კახა კალაძესთან მიმართებაში თქვენ დაგავიწყდათ სხვა მისი “საგმირო საქმეები“, მაგალითად, „გაზპრომთან“ მოლაპარაკება და ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც არც კი წაგაკითხათ, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამანტო უმრავლეობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კალაძეს ისე იცავენ, რომ დღემდე არ აქვთ წაკითხული „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.
„იქნებ ოდესმე წაიკითხოთ და ნახავთ იქ, კიდევ რა „საგმირო საქმეები“ აქვს გაკეთებული. ასევე ყველას ახსოვს ფეხბურთის ფედერაციის საქმე. კარგია, თბილისი გაიცნობს კიდევ უფრო მეტად, მაგრამ თქვენი „საგმირო საქმეები“ არ მთავრდება მხოლოდ ახალგაზრდების დაკავებით. ბოლო კვირების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც საერთაშორისო რეზონანსიც გამიწვია, არის მაინც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამბავი. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის ცენტრში თავზე ტომარა გადააცვეს, გაიტაცეს და მეორე დღეს ის აღმოჩნდა სხვა ქვეყნის ციხეში“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და ახლა უკვე სრულიად ცხადი გახადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამარცხვინო საქმე და სამარცხვინო სახე“.
„ეს სახე თანდათანობით ცნობილი ხდება საერთაშორისო მასშტაბითაც და სამწუხაროა, რომ ამან ძალიან დააზიანა ქვეყნის საერთაშირისო იმიჯი. სანამ ეს საქმე არ არის გამოძიებული, მინდა გითხრათ, რომ მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა. მეტიც, ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას გაქვთ გადაფარებული ეს ტომარა და საით მიგაქანებენ დღეს თქვენ, არც ერთმა არ იცით. ეს არის ყველაზე სამწუხარო ფაქტი. რაც მთავარია, თეორიულადაც კი არ არსებობს შესაძლებლობა, რომ გაამართლო დღეს რაიმე მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. რა უფრო უარესია თქვენთვის და საქართველოსთვის კაცმა არ იცის - ის, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს ადამიანი თბილისის ცენტრიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური, ჩამოშლილია შსს და ეს ნიშნავს იმასაც, რომ არ არსებობს ქვეყნის იმიჯი. რაც ჩვენ მაღალი ალბათობით ვიცით და ყველასთვის უფრო და უფრო ცხადი ხდება, ეს არის რეალურად ის, რომ ეს ადამიანი ქვეყნის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და გადასცეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს კიდევ უფრო მძიმეა. შემდეგ დღეებში არის უბრალოდ შეურაცხყოფა, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. როდესაც ვიცე პრემიერი ამბობს, რომ ის არ არის ჟურნალისტიო, ეს არის საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური შეურაცხყოფა და ამას აკეთებს განათლების მინისტრი. სრულიად ამაზრზენია და უბრალოდ ფარისევლობაა, რაც შემდეგ გააკეთა პრემიერმა, როდესაც თითქოს თავშესაფარს აძლევდა ამ ადამიანებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დანაშაული, რომელსაც არ შეარჩენს არც ქართული საზოგადოება და არც საერთაშორისო საზოგადეობა, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გააკეთოთ ყველაფერი, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული“, - განაცხადა რატიანმა.