კახა კალაძე მუსიკოსებისათვის ნარკოტიკების ჩადების გამო გამოწვეული პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შეეცადა

კახა კალაძე მუსიკოსებისათვის ნარკოტიკების ჩადების გამო გამოწვეული პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შეეცადა

ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა მავანი შეიძლება იყოს დაუსჯელი ფორმიანი პოლიციელის ცემის შემთხვევაში და დაისაჯოს, თუკი მთავრობას სიმღერა არ მოეწონება - აქედან საბჭოთა კავშირამდე ერთი ნაბიჯია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკის შეფასებით, ვიცე-პრემიერი, ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე მუსიკოსებისათვის ნარკოტიკების ჩადების გამო გამწვეული პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შეეცადა.

”ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების მეხსიერება არ არის მოკლე. კარგად გვახსოვს, 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როცა ერთ-ერთ დელეგატს სწორედაც რომ ნარკოტიკი ჩაუდეს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ გავლენა და ეს დელეგატი - ბატონი გობეჯიშვილი არჩევნების დამთავრების მერე გაათავისუფლეს. იმ მოვლენების ყველა მონაწილე ამის ორგანიზატორად სწორედ კახა კალაძეს მიიჩნევს. ასევე კარგად გვახოვს კალაძეს ახლო და თბილი დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან. რად ღირს თუნდაც კანონიერი ქურდის ”რემენას” აეროპორტიდან გაუჩინარების ისტორია. მას სახელმწიფოს საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს და კამერებმა დააფიქსირეს, რომ კანონიერი ქურდი სწორედ კალაძის ბიზნესპარტნიორმა გამოიყვანა. არც კორცხელი დაგვიწყებია - კალაძის როლი იმ ძალადობრივი და ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებაში. როცა გიორგი კვირიკაშვილი პოლიციის ავტორიტეტზე სწუხს, ჯობია, ზემო ეწერის განყოფილების თანამშრომლებს ჰკითხოს, რამდენად გრძნობენ დაცულად პოლიციის ავტორიტეტს მთავრობისაგან, როცა კორცხელის ძალადობისგან ერთი წლის შემდეგაც არ არიან დასჯილი ის პირები, ის კრიმინალები, რომელთაც პოლიციის ოფიცერი ცემეს”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.