გიორგი კვირიკაშვილმა წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის სამედიცინო ცენტრი და ახლად გახსნილი კლინიკა დაათვალიერა

გიორგი კვირიკაშვილმა წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის სამედიცინო ცენტრი და ახლად გახსნილი კლინიკა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის სამედიცინო ცენტრი და ახლად გახსნილი კლინიკა დაათვალიერა.

კვირიკაშვილთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული კლინიკა ისტორიული მნიშვნელობისაა.

“ამ ადგილას ყოველთვის იყო მრავალპროფილიანი კლინიკა, რომელსაც დიდი ტრადიციები ჰქონდა. მოხდა ისე, რომ ამ კლინიკისგან არაფერი იყო დარჩენილი, გარდა ბეტონის საყრდენებისა. კლინიკას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აღიჭურვა ტექნიკით, დაახლოებით ათი მილიონის ინვესტიცია ჩაიდო. აქ შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვნად განიტვირთოს რისკები, რომელიც არის ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებით. ვგულისხმობ, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა საკითხს, ასევე გადაუდებელი და გეგმური სერვისების საკითხს. მიხარია, რომ ეს ისტორიული ადგილი ისევ ფეხზე დადგა და ისევ ვითარდება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.