადებში მოეფინოს ნათელი ამ საქმეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ ამ საქმეს, პასუხს გასცემენ ყველა კითხვის ნიშანს, რომელიც ისმის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების ინტერესი, რომ გამოძიებულ იქნას ეს საქმე და მართლაც მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები და პირველ რიგში, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო ნათელს მოფენს ამ საქმეს“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, ქართველი მფრინავის სოსო ოსურაულის საქმე ძალიან მტკივნეული თემაა, რომლიც ხელისუფლებას არანაკლებ აწუხებს.

„ჩვენი ქვეყნის შვილი, ჩვენი მოქალაქე სადღაც არის თუ არ არის, არ ვიცით ჯერ კიდევ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველგან დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ამ საკითხზე. ჩვენი ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ადვილი ისეთ ქვეყანაში, სადაც რამდენი წელია ნამდვილად ქაოსია, მოძიებულ იქნას ადამიანი, დადგინდეს მისი ნამდვილი ადგილმსაყოფელი და მოხდეს მისი საქართველოში დაბრუნება, თუმცა გარწმუნებთ, რომ ჩვენი დიდი სურვილი და პირველ რიგში, ვალდებულებაა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ სადაც არ უნდა იყოს ის მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენ ძალებშია, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს საქართველოში. თუ ნამდვილად არის რაიმე შესაძლებლობა და ჩვენ რაღაც დავაკელით, ამ შემთხვევაში ღია ვართ ყველანაირი კონსულტაციისთვის, როგორც ოჯახთან, ასევე თქვენთან და ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.