მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თარიღთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლეობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების თარიღთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ 13 ივნისს უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციები გამართა. მისი თქმით, უმრავლესობაში თანხმდებიან, რომ არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება.
„ჩვენ პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით აუცილებლად შეიცვლება. უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა აერთიანებს და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე გამოვა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის მაჟორიტარულ მოდელთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა, რომ მაჟორიტარული სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ 2024 წლისთვის შეიცვლოს, თალაკვაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, თუმცა ის, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება, ამაზე შეთანხმება მიღწეულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერმა ე.წ. ბონუსის სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას „საუკეთესო ევროპული პრაქტიკის“ გათვალისწინებით მიიღებენ.
„ვმსჯელობთ, როდის გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, თუმცა შეთანხმება მიღწეულია, რომ უფრო დემოკრატიულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. თუ იქ იქნება საუბარი ბონუსის სისტემის შემოღებაზე, ჩვენ ამას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით გავაკეთებთ. სავარაუდოდ, ეს ზღვარი იქ უნდა გადიოდეს, როცა პარლამენტი მაღალი კვალიფიციური წარმომადგენლობით იღებს გადაწყვეტილებებს. ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.